ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა”
დამთავრდა თუ არა მინისტრების “გამოსაცდელი ვადა” – ანალიტიკოსები მთავრობაში ცვლილებების გაგრძელებას ელიან
მამუკა არეშიძე – “უკრაინა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა”
“ისინი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში თავს არ დაგვანებებენ” – რა ელის საქართველოს უკრაინაში ომის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ
ს მიმართ მოსკოვიდან პრეტენზიები იზრდება
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა”
“ხელისუფლების განცხადებები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გასაგებია, ეს იმ კონტექსტში ჯდება, რასაც ისინი პრეზიდენტთან დაპირისპირების შემდეგ ავითარებენ, რომ ზურაბიშვილი თითქოს ოპოზიციის პრეზიდენტია და არა ქვეყნის. მის დაკავშირებას განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” ცდილობენ. ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე, რა თქმა უნდა, მორალური საკითხიც არის, მაგრამ დიდი დოზით უფრო პოლიტიკური თემაა და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მორალური, რა თქმა უნდა, თუ ამაზე წავა ზურაბიშვილი. ის ამ საკითხზე საუბრისას ძველებურად კატეგორიული აღარ არის, ამან განაპირობა როგორც მმართველი პარტიის, ისე |”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ნათქვამი უფრო დიპლომატიური განცხადებაა და ის ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ არის. რაც მთავარია, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ მისი რეიტინგი, რომელიც ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძალიან დაზარალდება”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მაკრონის „ბომბი“ – გაგზავნის თუ არა ევროპა უკრაინაში ჯარებს?!
“მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ევროინტეგრაციის საქმეში პრეზიდენტის მხარდამჭერია, ძირითადად, ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველია, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” მოსწონს და არც “ქართული ოცნება”, ამიტომ სააკაშვილის შეწყალება მათგანაც აღქმული იქნება, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მხარდაჭერა. ვაღიაროთ, დღეს საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს მაინც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურს, რაც არ უნდა თქვან ევროპარლამენტარებმა თუ სხვა უცხოელმა პოლიტიკოსებმა. ამგვარი მოცემულობა იყო აქამდეც და რჩება კვლავაც. ამიტომაც პრეზიდენტის ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყანაში მის პოლიტიკურ ფასს ძალიან დასცემს. ესეც რომ არ იყოს, სააკაშვილი, გარდა მსჯავრდადებულისა, ბრალდებულიც არის – არაერთ სხვა საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რომც შეიწყალოს ზურაბიშვილმა, ის შეიძლება საერთოდ არ გამოუშვან ციხიდან, ან გამოუშვან რამდენიმე საათით, როგორც გიგი უგულავა წლების წინ. ამიტომაც ეს იქნება პრეზიდენტის ფუჭი გასროლა, რითაც ვერც სააკაშვილი იხეირებს და ვერც ოპოზიციური სპექტრი. ეს უფრო “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა ეს მშვენივრად იცის და ამ ნაბიჯს არ გადადგამს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“სამწუხაროდ, ხელისუფლება ისევ და ისევ ცდილობს ქვეყნის დასავლური კურსის დისკრედიტაციას, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ. ვერანაირმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, რასაც ხშირად მიმართავენ ხელისუფლება და მისი სატელიტები, ვერ გაამართლა. როგორც არ უნდა გააშავონ დასავლეთი, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მშვენივრად ხედავს იმ დიდ სიკეთეებს, რაც ევროინტეგრაციამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს, ამას ხედავს ჩვენი ემიგრაცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ინახავს, ამას ხედავენ სამოგზაუროდ ევროპაში ჩასული ქართველები, ამას ხედავს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც განათლების მისაღებად სწორედ დასავლურ ქვეყნებს ირჩევს. დიახ, დღეს დასავლურ ქვეყნებში წასული ემიგრაცია არჩენს საქართველოს. იყო დრო, როდესაც ჩვენი ემიგრანტების დიდი ნაწილი რუსეთში იყო და იქიდან შემოდიოდა ფული, მაგრამ დღეს ეს ვითარება კარდინალურად არის შეცვლილი”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტი არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული კიდევ ერთი თემა. წინა არჩევნებზე, თუ გახსოვთ, “ქართული ოცნება” გარეჯის დაცვას ცდილობდა და გამარჯვების შემდეგ სულ მიივიწყა ეს თემა. ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ, მაგრამ იმასაც მალე მიივიწყებენ. ეს არის კონსერვატორული განწყობის ამომრჩევლის გულის მოგების ცდა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ლგბტ თემის საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ ლგბტ თემის დიდი პროპაგანდისტები იყვნენ. საარჩევნოდ ქულების მოგროვებას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, საზოგადოების ნაწილი ამ თემებზე რეაგირებს. იქამდეც მივიდნენ, რომ გვაშინებენ, მალე ვიღაც მოგვთხოვს სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი გაქრეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდანო… სერიოზულად არც შეიძლება ამ საკითხზე ლაპარაკი. მოკლედ, ეს ყველაფერი საარჩევნოდ სჭირდებათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამას მშვიდად შეხვდება, თან ჯერ ვნახოთ, რას ჩაწერენ იმ კანონპროექტში”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ჩვენ ევროკავშირთან დასაახლოებლად 9 მუხლი გვაქვს შესასრულებელი, სჯობს ამას მივხედოთ. ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ – ელექტორატის განწყობა ასეთი ნათელი და გასაგები, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. სულ სამი ელექტორალური ჯგუფია: “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე და ე.წ. შუაშისტი. ჯამურად ამომრჩევლის ეს სამივე ჯგუფი დაახლოებით 1 800 000 ამომრჩეველს აერთიანებს, რჩება კიდეც რაღაც რაოდენობა, რომელიც ზუსტად არჩევნების წინ იღებს გადაწყვეტილებას ან არ მიდის არჩევნებზე. ოპოზიციამ სწორედ ამ ელექტორალური განწყობებით უნდა იხელმძღვანელოს. თითქოს ყველა ყველაფერს ხედავს, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ დაადგა საშველი ოპოზიციის ჩამოყალიბებას”, 5%-იან ბარიერს დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ გადალახავს, ოპოზიციური ხმები გაიფანტება და “ქართულ ოცნებასთან” წავა. ამის მიუხედავად, ყველა ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. ს ფაქტორი ოპოზიციაში პრობლემას არ ქმნის. ის “ნაციონალურ მოძრაობას” უყოფს ხმებს. ვის რამდენი შეხვდება ამ გაყოფილ ხმებში, იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ შეაფასებს არსებულ ვითარებას და ვის რა ძალის ჯგუფი ეყოლება”, – განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.
