„ოცნებამ ევროპას უთხრა – არა“ – სალომე ზურაბიშვილი

„ოცნებამ ევროპას უთხრა – არა ყველა მიმართულებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ე.წ რუსული კანონის პარლამენტში კვლავ დაინიციირებას გამოეხმაურება.
. მისი თქმით, ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით – არასდროს დაბრუნება აქ.
„ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ ის შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონით, ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ – რუსული კანონის ინიციირება, 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ, არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი მცნება – ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დაინახოთ, არ გინდათ რომ მოისმინოთ რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულებით – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასდროს დაბრუნება აქ.
ოცნებამ უკვე თავისი სახე გამოაჩინა, ერთი პერიოდი – 15 დეკემბრიდან 1 თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, ოცნებამ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ დღეს ხელახლა წარადგინა პარლამენტში ე.წ. „რუსული კანონი“, რასაც ოპოზიციის და საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარდა ამისა, პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო.
პრეზიდენტის ბრიფინგი სწორედ ე.წ. კვოტირების კანონის მიღებასა და ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას უკავშირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