“სრული სიგიჟე! სრული სირცხვილი! თავად სახელმწიფოს გაუღია კარი ამ საზიზღარი, ამაზრზენი ბიზნესისთვის” – ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
სამარცხვინოა სახელმწიფო, რომელიც ახალგაზრდებს სხვა არჩევანს არ უტოვებს და ქმნის გარემოს, სადაც ადამიანებს ონლაინ-კაზინოში დასაქმების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს. გაფიცულთა გვერდზე ისიც კი წავიკითხე, რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” ქართულ ბაზარზე შემოსვლაში თავისი წვლილი “აწარმოე საქართველოსაც” მიუძღვის. სრული სიგიჟე! სრული სირცხვილი! თავად სახელმწიფოს გაუღია კარი ამ საზიზღარი, ამაზრზენი ბიზნესისთვის. მოკლედ, სანამ მორალისტები გამოვარდებით და ამ ახალგაზრდებს გააკრიტიკებთ ონლაინ-სამორინეში მუშაობის გამო, ჯერ თქვენი ხელისუფლებისკენ მიმართეთ მზერა და დაფიქრდით რა არჩევანი აქვთ დღეს საქართველოში ჩვენს თანატოლებსა და უმცროს თაობას! დაბეჯითებით მოგიწოდებთ წაიკითხოთ გიორგი ღვინჯილიას სტატია https://www.mautskebeli.ge/all-articles/1491 ღვინჯილია თავის ტექსტში რამდენიმე საგულისხმო მონაცემს გვიზიარებს: “ევოლუშენი” 23 მილიარდის საბაზრო კაპიტალს ფლობს. 2023 წლის სუფთა მოგებამ მილიარდი დოლარი შეადგინა, 2024 წლის პირველი კვარტლისამ კი ნახევარი მილიარდი. კომპანიის 16 000 თანამშრომლიდან 8 000 საქართველოშია დასაქმებული. 2018 წელს კომპანიის თბილისის განყოფილებაში მხოლოდ 1000 ადამიანი მუშაობდა, დასაქმებულთა რაოდენობა სულ მუდამ იზრდება. რა განაპირობებს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას “ევოლუშენის” თბილისის ფილიალში? – ჩვენს ქვეყანაში დასაქმებული დაუცველია, ელემენტარული შრომითი უფლებების გამოყენებაც უჭირს, საწარმოს ბევრი არაფერი მოეთხოვება, შეუძლია მონათმფლობელი გახდეს. – საქართველოში კატასტროფულად მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შორის. საქსტატის მონაცემებით ამ ასაკის ახალგაზრდების 31% არც სწავლობს და არც მუშაობს (სინამდვილეში, ალბათ, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია). – ქართველ ახალგაზრდებს სხვა სამუშაოს პოვნა უჭირთ. ქვეყანაში არაფერი მუშაობს. არადა, მათ გადასახდელი აქვთ სწავლის ქირა, ბინის ქირა, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემისგან მიტოვებულ მშობლებზე ზრუნვის ვალდებულებაც აწევთ მხრებზე, ბევრი მარტოხელა დედაა და ა.შ. შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ. – ქართველ ახალგაზრდებს თავად აქვთ თამაშის გამოცდილება, ამიტომ უნარიანი, კომპეტენტური დასაქმებულები არიან მომავალში სათამაშო ბიზნესის უდიდესი ნაწილი ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მაშასადამე, კომპანიას ყველა შემთხევაში დიდი ზრდა მოელის წინ. ერთი სიტყვით, “ევოლუშენი” თავის კოლოსალურ მოგებას ჩვენი ახალგაზრდების გაჭირვებაზე აშენებს და მათი სასიცოცხლო, თვითგანვითარებისთვის აუცილებელი ენერგიის პარაზიტია! და მიუხედავად ამისა, ოდნავ უკეთესი ხელფასის გადახდაც არ უნდა. ამიტომ კბილებში უნდა მოხვდეს! (პოლიტიკურად)
ფოტო: ლექცია გაფიცულებთან / ამომრჩევლები
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.