“ჩემი აზრით, მელიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული აქვს, იმდენად დიდი რაოდენობის ამომრჩეველს წამოიყვანს “ნაციონალური მოძრაობისგან”. რეგიონებში ადგილობრივი საკრებულოების წევრების განცხადებებს თუ ადევნებდით თვალს, გეცოდინებათ, რომ ბევრი უჭერს მხარს მელიას, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ მას პარტიული სტრუქტურა, ფაქტობრივად, გამზადებული აქვს. ვფიქრობ, უფრო მეტსაც შეძლებს, თუ ხოშტარიასა და ჯაფარიძესთან საერთო ენას გამონახავს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ხაბეიშვილ-კეზერაშვილის გუნდს გაასწროს კიდეც. რაც შეეხება გვარამიას, პარტიას კი დაარქვა “ახალი”, მაგრამ იმ მოჭიდავე დათუნაშვილს თუ არ ჩავთვლით, იქ ჯერ ახალს ვერავის ვხედავ და დამოუკიდებლადაც მას 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს. თუ მელიასთან გამონახავს საერთო ენას, შეიძლება ეს საინტერესო კონფიგურაცია იყოს. მისი ამომრჩეველიც “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყოფს ხმებს. მას შუაშისტი ელექტორატის მიმხრობის არანაირი საშუალება არა აქვს. ეს შეიძლება მელიამ უფრო შეძლოს”, – ამბობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება შუაშისტ ფრთას, მთავარ პრობლემას სწორედ იქ ვხედავ, სადაც არიან: გახარია, “ლელო”, ელისაშვილის პარტია, , ს “გირჩი” და დამოუკიდებელი დეპუტატები. თუ ეს სუბიექტები გაერთიანდებიან, ძალიან ძლიერ ძალად ჩამოყალიბდებიან, რომელიც არა მარტო სრულად აითვისებს შუაშისტ ელექტორატს, არამედ ამომრჩევლის ნაწილს წამოიყვანს “ქართული ოცნებიდან” და ასე განსაჯეთ, “ნაციონალური მოძრაობიდანაც”. მას პირველ ადგილზე გასვლის შანსიც შეიძლება ჰქონდეს. პირველ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ კონსტიტუციით, უპირველესად მას ენიჭება მთავრობის დაკომპლექტებისას უპირატესობა. სამწუხაროდ, ამ ფრთაში გახარიამ უკვე გამოაცხადა, რომ არჩევნებში მარტო გავა. დარჩნენ “ლელო”, ელისაშვილი, ხვიჩიას “გირჩი” და ანა დოლიძე. თუ “ლელო” მათ გააერთიანებს, შეიძლება გახარია პარლამენტის გარეთაც კი დატოვოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ბევრი პატარა პარტიაა – ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, “პატრიოტთა ალიანსი” და ა.შ. ისინი 1%-საც ვერ აიღებენ, მაგრამ ხმებს წაიღებენ, რომელთა რაოდენობა საერთო ჯამში იმდენად დიდი იქნება, რომ უფრო დიდ, ზემოხსენებულ მსხვილ ჯგუფებს პრობლემებს შეუქმნის ბარიერის გადალახვაში. ასე რომ, ყველაფერი ძალიან მარტივია!”- დაასკვნის ძაბირაძე.
“ლელოსა” და მელიას მომავალი პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე ძლიერი გაერთიანება იქნება, მაგრამ არ ექნება სინერგია. ასეთ შემთხვევაში “ლელო” ბევრ ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, იმიტომ, რომ მელია მაინც “ნაციონალებთან” ასოცირდება, შუაშისტ ელექტორატს კი მაინც “ქართული ოცნების” ყოფილი ამომრჩეველი წარმოადგენს. ბევრს აინტერესებდა, თუ რა როლი შეიძლება ეთამაშა სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ მან განაცხადა, არ ვაპირებ ოპოზიციის ლიდერობასო. არადა, მის ყველაზე ძლიერ ნაბიჯად ჩაითვლებოდა “ლელოს”, გახარიას, ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხვიჩიას “გირჩის” გაერთიანებისთვის ხელშეწყობა. გასაგებია, რომ გახარიას ცალკე პოზიციონირება უნდა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, გახარიას გარეშეც შეიძლება ამ ოთხი სუბიექტისგან ძლიერი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ამისთვის საჭიროა პრეზიდენტის პოსტის დატოვება, მაგრამ, როგორც ვატყობ, არ აპირებს. უფრო სწორად, ან ვერ ახერხებს პარტიის ლიდერების შეთანხმებას, ან საერთოდ არ ფიქრობს ამაზე”, – ამტკიცებს რესპონდენტ და შეკითხვაზე – “ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ქვეყნებიდან ქვეითი ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა …” – პასუხობს:
“ტოტალიტარული სახელმწიფოები ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ ერთ დღეში, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ასე ვერ იქცევიან. დღეს მაკრონის განცხადება კატეგორიულად კი უარყვეს, ამბობენ, რომ არც ნატო და არც რიგი ქვეყნები ამას არ გააკეთებენ, მაგრამ გამოჩნდა კანადა, რომელმაც თქვა, ჩვენ გავგზავნით ჯარისკაცებს, მაგრამ საომრად კი არა, უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლადო. ვფიქრობ, ეს საკითხი ჯერ სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება. დასავლეთმა ერთი რამ მშვენივრად იცის – უკრაინის მარცხი ნიშნავს მთელი დასავლეთის, საზოგადოდ, დემოკრატიული სამყაროს ავტორიტარულთან დამარცხებას. ამიტომ ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება. ეს დასავლეთისთვის იქნება კატასტროფა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას უფრო სწრაფად მოქმედება არ შეუძლია. იმედია, პრობლემები მალე დაიძლევა, უკრაინას ვაშინგტონი აუცილებლად გამოუყოფს იმ 60-მილიარდიან დახმარებას და ევროპაც უფრო გააქტიურდება. ეს არის პროცესი, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. დღეს მაკრონის განცხადება თითქოს ჰიპოთეზური და კატასტროფულია, მაგრამ ხვალ-ზეგ შეიძლება რეალურიც გახდეს”.
