„სპექტაკლში „მეფე ლირი“ ვმონაწილეობ, არ მგონია, რომ სცენაზე პოლიტიკის ადგილია" - მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა და თეატრი ერთმანეთთან არაფერ შუაშია და რომ სცენაზე პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის:
„ყველას აზრს პატივს ვცემ მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნლეში, ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი, რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე გავსულიყავი „პაკლონიდან“.
ჩემი გასვლა არამგონია გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!! პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი, საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ, რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან!
ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას.
უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არა ერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 – არ ვეთანხმები იმ შინაარსს რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 – სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.
მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.
ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს!“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.