ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2024

მამუკა არეშიძე – “პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო”
რატომ გაჩნდა მმართველ პარტიაში „ცუდი მოლოდინი“ – კიდევ ერთი კამპანია სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით
„რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ მოკლეს“ – როინ შავაძის მეუღლე
“ავდეევკის დაცემა, როგორც დასავლური დახმარების შეფერხების პირველი შედეგი – რა მიმართულებით გაგრძელდება რუსების შეტევა”
“მე მინახავს ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მოკვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ“
* * *
მამუკა არეშიძე – “პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო”
“ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის რეჟიმის მსხვერპლია, იმის მიუხედავად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ მოკლეს. ვფიქრობ, ამის გარკვევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან კრემლის რეჟიმი რასაც უნდა, იმას იტყვის, და ექსპერტიზის ისეთ დასკვნას დადებს. ერთი შეხედვით, პუტინს თითქოს არც აწყობდა ციხეში ნავალნის ლიკვიდაცია, რამაც დიდი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ, ასევე ს ისედაც მიწასთან გასწორებული საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო მეტად გააჩანაგა, გააჩინა კიდევ მეტი არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ამბობენ _ ~ჭკუით რუსეთს ვერავინ გაუგებს~. არავინ იცის, როდის რას მოიმოქმედებენ”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო”.
“არ არის გამორიცხული, პუტინისთვის ცოცხალი ნავალნი საფრთხე და გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო, მით უფრო სთან ომით შექმნილ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში, თანაც მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ნავალნი იყო ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთშიც და მის გარეთაც. ამას წინათ პუტინი სერიოზული სახით ლაპარაკობდა და კიცხავდა დასავლეთს ასანჟის ციხეში გამოკეტვის გამო, ისე, თითქოს თვითონ უარესის გამკეთებელი არ იყოს და პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავდეს, თან ამ ყველაფერს ისე უტიფრად ამბობდა. ასეა თუ ისე, პუტინისთვის ნავალნი ნამდვილად გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო… მოსკოვი დასავლეთის პროვოცირებას სხვადასხვა გზით მუდმივად ცდილობს. რომ გადახედოთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, ნახავთ, რა ინტრიგებს ხლართავს კრემლი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად ქვეყანა ურთულეს მდგომარეობაშია, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე მაინც ცდილობენ იაქტიურონ სამხედრო ჩარევით თუ პოლიტიკურად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ასე რომ, პუტინის რეჟიმისგან არც გასაკვირია რამე და არც მოულოდნელი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა, ნავალნის რუსეთში დაბრუნება შეიძლება ვინმემ შეცდომად მიიჩნიოს, მაგრამ საქმე ის არის, ნავალნის დასავლეთში დარჩენა, რუსეთში მისი პოლიტიკური რეიტინგიდან აღარაფერს დატოვებდა. ის ვეღარ იქნებოდა ისეთი დონის პოლიტიკური მოთამაშე, როგორიც სურდა ყოფილიყო. ნავალნი იყო ამბიციური და ემოციური ადამიანი. მაგალითად, მისგან 2008 წლის ომის შეფასება უფრო ემოციური იყო, ვიდრე პოლიტიკიდან გამომდინარე და პრაგმატული. მას სურდა ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში… ეს იქნებოდა ციხეში თუ მის გარეთ, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა სურდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი სამშობლოში დაბრუნება. დაახლოებით იგივე ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმაც, თუმცა ნავალნისგან განსხვავებით, მასზე ამბობენ, რომ თითქოს მოატყუეს. ნავალნი არავის მოუტყუებია, მან ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა, რადგან სურდა რუსეთში პოლიტიკური პროცესების ცენტრში ყოფილიყო, ეს კი დასავლეთიდან არ გამოვიდოდა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მისი რუსეთში ჩასვლა რუსეთის ხელისუფლებისთვის მძიმე მორალური დარტყმა იყო, ერთგვარი გამოწვევა, ჩვენება, რომ არ ეშინოდა რეჟიმის… ეს ანტისახელისუფლებო წრეებში ძალიან დადებითად შეფასდა, მის გარშემო დაიწყო საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია. სხვაა, რომ მათ ვერ შეძლეს უფრო სერიოზულად მოქმედება. ნავალნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში და ჩემი აზრით, მომხდარი ამ ახალგაზრდულ ენერგიას უფრო რადიკალურს გახდის, თუმცა ამ პროცესების მეთაური ჯერ არ ჩანს. ნავალნი მეტად საინტერესო და წინააღმდეგობრივი ფიგურა გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ ის აღიქმებოდა დასავლური, ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების ფლაგმანად, ასევე იყო ნაციონალისტი. ეს უცნაური მოვლენა იყო. მათშიც კი, ვინც მემარჯვენე პოზიციაზე დგანან რუსეთში, ე.წ. ტრადიციონალისტებშიც კი იწვევდა პატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტერი იყო”, – თვლის ექსპერტი.
“უკრაინაში ომის ერთ მიმართულებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება – ეს არის რუსეთის ცდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინული ძალებისგან გაწმინდოს საბჭოთა კავშირის რუკის მიხედვით არსებული საზღვრების ფარგლებში და სრულად დაამყაროს კონტროლი უკრაინის ამ ორ რეგიონზე. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ კრემლის დიდი მიზნები უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის თაობაზე წარსულს ჩაჰბარდა. ავდეევკის საკითხიც სწორედ ამ თემაშია განსახილველი. ეს პატარა ქალაქი შედის დონეცკის ოლქში, ამიტომ ცდილობდნენ მის აღებას რუსები თავგამოდებით, ამდენი ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეწირეს ამას. რაც შეეხება უკრაინელებს, არც მათი დანაკარგია ცოტა. მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ამ ქალაქის პოზიციურად უფრო ადრეც დათმობა. ამის ნაცვლად ავდეევკაში ელიტური ნაწილი შეიყვანეს, რასაც, ჩემი აზრით, შეეწირა ზალუჟნი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არ იყო სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომა, უფრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნის შედეგი მგონია. მანევრული ომის შემთხვევაში, ჩემი აზრით, უკრაინელებს შეეძლოთ უკეთესი მდგომარეობით გამოსულიყვნენ ამ კონკრეტული დაპირისპირებიდან”, – მიიჩნევს მამუკა არეშიძე.
“ამ ომში ყველაფერი ჯერ წინაა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორ მოიქცევა დასავლეთი. დღეს გერმანელები შოლცის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა შეინარჩუნონ. ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა კი ლამის პოლიტიკურ კონიუნქტურას გადააყოლოს უკრაინის დახმარება. ახლა კიდევ დასვენება გამოაცხადა კონგრესმა, რაც უკრაინის დახმარების საკითხის გადაწყვეტას უფრო გააჭიანურებს. რესურსების პრობლემა აქვთ უკრაინასაც და რუსეთსაც, და თუ დროულად არ გადაწყდა უკრაინის მასშტაბურად დახმარების საკითხი, მაშინ პროცესები დასავლეთისთვის ძალიან ცუდად შეიძლება წარიმართოს. კი, რუსეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეიძლება ეს ჯერ კიდევ არ იგრძნობა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც მოსკოვი და პეტერბურგია. თანაც კრემლი პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს ფასადის შესანარჩუნებლად, მაგრამ დანარჩენ რუსეთში როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მორალურად უმძიმესი ვითარებაა”, – განმარტავს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, დღეს ს დე ფაქტო ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ცაიტნოტში არიან. რუსეთს ჰყავს აფხაზეთში წარმომადგენელი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი , რომელიც ვეღარ “ქაჩავს”… თავიდან აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი თბილად შეხვდა მის ჩამოსვლას, როგორც ცნობილი გვარის წარმომადგენელსა და განათლებულ ახალგაზრდას, მაგრამ დღეს მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. ასე რომ, რუსული პოლიტიკა ვერ მუშაობს ისე, როგორც კრემლს სურს. მათ სურთ კოლონიასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ასე არ გამოდის. კოლონია არის ე.წ. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთში კი სხვა ვითარებაა… ვფიქრობ, მათ ნოტას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური სანქციები და ტრანშების დამუხრუჭება. აფხაზეთში ენერგეტიკის პრობლემები ისევ მწვავედ დგას. ტყუილად კი არ იყო ამას წინათ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული და ცდილობდა ეს პრობლემები ჩვენი დახმარებით მოეგვარებინა. რუსებს აფხაზების პოზაში დგომა მოჰბეზრდათ, ხომ ხედავთ, ძებნაც კი გამოაცხადეს ახრა ავიძბაზე, რომელიც რუსეთის გმირია. ავიძბა სრულად პრორუსია, მაგრამ ის, რასაც აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რუსებს ყელში ამოუვიდათ – ბანდიტიზმსა და ფულის შოვნაზეა გადასული. ისინი ფიქრობენ, ეს ურჩი აფხაზები უნდა დავსაჯოთ, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური პროექტები კი განვახორციელოთო”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“იმის თქმა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არ შეიძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად შედეგიანად. უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ საქართველომ რბილი ძალის აქტიურად გამოყენება უნდა დაიწყოს. ეს იქნება სოციალური ქსელები, საინფორმაციო სივრცე, სხვადასხვა ტიპის ყოფილი თუ ახალი კავშირები, მათ შორის ეკონომიკური თუ ადამიანური, თან ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს სისტემურად. ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის პროექტები, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო მეტი მიმართულებით აქტიურობა”, – დასძენს მამუკა არეშიძე.
რატომ გაჩნდა მმართველ პარტიაში „ცუდი მოლოდინი“ – კიდევ ერთი კამპანია სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ს მიერ ს შეწყალებასთან დაკავშირებით “ცუდი მოლოდინი” აქვთ. ენმ კი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს და უკვე გაკეთდა თავად სააკაშვილის მხრიდან აქცენტი იმაზე, რომ რუსეთის ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მსგავსად, ისიც პუტინის დავალებით მოწამლეს. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ნავალნის დაღუპვას ამ კუთხით პიარისთვის გამოიყენებს და შეეცდება პრეზიდენტსა და ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიაღწიოს. თუმცა, საეჭვოა ამან შედეგი გამოიღოს. მათივე შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისაგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრაქტიკულად გამორიცხულია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გაჩნდა მმართველ პარტიაში „ცუდი მოლოდინი“ – კიდევ ერთი კამპანია სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.
“ნავალნის გარდაცვალებაზე ინფორმაციის გავრცელებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. “პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა”, – წერია ფეისბუკპოსტში. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ არ შეიძლება რუსეთის ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შედარება. ამის შესახებ მან “ბლემბერგთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ს კი სალომე ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით “ცუდი მოლოდინები აქვს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამწუხაროდ, მე ცუდი მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებისა – “არა და არასდროს” – მას, სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება აქვს, რომ რაღაც ეტაპზე ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს. როგორც ჩანს, ასეთია მისი მდგომარეობა. ღმერთმა ქნას მეშლებოდეს, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ რაც “არა და არასდროს” თქვა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა – ასეთი რამ არ მითქვამსო. აქ იმაზეც არ დგას საკითხი, მისი პოზიცია სწორია, თუ არა, უბრალოდ დიდი ტყუილია, როცა ამბობ, ასეთი რამ არ მითქვამსო”, – განაცხადა სარჯველაძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მასთან დაკავშირებით კიდევ არსებობს სისხლის სამართის დაუსრულებელი საქმეები, რომელზეც მოსამართლეს მისი უკან ციხეში დაბრუნება შეუძლია. ძაბირაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლებას ისევ სურდეს წინასაარჩევნოდ აქცენტი მიხეილ სააკაშვილზე გააკეთოს და ამით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ოცნება”უკვე 12 წელია ძალიან მარტივ თამაშს თამაშობს – ქართველ ამომრჩეველს აშინებს იმით, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისფლებაში, “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ისევ უკან დაბრუნდებიან. შესაბამისად, არჩევნებს ყოველთვის იგებს. ახლა კი ამ კარტის გათამაშება, რამდენიც არ უნდა ისაუბროს იმაზე, რომ ოპოზიცია ერთიანია და ყველა “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ არის, არ გამოუვა. როგორც არ უნდა იძახონ, რომ გიორგი გახარია, “ლელო” და სხვები არიან “ნაციონალების” ბანაკში, ამას დამაჯერებლობა მაინც არა აქვს. გაჩნდა მინიმუმ ორი ჯგუფი ოპოზიციაში გახარიას და “ლელოს” სახით, რომელთაც საზოგადება “ნაციონალების” გაგრძელებად არ აღიქვამს. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს შიში, რომ ოპოზიციის ისევ ერთ ქვაბში მოხარშვა ვერ მოხდება. ამიტომ სააკაშვილის ერთიან ოპოზიციურ ლიდერად გამოცხადება მათი პიარის ნაწილია. ნავალნი გარდაიცვალა და „ნაციონალები“ რომ ცდილობენ მასსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვან, ასე არ გამოვა. არც ის მგონია, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას”, -აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ძაბირაძის შეფასებით, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელისუფლებას აწყობს. ამით “ოცნებას” სააკაშვილი ხელის გულზე ეყოლება და ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერს. პირველი, ზურაბიშვილი საბოლოოდ გაფორმდება, როგორც “მოღალატე”. მეორეს მხრივ კი, ამით “ოცნების” ამომრჩევლის იმ ნაწილის მობილიზებასაც კი მოახდენს, რომელიც მმართველ პარტიას შემომწყრალი ჰყავს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცდებიან ნავალნის გარდაცვალება თავისი მიზნებისათვის გამოიყენონ. მისივე აზრით, ახლა ენმ-ს საბაბი მიეცა, რომ საზღვარგარეთ თავისი ლობისტები აამუშაოს და მათაც დაიწყონ ინტენსიური საუბრები, რომ პუტინმა მოკლა ნავალნი და შემდეგი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი იყოს”, – დასძენს გამოცემა.
“ეს იქნება მოკლე პერიოდზე გათვლილი ეფექტი, რადგან ყველას შეუძლია ნახოს რა პირობებში იმყოფებოდა ნავალნი, რაც ფოტოების სახით უკვე გამოქვეყნებულია და ასევე ნახონ რა პირობებშია სააკაშვილი. თუმცა, თუ კამპანია აგორდა, ამას მაინც დიდად ყურადღებას არ მიაქცევენ. შეეცდებიან, სადამდეც გაუავათ, იქამდე ამაზე ილაპარაკონ და წერონ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ის ბოლომდე ამ ნაბიჯზე არ წავა. მგონია აცნობიერებს იმ რისკებს, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მის პოლიტიკურ რეიტინგს დაემუქროს. ჯერ ისედაც რა აქვს, მაგრამ რაღაცის დაგროვება ბოლო დროს თითქოს შეძლო და ამასაც დაკარგავს იმ წამიდან, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორეს მხრივ, ამ შეწყალებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება. რაღაცით ხომ უნდა გაამართლოს, თუნდაც ჰუმანიტარული მიზნით. ხელჩასაჭიდი კი არ ჩანს, რადგან სააკაშვილის სიმულიანტობა უკვე გამოაშკარავდა. სააკაშვილზე საქმეებიც ისევ მიდის და მისი ხელმეორედ ციხეში შებრუნებაც ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
„რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ მოკლეს“ – როინ შავაძის მეუღლე
“გასულ კვირას, სამხედრო მზვერავის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები, ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე დააკავეს. სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებულები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ (სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ). ისინი ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობისა და განზრახ უკანონო დაკავების (რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) მუხლებით დაიწყო. ამავე საქმეზე 2023 წლის 27 ივლისს სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირზე დაიწყო”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ მოკლეს“.