დამთავრდა თუ არა მინისტრების “გამოსაცდელი ვადა” – ანალიტიკოსები მთავრობაში ცვლილებების გაგრძელებას ელიან
“იგეგმება თუ არა მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები? ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ, მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება იგივე ბედი ეწიოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საკადრო ცვლილებები ლოგიკურიცაა, რადგან ახალი პრემიერი საპარლამენტო არჩევნების წინ ეცდება შემოიკრიბოს ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნაკლები კითხვა და პრეტენზია ექნება. აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში, პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელი დატოვა. მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დატოვა საკუთარი ნებით თანამდებობა. მაშინ ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო – ახალმა პრემიერმა ერთგვარი “გამოსაცდელი ვადა” მისცა მინისტრებს, დააკვირდებოდა მათ მუშაობას და გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწორედ ამის შესაბამისად მიიღებდა კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებს. ორიოდე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის გადაგომას კი ანალიტიკოსთან ნაწილი სწორედ ამ პროცესს უკავშირებს და მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებასაც არ გამორიცხავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დამთავრდა თუ არა მინისტრების “გამოსაცდელი ვადა” – ანალიტიკოსები მთავრობაში საკადრო ცვლილებების გაგრძელებას პროგნოზირებენ.
“ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პრემიერმა კობახიძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ აზარაშვილის თანამდებობა რესპუბლიკური საავადმყოფოს სკანდალს შეეწირა. გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ. პრემიერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაში უკეთესად გაერკვა, მიხვდა, რომ ხარვეზები არსებობს, ამიტომ მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები სხვა სამინისტროებსაც შეეხოს და ამას სამუშაო პროცესს უწოდებს. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე ცდილობს წინასაარჩევნოდ სახლში ის მინისტრები გაუშავს, რომელთა მუშაობაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამისთვის მმართველი პარტია საზოგადოებრივ გამოკითხვებსაც ატარებდეს. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, გასაკვირი არ არის, თუკი წინასაარჩევნოდ ხელისუფლება იმ მინისტრებისა და მაღალი რანგის ჩინოვნიკების სახლში გაშვებას ცდილობს, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ცდილობს, რომ საზოგადოების თვალში არ იყოს ზედმეტი კითხვები ამა თუ სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით. მეორეც, როცა ახალი მინისტრი და გუნდი მოდის, მასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრეტენზიები არ არსებობს და ახლის მიმართ მოლოდინი ყოველთვის დადებითია. რაც შეეხება კონკრეტულ მინისტრებს, რომლებმაც კობახიძის მთავრობა დატოვეს, ეს გასაკვირი არ არის, რადგან პრემიერს სჭირდება ისეთი გუნდი, რომლის მიმართაც კითხვები არ იარსებებს. არ გამოვრიცხავ კი არა, დარწმუნებულიც ვარ, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ გამოკითხვებს აკეთებს. ზუსტად იცის რომელ სამინისტროსთან დაკავშირებით რა პრეტენზიები არსებობს. ამიტომ, რატომ უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას ისეთი მინისტრები, რომლებიც გაკეთების ნაცვლად აქეთ აშავებენ?! ვხედავთ ოპოზიციაც როგორ ცდილობს ნებისმიერი თემიდან რაღაც გამოიყვანოს. ამიტომ ეს მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი თავდაცვაც არის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“საარჩევნო მარათონს ყველა ხვდება ძლიერი გუნდით, რომლის მიმართაც კითხვები არ იარსებებს. როგორც ოპოზიციაშია გადაჯგუფებები, ასევე საჭიროა ხელისუფლებაშიც გადაჯგუფება. მე არც იმას გამოვრიცხავ, ხელისუფლება უფრო შორსაც წავიდეს და ვიღაც ვიღაცეები დააკავოს კიდეც”, – დაასკვნის საყვარელიძე. რაც შეეხება იმას, გამოაცლის თუ არა ამით სალაპარაკო თემას ხელისუფლება ოპოზიციას, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ოპოზიცია იმდენად სუსტია, რომ მისი ნათქვამი მოსახლეობას დიდად არ სჯერა. ეს კი, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ მათ საყრდენს წაართმევს და ეს კიდევ ერთი თემა იქნება, კანდიდატის სტატუსის შემდეგ, რომლით მანიპულაციასაც ოპოზიცია ნაკლებად შეეცდება. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა საქმე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დაკავებამდე მივიდეს”, – დასძენს გამოცემა.
“თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე გასაშვები კი არა, დასაკავებელია თავის მოადგილეებთან ერთად. მის მიმართ იმდენი პრეტენზიაა დაგროვებული, რომ არაფერი გამორიცხული არ არის. ასევე ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მისამართით ძალიან ბევრი პრეტენზიები იყო. როგორც ჩანს, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდა მთავარი საბაბი, რის გამოც, ის კობახიძემ მოიშორა. პრემიერი ცდილობს, რომ ამით საკუთარი გუნდი მოიყვანოს. ეს ასევე დაკავშირებულია წინასაარჩევნო პროპაგანდასთანაც. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ თანხას იღებს და ეს სადღაც 6 მილიარდამდეა. აქ იმდენი პროგრამები არის ჩაგდებული, რომ თუ კარგად ჩაუკირკიტებს კობახიძე, ბევრის დაჭერასაც შეძლებს. თუმცა, რა თქმა უნდა, “ოცნება” ცდილობს ამით საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი კორუფციასთან ბრძოლას იწყებს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ, თუკი დასჭირდათ, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დიდი თავები დაგორდეს. თუმცა მინისტრების დაკავებას რამდენად გაბედავენ, ეს არ ვიცი”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
მამუკა არეშიძე – “უკრაინა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა”
“პესიმისტური სცენარის ყველაზე ცუდი ვარიანტია უკრაინის დამარცხება, რაც ნიშნავს დასავლეთის მარცხს, ს ისეთ გამარჯვებას, რომ უკრაინა დაიშალოს, მით უმეტეს, არის სიგნალები, რომელსაც ახმაურებენ რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს კანონიერი უფლება აქვთ, დაიბრუნონ ის ტერიტორიები, რომლებიც მათ შემადგენლობაში იყო საუკუნეების განმავლობაში და რომლებიც სტალინის გადაწყვეტილებით შეუერთდა უკრაინას, დანარჩენი ნაწილი კი რუსეთს დარჩება. ამ სცენარით უკრაინა იარსებებს მაგრამ ძალიან შეზღუდული ფორმატით, ს გარშემო სოფლებითა და რამდენიმე ოლქით”, – აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “უკრაინა ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა”.
“მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი უნგრელი პოლიტიკოსების მოსაზრებები ამის თაობაზე. მართალია, ისინი მთლად უმაღლესი რანგის ხელმძღვანელები არ იყვნენ, მაგრამ არიან თანამდებობებზე, მათ შორის არიან დეპუტატებიც, რომლებსაც სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ უკრაინასთან იმ ტერიტორიის გამო, რომელიც ახლა უკრაინის შემადგენლობაშია და დაახლოებით 150 ათასი ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს. პოლონელები არც მალავენ, რომ ლვოვი მათი ქალაქი იყო, არა მარტო ქალაქი, არამედ მთლიანად ლვოვის ოლქი. კრემლი ამ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობის ქვენა გრძნობებს აღვიძებს. რაც შეეხება ევროკავშირის პრინციპებს, უნგრეთი მათ კარგა ხანია, არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთმა უკრაინისთვის ბევრი რამ გააკეთა, ამ ბოლო დროს ცდილობს რბილად, მაგრამ მაინც შეცვალოს პოზიციები. ეს გამოიხატებოდა ბოლოდროინდელ აქციაში უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიღების თაობაზე. ის, რომ დღეს უკრაინას საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს, ფაქტია და ასეთ მძიმე მდგომარეობამდე დასავლეთის პოლიტიკურმა თამაშებმა მიიყვანა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“ოპტიმისტური სცენარი ის არის, რომ უკრაინელები მაინც გაძლებენ, იმას მაინც მოახერხებენ, რომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ და ომიდან რუსეთი მძიმე დანაკარგებით გამოვიდეს. ვარიანტები ასეთია: ერთია რუსეთის გამარჯვება, მეორე – უკრაინის გამარჯვება, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან რთული წარმოსადგენია, და მესამე უკრაინის დამარცხება, მაგრამ რუსეთის ისე დასუსტება, რომ ვეღარ შეძლოს სხვა აგრესიული ნაბიჯების გადადგმა… მიუხედავად იმისა, რომ რუსები დღეს სხვადასხვა აპოკალიფსურ სცენარს გვთავაზობენ, საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი მაინც დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ისედაც სეპარატისტული იყო. ხერსონის ოლქს თუ არ ჩავთვლით, რუსები უკრაინის სიღრმეში მაინცდამაინც ვერ ჩადიან. ეს არის ყველაზე უკეთესი მოცემულობა, რაც დღეს არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ და დასავლეთმა თავი მეტ-ნაკლებად უკეთეს მდგომარეობაში იგრძნონ. თუ რუსეთმა მოახერხა ისეთ ტერიტორიებზე შეჭრა, სადაც არ ყოფილან, ან თუ იყვნენ, იყვნენ ძალიან ცოტა ხნით 2022 წლის გაზაფხულზე, მაშინ ცუდი ვითარება იქნება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“თუკი რუსეთი გამარჯვებას მოახერხებს ისე, როგორც თავად უნდა, მაშინ რუსეთი სხვა ქვეყნების დაპყრობას და ზეწოლას აუცილებლად გააგრძელებს და დღის წესრიგში იქნება უპირველესად სამი ქვეყანა: საქართველო, ყაზახეთი და მოლდოვა. აქედან რუსეთისთვის რომელი უფრო პრიორიტეტულია, ეს კიდევ ცალკე საკითხია. მოკლედ, ამ სამი ქვეყნისთვის ძალიან რთული დღეები დადგება და უფრო მეტიც, ვერ ვიტყოდი, რომ მიუხედავად ნატოს არსებობისა, უკრაინის მარცხის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები იმავე მდგომარეობაში დარჩებიან. ნატოს არსებობა დამოკიდებულია -ის სიძლიერეზე. ამ ტიპის მოკავშირეების პრინციპი ასეთია – არის ძლიერი ცენტრი და მის გარშემო თავმოყრილი არიან სხვები. თუკი ამ ცენტრმა ვერ ივარგა და დაუშვა შეცდომები, მაშინ დანარჩენები დაიწყებენ ან ახალი მოკავშირის, ან სხვა გზების მოძიებას. ამას რუსეთიც ხედავს, რომ დასავლეთის მდგომარეობა არ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორიც იყო ორი-სამი წლის წინ, ამიტომაც სურს თავისი გაიტანოს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“2023 წლისგან განსხვავებით, როდესაც პუტინის ხელისუფლება ვერ უმკლავდებოდა დასავლეთის ნარატივს და საკუთარ ქვეყანაშიც ჰქონდა სერიოზული პრობლემა, დღეს სიტუაცია შეცვლილია. რუსეთმა, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, საკუთარი პიარის სწორად აწყობა მოახერხა და ამ პიარული დარტყმის მთავარი ობიექტი გახდნენ დასავლელი საზოგადოებები, რომელთა დიდ ნაწილს ეს ომი მოჰბეზრდა. მოჰბეზრდა იმიტომ, რომ დასავლელი ობივატელის ჯიბეს დაარტყა. ამიტომ ახლა პუტინისთვის მნიშვნელოვანია დასავლელმა ობივატელმა თქვას, ხომ ხედავთ, კაცი მოლაპარაკებას იხვეწებაო, და პოლიტიკოსები დაადანაშაულოს, რომ არ თანხმდებიან მოლაპარაკებას. ეს არის პუტინის მიზანი, თორემ ისე ის არაფრის მომლაპარაკებელი არ არის, თუ არის, მხოლოდ იმ ფორმით, როგორც ახმოვანებენ მისი ე.წ. ექსპერტები _ მოლაპარაკება მათი პირობებით, მათი პირობები კი რაც არის, ცნობილია. რაც შეეხება რუსეთის დამარცხდებას, რუსეთის სრულად დამარცხების სცენარი რთული წარმოსადგენია”, – ამბობს მამუკა არეშიძე.
