ქუთაისის თვითმმართველობამ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ცნობით, 6 თებერვალს მოსული უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა ვაკისუბნის, ნიკეას, კახიანოურის, ძელქვიანის, საფიჩხიისა და გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულებში.
დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
“ქუთაისში, 6 თებერვალს, გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. თვითმმართველობაში შეიქმნა კომისია და აღირიცხა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი. უკვე დავიწყეთ მოსახლეობისთვის გადახურვისთვის საჭირო მასალის გადაცემა, პროცესი გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღების გარეშე არ დარჩება დაზარალებული არცერთი ოჯახი”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.