“როგორც თავის დროზე ამბობდნენ, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის სპეციალური მედლით დაჯილდოებული სამხედრო მზვერავის მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე და ე.წ. ელიტური სპეცრაზმის თანამშრომლები ფიგურირებდნენ. როინ შავაძის საქმე აქტუალური მისი მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, 2020 წლის 19 ნოემბერს გახდა, როცა 2012 წლის 3 მაისს როინ შავაძის ოჯახისა და მათი უფლებების დამცველი ადვოკატის გაგზავნილ საჩივარზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა და სტრასბურგმა­ საქართველოს სახელმწიფოს ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “შავაძე საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. როინ შავაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ქრონოლოგია ასეთია: 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. 16 აგვისტოს კუდ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაში მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა, და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე შეიგინა და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა”, – განაგრძობს გამოცემა.
“იმავე დღეს კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით ბათუმში კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს. ავტომანქანები აჭარისა და გურიის საზღვართან გააჩერეს, უგონო როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს და ავტომატებით მოკლეს. პროკურატურის ცნობით, შავაძეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულზე 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. როგორც პროკურატურა აცხადებდა, შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, თითქოს მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ეტაპირებისას სცადა გაქცევა, მანამდე კი სპეცდანიშნულების რაზმის წევრს წაართვა იარაღი და ესროლა დამკავებლებს”, – დასძენს გამოცემა.
“როგორც ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობდა, “ოპერაციაში აჭარის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მონაწილობდნენ, რომლებიც თბილისიდან მიღებული დავალებით მოქმედებდნენ. თემურ პატარიძე (აჭარის კუდ-ის უფროსი) შავაძის მკვლელობაში თავადაც მონაწილეობდა. პატარიძე ჩვენებაში ამბობს, შავაძე თბილისში მერაბიშვილის დავალებით გადაგვყავდა, მაგრამ ამის მიზეზი რა იყო, არ ვიციო. ქაქუთში შავაძის მკვლელობას ემთხვევა შემთხვევის ადგილზე მყოფი თემურ პატარიძის ტელეფონიდან დათა ახალაიას ტელეფონზე გაშვებული ზარი”. როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე მიიჩნევს, რომ დაკავებულებმა უნდა თქვან, ვინ გასცა რომას წამების ბრძანება”, – წერს სტატიის ავტორი.
“ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ორი პირი აიყვანეს. როგორ ფიქრობთ, კუდ-ის თანამშრომლები საკუთარი ნებით გადაწყვეტდნენ როინი ქუჩაში აეყვანათ, ეწამებინათ და მოეკლათ? როინის საქმეზე 8 კაცია აყვანილი, 2 იმალება (პატარიძე და არაბული წლებია გაქცეულები არიან) და ახლა 2 დაემატა. ამბობენ, ვიღაცებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ამის საფუძველზე აიყვანეს ინაიშვილი და გვიანიძე. დაკავებულებმა უნდა თქვან, ვინ გასცა რომას წამების ბრძანება. სტრასბურგში საქმე მოვიგეთ, რაც ჩემი ბრძოლისა და ადვოკატის შრომის შედეგია, არასდროს გავჩერებულვარ და სიკვდილის გარდა, ვერც ვერაფერი შემაჩერებს. რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა. რომას კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, არ გაჩერდებოდა, თვალს არ დახუჭავდა, ადგნენ და მოკლეს. კიდევ, მგონია, ის სხვების დასაშინებლად დასაჯეს – აი, ასეთ ვაჟკაცს, ომებში ნაომარს რა გავუკეთეთ, თქვენ ჭკუით იყავით, თორემ ამაზე უარესად მოგექცევითო. წამება და მოკვლა არ აკმარეს, რომას ჩირქიც მოსცხეს – მოკლულს ნარკოტიკი ჩაუდეს და ჯაშუშიც გამოიყვანეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ციცინო შავაძე.