“ამიტომ, ასე ვთქვათ, თუკი პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ასეთ შემთხვევაში კი დასავლეთი მოინდომებს იმის გაკეთებას, რაც ვერ გააკეთა მე-20 საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი უკიდურესად იყო დასუსტებული და დასავლეთმა არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც სჭირდებოდა, ეს არის რესურსების დაუფლება. მომავალ მსოფლიოში კი, როდესაც რესურსების დეფიციტი იქნება, რუსეთის რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ ენერგეტიკული რესურსი. ეს არის ხეტყის, მტკნარი წყლის რესურსი და მიწები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და რისთვისაც ჩინეთი ახლა თავს იკლავს. დასავლეთს ეს შეცდომა უკვე ორჯერ მოუვიდა და ახლა აღარ დაუშვებს. ეს მოხდება რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, მაგრამ რუსეთის ვერგამარჯვების შემთხვევაში, მოსკოვი შეეცდება აგრესიული ქმედებები შეზღუდოს, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, ვიდრე არ გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა, და მერე თავიდან არ მოემზადება”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“კავკასია უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც იკვეთება ძალიან სერიოზული მოთამაშეების ინტერესები, რასაც ახლა ჩინეთიც დაემატა. ამიტომ კავკასიისთვის ბრძოლა მუდამ გაგრძელდება. ამას სამხედრო ფორმა ექნება თუ პოლიტიკური, ეს მეორე საკითხია. ისტორიულად სულ ასე იყო. მსხვილი მოთამაშეების ინტერესებს სულ რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არის ადგილი, სადაც გავლენებისთვის ლამის ხმალამოღებული იბრძვის 4 სახელმწიფო. ეს ჭიდილი გაგრძელდება და საქართველოს ხელისუფლებებს მუდმივად უნდა ახსოვდეთ, რომ დანის პირზე სიარული მოუწევთ. მას ვერც ნატოს ფორმატი გადაარჩენს და ვერც ევროკავშირში გაწევრება. ბრიუსელშიც და ნატოს შტაბ-ბინაშიც ძალიან კარგად იციან ეს და ამიტომაც არის, ღია კარში რომ ვდგავართ ამდენი წელია. საქმე ის კი არ არის, საქართველო 9 პუნქტს­ შეასრულებს თუ 12-ს, არამედ ისიც, კონკრეტული მომენტისთვის გეოპოლიტიკური ვითარება როგორი იქნება”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“სოლოვიოვის ერთ-ერთ ბოლო ეთერში სიმონიანი და კიდევ სხვა სტუმრები არჩევდნენ თემას, თუ რა ხდება სომხეთში. იქ პირდაპირ იყო საუბარი, ჩვენ თბილისი უნდა დაგვეკავებინა და ახლა სომხეთში ასეთი სიტუაცია არ იქნებოდაო. ასეთი მიდგომები რუსეთში არის და იქნება. უბრალოდ, 2008 წელს ამის გაკეთება ვერ გაბედეს, რადგან მაშინ პუტინს ამის რესურსი არ ჰქონდა. ახლა კი, როგორც ჩანს, აქვს. იმას კი არ ამბობენ, რომ აზერბაიჯანს მისცეს საშუალება, დომინანტი გამხდარიყო და აქედან გამომდინარე, თურქეთი. ამის გამო, როგორც ჩანს, კრემლში დიდი ვნებათაღელვაა, რადგან მიაჩნიათ, რომ ყარაბაღის მოვლენების ასე განვითარება იყო მათი მძიმე შეცდომების ბრალი, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. ფაშინიანის სახალხოდ გინებაში არიან, კულუარებში კი ფიქრობენ, რომ სომხეთზე გავლენას კარგავენ და საქართველოა გავლენის გაზრდის პლაცდარმი. ამიტომ ცდილობენ საქართველოს საკითხში ისეთი პოლიტიკა ჰქონდეთ, რაც, მათი აზრით, ეფექტური იქნება ეს არის “დაახლოების პოლიტიკა”, – დაასკვნის მამუკა არეშიძე.
“თუმცა რამდენად ეფექტურია, ძნელი სათქმელია. პირადად მე არ მიმაჩნია ეფექტურად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მწვავეა, რაც მოსკოვს ხელს უშლის, ამის გამოა, რომ იდგმება ზოგიერთი ისეთი ნაბიჯი, რაც ქმნის ილუზიას, არიქა, ხვალ-ზეგ ტერიტორიული მთლიანობა აღდგებაო. რუსეთის ზოგიერთი ნაბიჯი მართლაც აჩენს ასეთ მოლოდინს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება, რთული სათქმელია”, დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე – “რა ნაბიჯებს გულისხმობთ?” – პასუხობს:
“აფხაზების უაღრესად შევიწროება მიდის. იგივე ხდება ცხინვალშიც, მაგრამ ოსები, აფხაზებისგან განსხვავებით, ხმას არ ამოიღებენ. ჯერ ერთი, ცხინვალი მოსკოვის მიმართ ბევრად ლოიალურია და მეორე – მთელი ე.წ. სამხრეთი ოსეთი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის თითქმის ნახევარი. აფხაზეთის შევიწროების ფაქტებიდან კი რომელი ერთი ჩამოგითვალოთ – ტრანშების ხელოვნურად დაგვიანება, ენერგეტიკაში შეზღუდვები, საწვავის შეტანის შეზღუდვები, ტერიტორიების წაღებაზე აღარაფერს ვამბობ. აფხაზები ყოველთვის ამბობდნენ, გვირჩევნია რუსულ ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე ქართულ ტბაშიო. ეს ლამაზ ფრაზად ეჩვენებოდათ, ვიდრე გათავხედებული იყვნენ, ახლა კი, როდესაც ამ ზღვამ ჩათრევა დაიწყო, ვეღარაფერს აკეთებენ, რადგან ყველაფერი უკვე დათმობილი აქვთ… ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ხელსაყრელია, რასაკვირველია, რუსეთის მარცხი, მაგრამ თუ რუსეთი არ დამარცხდა, მაგრამ ვერც მოიგო, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი შანსი ჩნდება. თუ დასავლეთმა რუსეთი აიძულა, გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია…”
“ისინი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში თავს არ დაგვანებებენ” – რა ელის საქართველოს უკრაინაში ომის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ
“თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლეო პალეტა საუბრობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ის, რომ ომის შესაძლო შედეგებზე უკვე არის მსჯელობა ნატოს ქვეყნებში, დასავლური ჯარის უკრაინაში შესაძლო განთავზებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაც ნათლად ადასტურებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ორივე შესაძლო სცენარზე საუბრობს თუ რა დაემუქრება საქართველოს რუსეთის უკრაინაში წაგების, ან წარმატების შემთხვევაში, თუმცა დასძენს, რომ გააჩნია თავად ვლადიმირ პუტინი მოგებად რას ჩაითვლის, რადგან, მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სრულ ოკუპაციას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს. მაისაიას პროგნოზით, თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, პუტინი ამაზე არ გაჩერდება და საბჭოთა იმპერიის აღდგენას შეეცდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ისინი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში თავს არ დაგვანებებენ” – რა ელის საქართველოს უკრაინაში ომის ნებისმიერი შედეგით დასრულების შემდეგ.
