რობინ დანიგანი – ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც აშშ-მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს

ძალიან ამაყი ვარ იმ დახმარებით, რომელიც -მ საქართველოს გაუწია, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებმაც ეს დახმარება განახორციელეს, – აღნიშნული განცხადება დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკეთა.
ამერიკელმა დიპლომატმა იმ მნიშვნელოვანი სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში აშშ-ის უშუალო დახმარებით განხორციელდა.
“აშშ-ი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტია თანამშრომლობს, რათა 6 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება განეხორციელებინა.
რას ნიშნავს ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები ერთმანეთს მხარს უჭერენ, რათა გაძლიერდნენ და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მაგალითად, ჩვენი დახმარებით საქართველოს თავდაცვის ძალები გაძლიერდა, საქართველოს სანაპირო დაცვა აღიჭურვა, რათა საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება შეძლოს. ჩვენი დახმარებით საავადმყოფოები და სკოლები აშენდა. ჩვენ ექიმები, მასწავლებლები და გადაუდებელი დახმარების მუშაკები მოვამზადეთ. ჩვენი დახმარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრები აშენდა, რათა შშმ პირებს დავეხმაროთ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ და მათ ოჯახებს დავეხმაროთ. ჩვენი დახმარებით მცირე ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს სესხები მიეცათ. ჩვენ ახალგაზრდებს პროფესიული განათლება მივაწოდეთ, გავხსენით ამერიკული ცენტრები, სადაც ინგლისურის უფასოდ სწავლაა შესაძლებელი. ჩვენ ათასობით ქართველს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა მივეცით. ეს არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. მეგობრები ქვეყნებს განვითარებაში, ეკონომიკურად გაძლიერებასა და თავდაცვაში ეხმარებიან“, – განაცხადა დანიგანმა.
დანიგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის.
“როცა გაქვთ კანონპროექტი, რომლის შესახებაც დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ თქვენი ოკუპანტი მას მიესალმა, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის.
კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსი არ არის. აშშ-ი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს და იმას, თუ როგორ ეხმარებიან ისინი ჩვენს ქვეყანას, მიესალმება. ჩვენი კანონი მოითხოვს, რომ ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც თანხას უცხოური მთავრობების სახელით და ინტერესებით ლობირებისთვის იღებენ, დარეგისტრირდნენ. ძალიან განსხვავებული კანონია. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ აშშ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