“ყველა ჩართული იყო ამ საქმეში – დაწყებული პრეზიდენტით, მერაბიშვილ-ახალაიებით დამთავრებული. რომ არა ცენტრიდან ბრძანება, ასეთ სისაძაგლეს ვერ ჩაიდენდნენ. ამ საქმეში გიორგი ჩიქოვანის (მეტსახელად “მაიმუნა”, რომელიც თეიმურაზ პატარიძის მარჯვენა ხელი და განყოფილების უფროსი გამომძიებელი იყო, საქართველო 2012 წლის არჩევნებამდე დატოვა) სახელიც ფიგურირებდა, ისიც გაქცეულია. მეგობრები ამბობენ, რომ როინს აგვისტოს ომში ალყაში მოქცეული ხალხი გამოუყვანია, ორჯერ შებრუნებულა, პიკაპით ჯერ დაჭრილები, მეორედ კი მიცვალებულები გამოუყვანია. ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, გაგვწირესო. მზვერავი იყო და როცა წინა ხაზზე იბრძოდა, მაშინ ბიჭებთან უთქვამს, ყველანი შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ, თეთრი და შავი გამოჩნდება, ვერაფერი გამაჩერებსო. გენერლებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ხომ მიატოვეს ჯარი, ვინ რომელ მხარეს გაქცეულიყო, არ იცოდა. ჭორად ის ვერსიაც მუსირებდა, რომელიღაც თანამდებობის პირმა როინს შეაგინა, ამან პასუხი დაუბრუნა და ეს გახდა მიზეზიო… დავუშვათ, მოღალატე იყო, არ ერჩივნათ, ცოცხალი აეყვანათ და უფრო მეტ კვალზე გასულიყვნენ?! მისი აგენტობის ამბავი ისევ იმ ხალხმა დაიჯერა, ვისგანაც შეკვეთა იყო მოსული. ისიც თქვეს, ნარკოტიკები ჰქონდა ჯიბეშიო. ჩხრეკა რატომ არ ჩატარდა, იქნებ ნარკოტიკებით ვაჭრობდა, სახლი გაჩხრიკეს და რამე ნახეს? ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გაკვეთის დროს ადამიანი სუფთა იყო. 20-25 დღით ადრე როინს ამერიკელებმა მისცეს სიგელი მამაცობისთვის, მერე პენტაგონმა მოითხოვა, ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაეგზავნათ აქედან, მაგრამ რას გაუგზავნიდნენ?” – განაგრძობს როინ შავაძის მეუღლე.
“როინს საქართველო უზომოდ უყვარდა, ოჯახის მოყვარული და მორწმუნე ქრისტიანი იყო. ის მკვდარიც ასი თავით სჯობია ჩემს გამამწარებლებს… ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: იმხანად ქუთაისში მსახურობდა. მთხოვა, ქუთაისში ჩავსულიყავი და მისთვის მიწა წამეღო. ძალიან ლამაზი ყვავილი ვიპოვე, მინდა ქოთანში ჩავრგო, არ მინდა გამიფუჭდეს და ჩვენი ეზოს მიწა წამომიღეო. მეც ჩავუტანე. თურმე ერაყში მიდიოდა და თან მიწა მიჰქონდა. ის მიწა წაიღო და უკან ჩამოიტანა. როინი ახლა 52 წლის იქნებოდა… ივლისი ორივეს დაბადების, ჩვენი ჯვრისწერისა და ქორწინების თვეა. მოდის ზაფხული და ჩემი ჯოჯოხეთი იწყება. ყოველ დღე ღმერთს იმას ვეხვეწები, ყველა დაისაჯოს – ვინც წამების და მოკვლის ბრძანება გასცა, ვინც დავალება შეასრულა, ვისაც რამის თქმა ან გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. იმედია, ასეც იქნება”, – ამბობს ციცინო შავაძე.
“ავდეევკის დაცემა, როგორც დასავლური დახმარების შეფერხების პირველი შედეგი – რა მიმართულებით გაგრძელდება რუსების შეტევა”
“შაბათს უკრაინამ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ანალიტიკოსების თქმით, ამას აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური ეფექტი, მაგრამ ქალაქის დაცემა ტრაგედია არაა, რადგან, მთავარია, ოკუპანტების ალყაში უკრაინის დამცველების დიდი რაოდენობა არ ჩარჩეს, რომელთა შორის შესაძლოა ქართველებიც აღმოჩნდნენ. ავდეევკის დაცემა ფრონტზე ამ წლის მთავარი მოვლენაა, რაც, ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთისგან დახმარების შეფერხების პირველი თვალსაჩინო შედეგია. მათივე შეფასებით, ასეთი უკან დახევის მერე არის საშიშროება, რომ არ მოხდეს სლავიანსკი-კრამატორსკის ფრონტის მონაკვეთის ჩამოშლა, რაც საერთოდაც კატასტროფა იქნება, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ავდეევკის დაცემა, როგორც დასავლური დახმარების შეფერხების პირველი შედეგი – რა მიმართულებით გაგრძელდება რუსების შეტევა”.