“მათ შორის ეს გეგმა საქრათველოზეც ექნება და ამასთან, საფრთხე ევროპასაც ემუქრება. თუმცა, ანალიტიკოსის თქმით, გააჩნია იმ დროისთვის საქართველოს რუსეთის მიმართ რა პოლიტიკა ექნება. ვახტანგ მაისაიას მეორე სცენარით, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდა, საქართველოს თავს მაშინაც არ დაანებებს და არაა გამორიცხული, რომ 2008 წლის სცენარი განმეორდეს, რადგან “პატარა გამარჯვებით” იმიჯის აღდგენას შეეცდება. აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, ლეონ პანეტამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ “კითხვაც კი არ უჩნდება, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება”. მისი თქმით მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. „საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს რა მოხდება მომავალში. საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით”, – თქვა პანეტამ, რომლის თქმით, დაზვერვის ასპარეზზე მისი მუშაობის დროს ცხადი იყო, რომ ვლადიმირ პუტინის უმთავრესი მიზანია როგორც შეერთებული შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში “დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”, – განაგრძობს გამოცემა.
“მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც დაზვერვის ასპარეზზე გავატარე, ვიღებდი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებდა ვლადიმერ პუტინი. ცხადი იყო, რომ პუტინს უმთავრეს მიზნად აქვს შეარყიოს დემოკრატია შეერთებული შტატებში და ასევე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სხვაგანაც. ეს არის მისი მთავარი მიზანი და ცხადია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი თავის ზრახვებში წარმატებას ვერ მიაღწევს”, – განაცხადა ლეონ პანეტამ. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” იმ ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს, რომელიც უკრაინის ომის დასრულების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს საქართველოში”, – დასძენს გამოცემა.
“რუსებს კავკასიის რეგიონის უსაფრთხეობის კონტექტში ჯერჯერობით, სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ კომფორტული პირობები აქვთ. მოსკოვი ხედავს, რომ სომხეთი ლამის გავიდეს რუსული გავლენის ზონიდან, აზერბაიჯანიც ოსტატურად ბალანსირებს. უკრაინაში რუსეთის წაგების ან მოგების შემთხვევაში, მოსკოვს საქართველოში აქვს თავისი გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესები. ისინი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში თავს არ დაგვანებებენ, ოჩამჩირის სამხედრო ბაზის მშენებლობა და კიდევ სხვა ნიუანსები ამას ადასტურებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში რუსეთის ფინანსური ფინანსური შემოსვლა კიდევ უფრო გაძლიერდა, ამასთან პრორუსული ძალები კიდევ უფრო ძლიერდებიან. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს ჩვენზე ყურადღება არ მოუდუნებია და არც მოადუნებენ, რუსეთისთვის საქართველო ყოველთვის იყო განსაკუთრებული ინტერესის ზონა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“გააჩნია რუსეთი გამარჯვებად რას ჩათვლის. ის რომ უკრაინის მთლიან ოკუპაციას ვერ შეძლებს, ესეც ფაქტია, მაგრამ, შესაძლოა, ნახევარი უკრაინის ოკუპაციით გაჩერდეს და თუ ასეთ წარმატებას მიაღწია, არ გამოვრიცხავ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოება მოინდომოს. თუმცა მთავარია იმ დროისთვის საქართველოში როგორი ხელისუფლება იქნება და რუსეთის მიმართ როგორ პოლიტიკას გაატარებს – დაშოშმინების პოლიტიკა შენარჩუნდება, თუ ეს მიდგომა შეიცვლება. რუსეთი თუ დაწინაურდა, საფრთხე მხოლოდ საქართველოს კი არა, ევროპასაც ემუქრება. დასავლეთის ქვეყნები უკვე ასეთ სცენარებსაც განიხილავენ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაც ამას ადასტურებს და მაკრონის ბოლო განცხადებაც. ახლა რუსეთი გეოეკონომიკური გეგმების რეალიზაციას ახდენს. დაიწყო სანკტ პეტერბურგი-მუმბაის სატრანზიტო კორიდორის გაჭრა. სურს, რომ ირანთან სამხედრო კონტაქტი დაამყაროს, გავიდეს სპარსეთის ყურის მიმართულებით და ინდოეთისკენ გაჭრას სივრცე. აქ რუსეთის ახალი ინტერესი შემოვიდა, სადაც რუსეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი”, – განმარტავს ანალიტიკოსი.
“თუ რუსეთმა უკრაინაში წააგო და შეატყო, რომ მის იმიჯს საფრთხე ემუქრება, პატარა გამარჯვება ყველა ვარიანტში დასჭირდება და არ გამოვრიცხავ, რომ 2008 წლის საქართველოს სცენარი განმეორდეს. სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, საქართველოზე ზეწოლა არც ერთ შემთხვევაში არ შესუსტდება, შესალოა უფრო გაძლიერდეს კიდეც. ეს იქნება ჰიბრიდული თუ კონვენციური ომის ვარიანტში, ამას იმ მომენტში თავად გადაწყვეტს, რომლის პროგნოზირება ძალიან რთულია. მგონია, რომ უკრაინის ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, ფრონტზე ახლა ასეთი მდგომარეობაა – უკრაინელებმა სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება შეძლეს და რუსებს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. ისეთი დინამიური განვითარება, როგორც რუსებს რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ, ეს ტემპი შემცირდა, მაგრამ, თუ უკრაიანს იარაღი დროზე არ გადაეცა, ეს სიტუაცია რამდენად შენარჩუნდება, ამის პროგნიზიურება ძნელია”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
აფხაზეთის მიმართ მოსკოვიდან პრეტენზიები იზრდება
“თებერვალი აფხაზებისთვის არცთუ კარგად დაიწყო, რადგან რუსეთიდან მუქარანარევი საყვედურები გახშირდა. აფხაზებთან პრეტენზია მოსკოვს ბევრი აქვს, თუმცა ბოლო 10 დღეში ერთბაშად სამი დიდი პრეტენზია გაისმა, რასაც კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგების მუქარანარევი გაფრთხილებაც მოჰყვა, რომ “კვაზიდამოუკიდებლობის დემონსტრირება აფხაზებს კარგს არაფერს მოუტანს, უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უსაფრთხოებაც და ფინანსური არსებობაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული”. რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში ჩასვლა უსაფრთხო არ არის. კრემლის უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთში პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პირი, რომელიც რუსი ტურისტის გაუპატიურების, დაყაჩაღებისა და სასტიკად ცემის ბრალდებით იხდიდა სასჯელს”, წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით აფხაზეთის მიმართ მოსკოვიდან პრეტენზიები იზრდება.
