რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ნანატრი სცენარია, თუნდაც ეკონომიკური ზრდა შემცირდეს საქართველოში – ოთარ ნადარაია

„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ყველასთვის ნანატრი სცენარია, თუნდაც ეკონომიკური ზრდა შემცირდეს საქართველოში, ჩემი აზრი ასეთია“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ ეკონომიკურ ზრდასა და მასზე მიგრანტების ფაქტორის გავლენაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიგრაციის მკვეთრი და არსებითი შემცირება აღარ იკვეთება.
„მნიშვნელოვანია, მიგრანტებს რაც აქვთ თიბისის ბარათები, იმ ბარათებით რამდენ ფულს ხარჯავენ საქართველოში. ბოლო ყოველკვირეულ განახლებაში იანვარ-თებერვალში გვქონდა მცირედი ზრდა და მარტში კიდევ მნიშვნელოვანი ზრდა. პიკთან შედარებით მაინც დაბალია ხარჯები, მაგრამ მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. რუსეთში ხელახალი მობილიზაციის გამოცხადებას რაც შეეხება. ძალიან უხერხულია ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, დადებით ეფექტებზე საუბარი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ჩვენთვის ყველასთვის ნანატრი სცენარია, თუნდაც ეკონომიკური ზრდა შემცირდეს საქართველოში, ჩემი აზრი ასეთია. მაგრამ ფაქტი ფაქტია. 5.6%-იანი ზრდის ფონზე მიგრაციის 25%-იანი შემცირება გვქონდა, ახლა უკვე 6%-ზე მაღალი იქნება ზრდა. შეიძლება 7%-მდეც ავიდეთ. ამ სცენარში მიგრაციის მკვეთრი და არსებითი შემცირება აღარ იკვეთება. საქართველო არ არის გამონაკლისი, მეზობელ ქვეყნებში ანალოგიური ეფექტია“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.
ს მთავარი ეკონომისტის თქმით, ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის: საინვესტიციო მოთხოვნის ზრდამ და ექსპორტის გაუმჯობესებამ. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდებოდა, წმინდა სავალუტო შემოდინებები არ შემცირებულა.
„ნორმალიზების ე.წ. ტენდენცია, ძალიან მაღალი ზრდის შემდეგ, კვლავ ძალაშია. დაახლოებით 2 თვის წინ, ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში, ჩვენი პროგნოზი იყო 5.6%-იანი ზრდა. რა შეიცვალა მას შემდეგ? საინვესტიციო მოთხოვნა ძლიერია. ეს ლოგიკურია. როცა კრიზისია (კოვიდის დროს სამწუხარო პერიოდი გავიარეთ), სასტუმროში ჯერ დატვირთულობა უნდა გაიზარდოს, რომ ბიზნესმა ახალი სასტუმროს მშენებლობაზე იფიქროს. ამ მაგალითზე დაყრდნობით, ეკონომიკური აქტიურობა მაღალი იყო და, ბუნებრივია, ახლა უკვე ინვესტიციებიც საკმაოდ ძლიერია. ეს ეხება როგორც წარმოების სექტორს, ასევე ბინათმშენებლობას, ტურიზმს და ა.შ. გარდა ამისა, ხარჯვა უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენ გვქონდა პროგნოზში; ექსპორტის კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. შეიძლება ფეროშენადნობები ერთ კონკრეტული ინდუსტრიაა, მაგრამ საკმაოდ დიდი კონტრიბუცია აქვს ეკონომიკურ აქტივობებში. მიგრაციაზე რომ გადავიდე, რა იყო თვალსაჩინო და ანალიტიკურად აღსანიშნავი სექტემბრის შემდეგ ვიტყოდი, რომ მიგრაციის ეფექტი მცირდებოდა, მაგრამ წმინდა სავალუტო შემოდინებები არ მცირდებოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვიხარია, თან იმ ფონზე ინფლაციაც როცა არ არის გამოწვევა“ – აცხადებს ეკონომისტი.

ასევე დაგაინტერესებთ