“ქალაქიდან ჯარების გაყვანის დაწყების შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა ალექსანდრ სირსკიმ შაბათს გააკეთა. “ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ… ავდეევკას მაინც დავაბრუნებთ”, – აღნიშნა სირსკიმ. მანამდე, სირსკიმ ავდეევკის დასაცავად ქალაქში დამატებითი ძალები შეიყვანა. უკრაინული მედია კი წერდა, რომ ავდეევკაში ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე თავის დროზე ბახმუტში. მაგალითად, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის სპიკერი ამბობდა, რომ “ძალთა თანაფარდობა შვიდი ერთზეა, და გარდა ამისა, მტერმა დაიწყო ფოსფორის გამოყენება, აძლიერებს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებას, ისვრის დღეში 50-ს ან მეტს. ეს კი უზარმაზარი რიცხვია ასეთი პატარა პლაცდარმისთვის”. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ ავდეევკის დაცემა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კუთხით ცუდი მომენტია, თუმცა ეს ტრაგედია არაა, რადგან ომი გრძელდება და ეს მხოლოდ ერთი პატარა ბრძოლის წაგებაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ავდეევკის დაცემა მოსალოდნელი იყო. ეს ის თავდაცვის ზღუდეა, რომელსაც უკრაინელები 2014 წლიდან მოყოლებული კბილებით იცავდნენ. ათი წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ახლო ადგილი ოკუპირებულ ქალაქ დონეცკთან და რუს ოკუპანტებს ნერვებს ძალიან უშლიდა, რომ ასე ახლოს ჰქონდათ უკრაინელებს თავდაცვის ზღუდე. მისი დაცემა, რა თქმა უნდა, კარგი არაა, მაგრამ არც მთლად ტრაგედიაა, რადგან ომი გრძელდება და ეს შეიძლება იყოს ერთი პატარა ბრძოლის წაგება. არ მიმაჩნია, რომ მას რამე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს. პოლიტიკურ მნიშვნელობას რაც შეეხება, უკრაინის ხელისუფლება ბოლომდე ცდილობდა ეს ქალაქი დაეცვა. ჩემი აზრით, ამით სამხედრო შეცდომაც იქნა დაშვებული, რადგანაც ახლა არსებობს იმის საშიშროებაა, რომ ავდეევკის დამცველებმა ქალაქიდან გამოღწევა ვერ შეძლონ და ალყაში აღმოჩნდნენ. ეს ერთი-ორი კვირით ადრე უნდა მომხდარიყო, რომ ალყის საშიშროება არ ყოფილიყო, რაც ახლა უკვე არის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
“უკრაინის მთელი თავდაცვა დასავლეთის სამხედრო დახმარებაზეა აგებული. თავიდან განისაზღვრა, რომ ცოცხალი ძალა უკრაინის უნდა ყოფილიყო, ხოლო იარაღი, ტყვია-წამალი და საბრძოლო ტექნიკა დასავლეთს უნდა მიეცა. დასავლეთის მხრიდან ეს შეთანხმება ფაქტიურად მკვდარია. -ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ფაქტიურად არაადამიანურ გადაწყვეტილებებს იღებს და ახლა სასწრაფოდ არდადეგებზე გაიქცნენ, რომ ამ კანონპროექტს კენჭი არ უყარონ. ამას ევროპის “უმაქნისობა” დაემატა, რომელიც უკრაინას მილიონ ჭურვს შეჰპირდა, მაგრამ ტექნიკურად ვერ შეძლეს და ვერ მიაწოდეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთმანეთს დაერთო და პუტინს უბიძგა შეტევაზე გადასულიყო”, – დაასკვნის ალადაშვილი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ასევე აბობს, რომ დასავლური დახმარების შეფერხების პირველი შედეგი სახეზეა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ავდეევკის დაცემას რუსები წმინდა ფსიქოლოგიური ომის განვთარების კუთხით იყენებენ. კონკრეტული ფსიქოლოგიური ოპერაციებიც კი წამოიწყეს – აჩვენებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკი ავდეევკასთან ჩავიდა, თქვა, რომ ეს აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო და ახლა დადეს ფოტოები, რომ ავდეევკაში ოკუპანტების დროშა ფრიალებს. ამას ასევე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს გაპიარებული შეტევის ფონზე. ეს ჩანს, როგორც უკანდახევა. შესაძლოა ავდეევკა გრავიტაციის წერტილი არ იყო, მაგრამ სტრატეგიული წერტილი იყო. დასავლეთისგან დახმარების შეფერხების პირველი შედეგი სახეზეა, რუსებს კი ახალი სტრატეგია აქვს – საჰაერო და საარტილერიო უპირატესობა კარგად გამოიყენეს. უკრაინაში “ჭურვების შიმშილი” დაიწყო და ამან, რა თქმა უნდა, ეს შედეგი განაპირობა. ეს კი დასავლეთისთვის მწვავე სიგნალია”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“თუ რა მიმართულებით შეეცდებიან რუსები შეტევის განვითარებას, ამის შესახებ ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ასეთი უკან დახევის მერე ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ ფრონტის ხაზი სრულად ჩამოიშალოს, თუმცა ახლა ამის საშიშროება არაა. მისი თქმით, რუსეთისაგან დიდი შეტევები უფრო გაზაფხულისკენაა მოსალოდნელი. ალადაშვილის განმარტებით, მათი პირველი მიზანია სლავიანსკი-კრამატორსკის აღება, რათა ოკუპირებული დონეცკის ოლქი შეკრან. ლუგანსკის ოლქი თითქმის მთლიანად დაკავებულია, დონეცკში კი ეს ორი დიდი ქალაქი რჩება, რომლის დაპყრობაც უნდათ. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ რუსებმა ოპერატიული ტაქტიკური ინიციატივა ხელში აიღეს და ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, რომ სხვა სუსტ წერტილებში არ შეუტიოს რუსეთმა”, – დასძენს გამოცემა.
“რუსებმა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა ხელში აიღეს და მთავარია სხვა წერტილებს არ შეუტიონ. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა იმდენი გააკეთოს, რომ ფრონტის ხაზები არ მოიშალოს. თუ რუსებმა სლავიანსკი და კრამატორსკი დაიკავეს, გამოდის, რომ ისინი დონეცკის ოლქს მთლიანად დაიკავებენ. არაა გამორიცხული, რომ დაახლოებით ხუთ დღეში რუსებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით შეუტიონ. პუტინს სურს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე – 16-18 მარტამდე ეს რეგიონები აიღოს. ეს უკვე პოლიტიკური მომენტია. მას რამდენიმე მიმართულება აქვს მიზანში – დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს მიმართულება. თუ ესენი სრულიად დაიკავეს, შესაძლოა ომის მიმდინარეობა კარდინალურად შეიცვალოს. რუსი ოკუპანტები სოლედარისა და უგლედარის მიმართულებითაც გააქტიურდნენ, მაგრამ მათთვის ყველაზე მთავარი კვანძი დონეცკია. ახალი მთავარსარდლის მოყვანით, ფაქტიურად ზალუჟნის მთელი გუნდი წავიდა. სირკსიმ თავისი გუნდი მოიყვანა. ომის დროს ასე უცებ გადაწყობა რთულია და შედეგიც სახეზეა, ავდეევკა დაეცა”, – თვლის ვახტანგ მაისაია.