“რუსეთი ასევე განაწყენებულია ორ საკითხზე: ერთი შეეხება ბიჭვინთის აგარაკების უკვე რატიფიცირებულ შეთანხმებას, რომელიც სოხუმში სეპარატისტულმა რეჟიმმა გასული წლის 27 დეკემბერს პროტესტის მიუხედავად სახელდახელოდ შუაღამისას გააფორმა, თუმცა დოკუმენტში ჩაიწერა, რომ “სახელმწიფო აგარაკის” მესამე პირზე გასხვისება აკრძალულია. სწორედ ეს აკრძალვა აღმოჩნდა მოსკოვის გაბრაზების მიზეზი და დე ფაქტო საგარეო უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. სოხუმის რეჟიმი ნოტას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ინფორმაცია ჯერ ადგილობრივმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა, შემდეგ ეს ე.წ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაადასტურეს. პარალელურად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის კაცად წოდებული ინალ არძინბა “გაურკვეველი მიზნებით” სასწრაფოდ გაემგზავრა მოსკოვში. კიდევ ერთი და ასევე დიდი უკმაყოფილება “როსგვარდიასთან” დაგეგმილი შეთანხმების ჩაშლას უკავშირდება. 8 თებერვალს აფხაზურ მედიაში გამოქვეყნდა დე ფაქტო შს სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომლის თანახმადაც, “როსგვარდიას” საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთში წესრიგის აღდგენის უფლება ენიჭება. პროექტს აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“9 თებერვალს გაიმართა საპროტესტო აქცია, განცხადებები გააკეთეს ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს დე ფაქტო -ს ხელმძღვანელს მოწოდებით, რომ “ფიქრადაც არ დაუშვან” რუსეთის ფედერაციასთან ასეთი დოკუმენტის ხელმოწერის სურვილი, რადგან შეთანხმებით შესაძლებელი ხდება აფხაზეთის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა და ეს “სუვერენიტეტის დაყოფას ნიშნავს”. არასამთავრობო ორგანიზაციები პირობას დებდნენ, რომ არ შეჩერდებოდნენ “მინისტრ” რობერტ კიუტის გადადგომის მოთხოვნაზე და დაიგეგმა მომდევნო მიტინგიც. ბოლოს ე.წ. შს მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ `თანამშრომლობის ეს ხელშეკრულება ხელმოწერას არ ექვემდებარება”. ეს თემა სოხუმში დაიხურა, თუმცა მოსკოვში ამ ფაქტს აფხაზების დემარში უწოდეს და კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგების მუქარაც გაისმა”, – განაგრძობს გამოცემა.
“კერძოდ, ბორის შმელიოვმა განაცხადა, რომ “აფხაზების უარი არის დემარში, კვაზი დამოუკიდებლობის დემონსტრირება და ლოკალური ნაციონალიზმი, რომელიც აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს”. შმელიოვმა აფხაზებს შეახსენა, რომ “აფხაზეთი თავის არსებობას რუსეთს უნდა უმადლოდეს” და დასძინა, რომ ამიერიდან რუსეთი აფხაზეთის შიდა პროცესებში “მკვეთრად უნდა ჩაერიოს”. შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აქამდე რუსეთი ასეთი რადიკალური არ იყო აფხაზების მიმართ, მაგრამ ახლა უკრაინაში მიზანს ვერ აღწევს და ის მაინც უნდა აჩვენოს, რომ აფხაზეთში ყველაფერს აკონტროლებს. ხოლო ახალგაზრდული მოძრაობა “ამრას” თანადამფუძნებელი მიხეილ კვატაშიძე ამბობს, რომ აფხაზეთში დიდი პროპაგანდაა, რომ ახალგაზრდებმა რუსეთის იქით ხსნა არ ეძებონ და რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც დაეხმარა აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში…” – დასძენს გამოცემა.
“რუსეთს სურს მიწის პრივატიზაცია, აფხაზები ეწინააღმდეგებიან და დღეს მამა ღმერთი ვერ იყიდის მიწას აფხაზეთში. რუსეთს სურს უძრავი ქონების შეძენა, აფხაზები უარზე არიან და დღეს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს აქვს უძრავი ქონების ყიდვის უფლება. ვინაიდან რუსეთმა ეს თემები ვერ დაძრა, გადაწყვიტა დაექუცმაცებინა. ჯერ წაიღო, ვითომ არენდით, მაგრამ ხელშეკრულებაში ისეთი პირობები ჩადეს, რომ 49 წლის შემდეგ ის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადავა, თუმცა იქაურმა ოპოზიციამ მესამე პირზე გადაცემა რომ ამოიღო შეთანხმებიდან, ამაზე გაბრაზდნენ და საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს აფხაზებს. ახლა უძრავ ქონებას მიადგებიან “აპარტ-ოტელების კანონის” მიღებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთი თავად ააშენებს ბინებს, რათა ისევ რუსებს მიჰყიდოს და ამას დიდი ხმაური მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭვინთის საკითხი მაინც გაათრიეს, ეს ახალი კანონი გამოწვევა იქნება აფხაზთა სამოქალაქო სექტორისათვის და ამიტომ რუსეთი ცდილობს სამოქალაქო სექტორი გააჩუმოს და ე.წ. პარლამენტს მიაღებინოს რუსული კანონი “უცხოელი აგენტების შესახებ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“კრემლმა იცის, რომ შეიძლება დაიწყოს აქციები, ამიტომ მოინდომა აფხაზეთში “როსგვარდიის” შეყვანა თავისი ინტერესების დასაცავად. აქამდე მოსკოვი აფხაზებთან ასეთი რადიკალური არ იყო, მაგრამ ახლა აშკარად გააქტიურდა დაშინების, შანტაჟის ფორმით. ემუქრება აფხაზებს, რომ ტურისტების ნაკადს შეამცირებს. იცის, რომ ეს დარტყმა იქნება ისედაც სუსტი აფხაზური ეკონომიკისათვის. მას შეუძლია საზღვრები დაკეტოს და აფხაზებს ეს აშფოთებთ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში უკმაყოფილება დიდია, ამას საჯაროდ არავინ ამბობს. აფხაზებს რუსეთი მეგობრად აღარ მიაჩნიათ. აფხაზებისთვის საქართველო მტერია, რუსეთი კი პრობლემა. იციან, რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რომ სხვაგვარად არც დაიცავს აფხაზეთს… რუსეთი აფხაზების მოგუდვას აქტიურად გააგრძელებს. შემდეგი ნაბიჯი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება იქნება. მიწის საკუთრება აფხაზეთში საკრალური თემა იყო და რუსებმა მაინც შეძლეს აგარაკების ცხვირწინ აცლა, სამოქალაქო სექტორის დადუმებას კი საზოგადოება დიდად არც შეეწინააღმდეგება. “როსგვარდიის” თემაც დაბრუნდება. დე ფაქტო მინისტრმა ჩახლართულად თქვა, ამის ხელმოწერა შეუძლებელიაო. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება რუსებმა რაღაც შეცვალონ ხელშეკრულებაში და მერე უკვე “შესაძლებელი იქნება” ხელმოწერა – აფხაზებს ასე ნელ-ნელა დაათმობინებენ ყველაფერს”, – დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“რაც “ამრა” დავაფუძნეთ, აფხაზ ახალგაზრდებთან ურთიერთობაც დავიწყეთ. “ამრას” თანადამფუძნებელია აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა. თბილისში მისი გადმოსვლის შემდეგ ის აფხაზეთში “სახელმწიფოს მტრად” გამოაცხადეს და იქ ჩასვლაც აუკრძალეს. ამის მიუხედავად სოცქსელებით აფხაზებთან ურთიერთობა მაინც გვაქვს. მაგალითად, როდესაც “ტიკ-ტოკზე” სტრიმს ვრთავთ, 500 კაცი მაინც შემოდის და მიდის გაცხოველებული კამათი. ვცდილობთ აფხაზებს ალტერნატივა დავანახოთ, ვეპატიჟებით თბილისში. იშვიათად, მაგრამ ერთი-ორი ჩამოდის, ხედავენ, რომ არავინ გამოეკიდება მოსაკლავად. აფხაზეთში კი პროპაგანდაა, რომ თბილისში აფხაზები სძულთ, თუ ჩახვალთ, ქუჩაში გცემენ, ელგებეტეებს მიგაგდებენ. ეს მუშაობს და ახალგაზრდებში ქართველების მიმართ დიდი აგრესია და უნდობლობაა. ჩვენ ვცდილობთ, აგრესია გავანეიტრალოთ”, – აცხადებს აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ კვატაშიძე.
“რაც შეეხება რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას, ადრე კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის, მაგრამ ბოლო დროს პროპაგანდა გაძლიერდა, აფხაზებს ეუბნებიან, შეხედეთ ჩეჩნეთს, დაღესტანს, ინგუშეთს, რუსეთის შემადგენლობაშია სამივე და არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ენა, კულტურა და იდენტობაო. ასე ნელ-ნელა მუშაობენ, რომ წლების შემდეგ აფხაზები რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დათანხმდნენ. რუსებისთვის უცხოა აფხაზების გაძალიანება, თუნდაც ის დიდი პროტესტი, რაც ბიჭვინთის აგარაკების გამო იყო. რუსებს სურთ საბოლოოდ გადატეხონ აფხაზთა წინააღმდეგობა, რათა მარტივად გაატარონ საკუთარი ინტერესები. ამიტომაც გაახშირეს პრეტენზიები. სწორედ ამას უკავშირდება ტურისტებისთვის გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ჩასვლა საშიშია. თუ აფხაზები გონს არ მოეგებიან, მსგავსი “გაფრთხილებები” კიდევ გაგრძელდება”, – განაგრძობს ახალგაზრდული მოძრაობა “ამრას” თანადამფუძნებელი.
“აფხაზეთში სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის მიიღეს კანონი და ქალაქში შორტებითა და საცურაო კოსტიუმებით გამოსვლა ჯარიმდება. რუსი ტურისტები იმისთვის სჭირდებათ, რომ ფართობებს აქირავებენ, რაც მათი მთავარი შემოსავლის წყაროა, მაგრამ თან ფული სჭირდებათ და თან რუსები აღიზიანებთ. როცა ერთ აფხაზს ვკითხე, რატომ არ ყიდით მიწას-მეთქი, მიპასუხა, წარმოიდგინე, ჩემი სახლის გვერდით რუსმა რომ იყიდოს სახლი, დილით რომ აივანზე შორტებით გამოვა, წელზევით შიშველი, ამას ჩემი ოჯახის ქალებმა როგორ უნდა შეხედონო… ყოველ წელს რუსი ტურისტების დაყაჩაღების, დაჭრის, გატაცების უამრავი შემთხვევაა. მაგალითად, ოჯახის თვალწინ მოკლეს მამაკაცი. ასევე ორ რუს ტურისტს რესტორანში ფეხები დაუხვრიტეს. უამრავი ვიდეოა ინტერნეტში, როგორ ართმევენ რუს ტურისტებს ფულს აფხაზი მილიციელები, გზაზე აჩერებენ ინსპექტორები და ჯარიმის გადახდას ითხოვენ. ასე რომ, აფხაზეთში ერთხელ ჩასული ტურისტის 90% იქ მეორედ აღარ ბრუნდება. ეს გამოიყენა კრემლმა, თითქოს სახიფათო ახლა გახდა აფხაზეთი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შეაშინონ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, ტურისტები არ გეყოლებათო”, – დასძენს მიხეილ კვატაშიძე და შეკითხვაზე – “როსგვარდიასთან” ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებამაც გამოიწვია პროტესტი…” – პასუხობს:
“როსგვარდიის” კანონზე ჩვენ თბილისიდან ავტეხეთ ბუმი და ამას აფხაზეთში დიდი ხმაური მოჰყვა… ადრე თუ გვიან, კრემლი მოახერხებს მიწის პრივატიზაციისა და ბინების მშენებლობის კანონების მიღებას. ააშენებენ და “როსგვარდია” რუსების ქონების დასაცავად სჭირდებათ… აფხაზი საზოგადოება გაორებულია. ერთი მხრივ, სურთ დამოუკიდებლები იყვნენ, მეორე მხრივ, შიშობენ, რომ რუსეთის გარეშე ვერაფერს იზამენ. მათთვის რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც დაეხმარა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთმა აღიარა მათი “დამოუკიდებლობა” და ამიტომ მთავარი პარტნიორია. რასაც რუსეთი დღეს ითხოვს, არ მოსწონთ, მაგრამ საჯაროდ არაფერს ამბობენ, მით უმეტეს, ჩვენთან, ქართველებთან. უმეტესად ტელეგრამჯგუფებიდან ვიგებთ მათ განწყობებს. ახლახან ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფის წევრმა ძველი გრავიურის ფოტო დადო, შერვაშიძეს აკავებენ რუსები, და ტექსტი მიუწერა, მალე მოვა დრო, როდესაც პატიოსანი აფხაზი იძულებული გახდება ქვეყნიდან გაიქცეს, ან თბილისში მოგვიწევს დამალვა, ან სტამბოლშიო. თუმცა ასეთი რამ იშვიათად იწერება…”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …