რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 20 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა Shahed-ის ტიპის 108 ე.წ. დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახეობის უპილოტო იმიტატორები.
სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში გააუვნებელყო 93 Shahed-ი. საჰაერო ძალების ცნობითვე, საცეცხლე საშუალებებით ჩამოაგდეს სხვა სახეობების 35 დრონი, კიდევ 58 კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
20 მაისის დილის 10 საათისთვის ცნობილია, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის რაიონში დაზიანდა ფერმერული მეურნეობა, სადაც ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია სინელნიკოვის რაიონში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო მხოლოდ ბრიანსკის ოლქზე, სადაც 8 დრონი გაანადგურეს.
ფორუმი
