რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საბჭოთა კავშირის საგანგებო კომისიის (ე.წ. ჩეკა) ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სახელი დაუბრუნა.
პუტინის განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ძერჟინსკის მიერ “სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინებით”.
“ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებში კადრების პროფესიული მომზადების საქმეში საგანმანათლებლო დაწესებულების პირადი შემადგენლობის დამსახურებების გათვალისწინებით და ფ. ე. ძერჟინსკის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მხედველობაში მიღებით, ვადგენ: საგანმანათლებლო დაწესებულებას მიენიჭოს “ფ. ე. ძერჟინსკის სახელობის” საპატიო სახელწოდება და ამიერიდან ეწოდოს “რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ფ. ე. ძერჟინსკის სახელობის აკადემია”.” – წერია განკარგულებაში.
ФСБ-ს აკადემია რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა. 1962-1993 წლებში ФСБ-ს წინაპარ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) უმაღლესი სკოლა ძერჟინსკის სახელობის იყო.
ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ფელიქს ძერჟინსკიმ დააფუძნა მთელი რუსეთის საგანგებო კომისია (ВЧК), რომლის შთამომავალ ორგანოებს НКВД (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი), КГБ და ФСБ წარმოადგენს. “რკინის ფელიქსის” მეტსახელით ცნობილი ძერჟინსკი წითელი ტერორის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.
რუსული დამოუკიდებელი მედიაპროექტი Faridaily აღნიშნავს, რომ “ეს, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როცა პუტინმა საჯაროდ შეაფასა “რკინის ფელიქსის” პიროვნება”. აქამდე, 2025 წელს რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოთქვა მწუხარება, რომ 1991 წელს ძერჟინსკის ძეგლი აიღეს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ФСБ-ს შენობის წინ ძერჟინსკის ძეგლის დაბრუნებას რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია ითხოვს.