პთბილისში გრძელდება პროევროპული აქციის მონაწილეების დაკავებები. გუშინ, 31 ოქტომბრის საღამოს პოლიციამ აქციის კიდევ ორი მონაწილე – ყოფილი დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი და ზურა მენთეშაშვილი დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მათ. “ნეტგაზეთი” დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში აქციის 29 მონაწილე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით, “რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო”.
“აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ გაკეთებულ არაერთ მოწოდებას, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი – მცირე რაოდენობის მიუხედავად, დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი და ხელოვნურად შეაფერხეს ტრანსპორტის მოძრაობა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, – წერია პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
“ოცნების” პარლამენტმა მიიღო გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც აჯარიმებს, დევნის და აპატიმრებს პროევროპული აქციების მონაწილეებს.




