პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს

პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვას დღეიდან იწყებს. ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს 15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს. კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.
მასთან ერთად კანონმდებლები განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – ს ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები.
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე “ჩაგდებული” პროექტის იდენტურია.
ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა და საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსება. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.
რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრების მიერ არის ინიცირებული. “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი.
დღესვე განიხილება კიდევ ერთი, “გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატივაა. ამ პროექტის მიხედვით, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას და სხვა ძირითად მოთხოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