უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია TISZA-ს ხელმძღვანელი, პეტერ მადიარი, რომელიც ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი ხდება, პირობას დებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საინფორმაციო ტრანსლაციას დროებით შეაჩერებს მას შემდეგ, რაც ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ. მისი თქმით, მაუწყებლობა აღდგება მაშინ, როცა “საზოგადოებრივი მომსახურების ფორმა” აღდგება.
15 აპრილს მადიარი 18 თვის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, M1-ის ეთერში. აქამდე კი მან ისაუბრა რადიო Kossuth-ის ეთერში. ამ რადიოს ხშირი სტუმარი ვიქტორ ორბანი იყო.
“წლინახევრის შემდეგ “საზოგადოებრივი” ტელევიზიის სტუდიაში დავრბუნდი. ჩვენ პროპაგანდის მანქანის ბოლო დღეების მომსწრე გავხდით. TISZA-ს მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჩვენ შევაჩერებთ “საზოგადოებრივი” მედიის საინფორმაციო გამოშვებებს მანამ, სანამ საზოგადოებრივი მომსახურების ფორმა არ აღდგება.” – დაწერა X-ზე მადიარმა.
ამავე შინაარსის სიტყვები მან რადიო Kossuth-ის ეთერშიც წარმოთქვა. საზოგადოებრივ მაუწყებელში მადიარსა და გადაცემის წამყვანს შორის ცხარე კამათიც გაიმართა. მადიარის თქმით, ის არ აპირებს მაუწყებლობის შეჩერებას პირადი მიზეზების გამო, არამედ ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ უნგრელი ხალხი იმსახურებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც გადასცემს რეალობას. მისი თქმით, მედიასერვისების მხარდაჭერისა და ქონების მართვის ფონდი (MTVA) ორბანს “ომის ისტერიკის” პროპაგანდის გავრცელებაში ეხმარებოდა, რაც “ბავშვებსა და მოხუცებში შიშს თესავდა”. მისივე თქმით, საჭირო იქნება მედიის ახალი კანონის მიღება და მარეგულირებელი ორგანოს დანიშვნა. მადიარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ნარატივები მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსისა და ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდას შეადარა.
მადიარმა საუბარი საზოგადოებრივი ტელევიზიის, M1-ის ეთერში გააგრძელა. აქ მან თქვა, რომ “ეს ტყუილების ქარხანა მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ დასრულდება”. მან რადიოს ეთერში ნათქვამი კამერების წინაც გაიმეორა.