„რუსეთის გენშტაბის შესაძლო გეგმაა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის ლუგანსკი და დონეცკი სრულიად დაიკავონ და შემდეგ ზაპოროჟიეზე გადავიდნენ და ამ ტერიტორიებზე ჩაატარონ საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე ეტაპზე ხერსონის მიმართულებით გაიჭრან და დაიკავონ ის პოზიციები, რაც მათ ხერსონში “დაკარგეს”. შეეცდებიან ამით ნიკოლაევს და ოდესას პირდაპირი საფრთხე შეუქმნან, სადაც უკრაინა თავის საზღვაო პოტენციალს ინარჩუნებს, რომლითაც უკრაინის ძალებმა რუსეთს შავი ზღვის ფლოტი ფაქტიურად გაუნადგურა. ასევე შესაძლო გეგმაშია სუმისა და ხარკოვის რეგიონის დაკავება, უკვე შემოდგომისთვის რომ კიევს პირდაპირი საფრთხე შეუქმნან”, – ამტკიცებს მაისაია.
“მე მინახავს ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მოკვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ“
“გასულ კვირას უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ზურა წიკლაური დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროში საგვარეულო სასაფლაოზე, გოჩა ჟვანია კი სენაკის სოფელ თეკლათში მიაბარეს­ მიწას. ორივე “ქართული ლეგიონის” მებრძოლი იყო და აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დავალების შესრულებისას, აფეთქებას ემსხვერპლნენ. როგორც მათი მეთაური ამბობს, ისინი “ქართული ლეგიონის” საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. “ათი წელი იყვნენ ჩემ გვერდით… აღარ გვყავს საუკეთესო მებრძოლები, ერთგულები, უღალატონი. აუცილებლად ვიძიებთ შურს!” – ამბობს მამულაშვილი. ზურა და გოჩა 2008 წლის ომის მონაწილეები იყვნენ. უკრაინაში `ქართული ლეგიონის~ შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. მანამდე მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო მისიებში. ზურა წიკლაურს დარჩა მეუღლე და ერთი შვილი, გოჩა ჟვანია კი დაოჯახებული არ ყოფილა. მებრძოლების შესახებ გვიამბობს მათი თანამებრძოლი ლაშა რუხაია”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით „მე მინახავს ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მოკვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ“.
“მე და ზურა წიკლაური ქართულ არმიაში ერთად ვმსახურობდით, პირველი ბრიგადის მე-11 ბატალიონში ვიყავით. 2008 წლის აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. უძლიერესი მებრძოლი იყო, ისევე როგორც გოჩა ჟვანია. სხვათა შორის, გოჩას პირველი ხარისხის მედალი აქვს მიღებული 2008 წლის ომში მამაცობისთვის. უკრაინაშიც დააჯილდოეს მამაცობისა და თავდადებისათვის. თუ რაიმე საერთაშორისო მისია არსებობდა, ერაყითა და კოსოვოთი დაწყებული და ავღანეთით დამთავრებული, ყველა მოვლილი ჰქონდათ. მე უკრაინაში 2022 წლის თებერვალში წავედი, ზუსტად მაშინ, რუსეთი კიევს რომ უტევდა. ორივე იქ დამხვდა და მას შემდეგ ერთად ვიყავით. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელთა უმრავლესობის მშობლები 90-იან წლებში აფხაზეთში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ. ჩვენთვის რუსეთი ყველგან მტერია – საქართველოშიც, უკრაინაშიც და რუსეთშიც. სადაც შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ყველგან მზად ვიყავით და ვართ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინაში ჩვენს წასვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველ რიგში, გვინდოდა მტერი უკრაინაში ისე დაგვესუსტებინა, რომ საქართველოსთვის ვეღარასოდეს მოიცალოს. ამას გარდა, ყველას გვინდოდა შურისძიება აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს გამო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა რუხაია.
“გარდა იმისა, რომ ზურა და გოჩა ძალიან კარგი მეომრები იყვნენ, საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ. მათ მოღუშულ სახეს ვერ ნახავდით, განსაკუთრებით, გოჩას, სულ მხიარულ განწყობაზე იყო. სოციალურ ქსელშიც ბევრი ვიდეოა გავრცელებული – ხან ცეკვავს, ხან მღერის. ერთი ვიდეო განსაკუთრებით მომწონს, ავტომატს ეცეკვება. წინადღეს რომ საშინელებას გადაიტანდნენ და სიკვდილს ჩახედავდნენ თვალებში, მეორე დღეს ღმერთს მადლობას სწირავდნენ… მამაჩემი გაგრის ბატალიონში იბრძოდა. ბიჭების მამები სად იბრძოდნენ, დაზუსტებით არ ვიცი. ჩვენ, ყველანი, ვიზრდებოდით მოტივაციით, რომ როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, შური გვეძია უსამართლოდ დაღვრილი ქართული სისხლის თითოეული წვეთის გამო. სწორედ ეს მოტივაცია და ჟინი განაპირობებს, რომ ქართველები უკრაინელებისათვის საუკეთესო თანამებრძოლები არიან. “ქართული ლეგიონი” იყო პირველი, ვინც ჰოსტომელის აეროპორტში დახვდა რუსებს და მოიგერია. სხვათა შორის, იქ მამუკა მამულაშვილსა და ლევან ფიფიასთან ერთად იყვნენ გოჩა ჟვანიაც და ზურა წიკლაურიც. ჰოსტომელის აეროპორტის ამბავი ლეგენდად იქცა უკრაინაში”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიებს, რომ მამულაშვილი და მისი ახლო გარემოცვა კიევში ზის და არ გადის ფრონტის ხაზზე, არიან ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ბიჭების გაშავებით არიან დაკავებული. “ქართული ლეგიონის” მებრძოლები რომ წინა ხაზზე იბრძვიან და ძალიან საპასუხისმგებლო ოპერაციებში მონაწილეობენ, ამას ადასტურებს ვიდეოჩანაწერები. უკრაინელები ჯილდოებს ოთახში ჯდომისთვის არავის არ ურიგებენ. აღარ არსებობს ჯილდოები, რომლებიც “ქართული ლეგიონის” მეთაურს და მის მოადგილეს არ ჰქონდეს მიღებული. მამულაშვილი და ფიფია 24 საათის განმავლობაში ბიჭების გვერდით არიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ცხელი ხაზიდან ჩვენი დაღუპული ბიჭები, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი გამოიყვანონ. აქ კი, მათ სამშობლოში, ვიღაცები მათი დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ისეთიც ბევრია, გმირულად დაღუპულ ბიჭებს რომ ლანძღავს. წარმოიდგინეთ, რა ნაძირალები არიან – მკვდრებს ლანძღავენ. იმის შნოც არა აქვთ, მოვიდნენ და პირისპირ გვითხრან რამე, სოციალურ ქსელში, ფეიკგვერდებს ამოფარებულები, ზურგს უკან ილანძღებიან”, – ამბობს დაღუპული ბიჭების თანამებრძოლი.
“რამდენიმე ხნის წინ უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ნიკოლოზ გელენიძის დედა მოვინახულეთ. ქალი ტიროდა, მკვდარ შვილს მილანძღავენო. როგორც ჩანს, დავალებას ასრულებენ, ასეთი დავალება კი ვისგან შეიძლება მიიღოს ადამიანმა, თუ არა რუსეთისგან, სხვას ვის უნდა აწყობდეს ქართველი მეომრის დისკრედიტაცია, ქართველ კაცში მებრძოლი სულის ჩაკვლა?! ჯერ ერთი, რომ გაიძახიან, უკრაინაში საომრად ფულის გამო მიდიანო, ერთი თავად აიღონ ხელში იარაღი და წავიდნენ ომში, იქნებ მათაც მისცენ ფული, თუ ასე რიგდება… ჯარსა და პოლიციაში რომ მიდიან ბიჭები, ფულის გულისთვის მიდიან?! ექიმი რომ ხდება ადამიანი, მხოლოდ ფული აინტერესებს? მათი ლოგიკით, ყველა ფულის გამო აკეთებს რაღაცას, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ ამ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც გაცილებით დიდი მიზნები და ამოცანები აქვთ, ვიდრე სმა-ჭამაა. მე მინახავს ბიჭები, რომლებიც დაუფიქრებლად მოკვდებიან იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ”, – ამტკიცებს ლაშა რუხაია.
“ფოთში საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვიყავი, დავტოვე ყველაფერი და წავედი, რომ ჩემი ძმების გვერდით დავმდგარიყავი. წავედი იმისთვის, რომ 2008 წელს ჩემი ძმების დაღვრილი სისხლი ამეღო, შური მეძია. დიახ, ეს გავაკეთე და მომავალშიც გავაკეთებ, როდესაც ჩემს ძმებს საფრთხე შეექმნებათ”, – დასძენს რუხაია და შეკითხვაზე – “თქვენი ძმები ისევ არიან საფრთხეში, ომიც ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა თქვენ საქართველოში დაბრუნდით” – პასუხობს:
“რაც შემეძლო, გავაკეთე. 2008 წელს დაღუპულ ჩემს ძმებს რაც შევფიცე, ის შევასრულე. კიდევ მაქვს შესასრულებელი… ღმერთმა ნუ ქმნას, მაგრამ კაცმა არ იცის, როდის დასჭირდება ჩემს ქვეყანას დაცვა. ეს დრო თუ მოვა, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ქვეყნის სადარაჯოზე დადგება. დღემდე ვინახავ ფეისბუკში გოჩას გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას. ფრონტის ხაზიდან აქეთ მამხნევებდა, ჩვენ აქ მივხედავთ ყველაფერს, შენ ნუ გეშინია, საქართველოში ყველაფერი კარგად იქნებაო. სიკვდილს უყურებდა თვალებში და მამშვიდებდა…”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …