პარლამენტმა ”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და თანმდევ კანონებში.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები სხვა პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისთვის დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.
კომპენსაცია, ასევე, გაეზრდებათ, ყოფილ მოსამართლეებს, ყოფილ პროკურორებს, ყოფილ პარლამენტარებსა და პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ მოსამსახურეებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს.
ცვლილებების თანახმად, 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი – ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი – კაპიტანი) – 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი – პოლკოვნიკი − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი – გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.
ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა.
ამასთან, ცვლილების შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს ნამსახურების ვადაში დამატებით ჩაეთვლებათ 2005–2015 წლებში მუნიციპალიტეტის ორგანოებში წოდების გარეშე ნამსახურების პერიოდი.
ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო განხილვების შედეგად, კანონპროექტში გათვალისწინებულ იქნა ინდექსაციის საკითხი, რომლის თანახმადაც 2025 წლის 1 იანვრიდან კომპენსაციის ზედა ზღვარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია პენსიის მიმღები სხვა ყველა პირისთვის.
ინფორმაციას -ს ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