ფიროსმანის ქუჩის N29-ში მდებარე მე-19 საუკუნის შენობის რეაბილიტაცია გრძელდება – თბილისის მერია
„თბილისის განვითარების ფონდი“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის N29-ში, სადაც გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლებისა და ნალესობის დემონტაჟი, შიდა კედლების ლესვა ცემენტის ხსნარით, წინა ფასადზე თაბაშირის დეტალების მონტაჟი, უკანა ეზოში აგურის აღდგენისა და აივნის ლითონკონსტრუქციების შედუღების სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ფიროსმანის ქ. N29-ში არსებულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ძალიან მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, 60-მდე ოჯახი ცხოვრობდა. მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაცია, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. აღნიშნული შენობა-ნაგებობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ ცხოვრობდა ნიკო ფიროსმანი. შესაბამისად, რეაბილიტირდება მისი სახლ-მუზეუმიც. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადად, აღნიშნული ქუჩა ავარიულ მდგომარეობაშია. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა მთლიან ქუჩაზე, შემდეგი ეტაპი კი იქნება აქ განლაგებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შენობას, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული, დღემდე პირვანდელი არქიტექტურული იერი აქვს შეუნარჩუნებული და ფიროსმანის ქუჩის მჭიდრო განაშენიანებას ორგანულად ერწყმის.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია: საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრება; ფასადების პირვანდელი სახით აღდგენა ავთენტური არქიტექტურული დეტალების შენარჩუნებით; უკანა ფასადზე არსებული არაავთენტური მინაშენების დემონტაჟი და თანადროული ფასადის აღდგენა; ეზოს მხარეს არსებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდის პირვანდელი სახით აღდგენა; გადახურვის შეცვლა აგურისფერი თუნუქის ბურულით.
გარდა ამისა, სამუშაოების დროს განახლდება წყლის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების ქსელები როგორც საერთო, ისე საცხოვრებელ სივრცეებში. ეზოში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 60 ბენეფიციარს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და გაიზრდება მათი უძრავი ქონების ღირებულება. პროექტისთვის რვა მილიონი ლარი დაიხარჯება.
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით მაქაცარია, ასევე, პარლამენტის დელეგატი რიმა ბერაძე და საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს



