“ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით”; “ელისაშვილი გაყიდული არამზადაა” – ელისაშვილი და ბესელია

დეპუტატმა, გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ დანიშნოს და განაცხადა:
„იმედი მაქვს, ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება და ამბობს:
„არ ვიცი, რატომ მოიგონეს და რისთვის დასჭირდათ, მაგრამ პრეზიდენტს არც შეწყალების კომისია აქვს ხუთი წელია და არც მე გამჩენია ეგეთი ფიქრი გონებაში, არც საუბარი არ მქონია. მე მგონია, რომ ცუდი ზრახვები გაუჩნდა ვიღაცას, რის გამოც დილიდან დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება. გეტყოდით, მსგავს რამეზე რომ იყოს საუბარი. ალბათ რაღაც ახალი შეტევა დაიწყეს, რომელშიც ჩართეს ეს გაყიდული, ყველაზე არამზადა პოლიტიკოსი ელისაშვილი და დადგა ტრიბუნასთან, თქვა ძალიან სულელური რამდენიმე ფრაზა. ალბათ დასჭირდათ, რაღაც ფონი რომ შეექმნათ. მაგალითად, თქვა, რომ დაინტერესდით მედია „მართლმსაჯულების სახლით“. დაინტერესდით, ეს უსაყვარლესი საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც მეც ვაფინანსებ და „იუესაიდიც“. ეს არის საჩუქარი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ვამზადებთ სამართლის სფეროში, რომ ქვეყანაში კლანი არ იყოს სასამართლოში და იყვნენ წესიერი იურისტები, წესიერი საჯარო მოხელეები. შალვა პაპუაშვილს შევთავაზე, რომ უფასო ტრენინგებს გავატარებ ამ „მართლმსაჯულების სახლში“. ძალიან მოუხდება, მას ეს სჭირდება, ვატყობ, არ იცის, სად არის, რომელ ინსტიტუციას წარმოადგენს, როგორ უნდა მუშაობდეს. ჩემი დაწერილი სამაგისტრო წიგნი პარლამენტს რომ დავუტოვე, თუ არ წაუკითხავს, ჯერ მოიკითხოს, რაღაცები გამოადგება. თუ არ სცალია, შევუთანხმებ დროს, ტრენინგები როდის ჩავუტარო. უფასოა, ბატონო შალვა, საჩუქარია, ამისთვის მე ჰონორარს არ ვიღებ. უბრალოდ, ამას ჩემს ქვეყანას ვუკეთებ და ჩემს საქმეს, პროფესიას. ალეკო ელისაშვილი კი ყველაზე არამზადაა მთელ ისტორიაში. გავიგე, „ქართულ ოცნებას“ ნერვები ეშლება, რატომ ვიცავ პრეზიდენტს, რატომ ვსაუბრობ მართლმსაჯულების პრობლემებზე, რატომ ვებრძვი კლანს, მაგრამ ელისაშვილის როლი ნახეთ, როგორი არამზადა, რომ დადგა დღეს ტრიბუნასთან. პასუხს მოვთხოვ აუცილებლად. ერთხელ მას მოვუგე პროცესი, კომპენსაციაც გადაიხადა. ახლა კიდევ უფრო მოვთხოვ ამის გამო პასუხს. ძალიან ფრთხილად იყოს. ჩემთვის ყველაზე დაბალი საბრძოლო არეალია, რადგან იმ დონის გაყიდული არამზადაა, შეუძლია, დადგეს, შეურაცხყოფა მოგაყენოს და ის დაგაბრალოს, რასაც თვითონ აკეთებს. თვითონ იყო ჩართული კორუფციაში, თვითონ ვაჭრობდა, მათ შორის, პატიმრების ბედით, როცა თავად იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე“