საპროტესტო აქციის მონაწილე, ჟურნალისტი ირაკლი წულაია, რომელსაც შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ქოჩქიანმა წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წულაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
დაკავებულის ადვოკატის, მარიამ ჩხეიძის თქმით კი, წულაიას გზის ხელოვნურად გადაკეტვა არ ჰქონია მიზნად და ის საკუთარ პროტესტს გამოხატავდა. პოზიცია დააფიქსირა თავად წულაიამაც.
“ერთი წლის წინ, სპეცრაზმმა დამაკავა, სასტიკად გამისწორდნენ, ამ ერთი წლის განმავლობაში არ დაკითხული არც ერთი სპეცრაზმელი. არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონებს…მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს არ დაემორჩილონ”, – განაცხადა წულაიამ.
ირაკლი წულაიას 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
