რუსეთმა ქალაქ ჩერნიგოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი

დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმას, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა.
ჩერნიგოვის მერის, ალექსანდრ ლომაკოს თქმით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
“ჩერნიგოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება”. – წერს ლომაკო Telegram-ზე.
ლომაკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა შენობები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.
“09:03 საათზე ქალაქში სამი აფეთქება გაისმა, ეს არის არა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, არამედ მჭიდროდ დასახლებული მიკრორაიონი, ეს არის პირდაპირი დარტყმა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, რვასართულიან შენობაზე”. – თქვა ლომაკომ.