ნიკა გვარამია არ გამორიცხავს მის გუნდში “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების გაერთიანებას

ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ლიდერი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი პოლიტიკური ძალის სასურველ შედეგზე და გზებზე, რამაც შეიძლება საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოაპოვებინოს. გვარამიას თქმით, შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შედგება ფართო გაერთიანება. მისი და მელიას უკვე შემდგარი ერთიანობის პირობებში კი ვარაუდობს, რომ ისინი 20%-იან შედეგს აჩვენებენ.
“მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ, რეზერვაციები საერთო არ არ მაქვს ამ მიმართულებით. მე ნებისმიერი ჩემი ამბიციის დათმობისთვის ვარ მზად. ჩემი ამბიცია არის რომ ჩემს სახელს დაუკავშირდეს ერთიანობა და ცვლილებები. ეს ამბიცია მაქვს. პრემიერ-მინისტრი გავხდე, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ეს ამბიცია მე არ მაქვს. შეიძლება ეს უფრო დიდი ამბიციაა და უფრო თავხედი ვარ, მაგრამ მე ეს მაინტერესებს.
ის ვინც ალბათობა მაინც არსებობს, რომ ს ტროლია, გამორიცხულია [ჩვენთან იყოს]. ფილტრი უნდა დავაყენოთ, რომ ვინმე არ შემოიპაროს. შეიძლება რა მოხდეს იცით, ვიღაც გაიყვანო პარლამენტში შენი სიით და ის აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმების შემვსები. ეს არ უნდა მოხდეს, როგორც პარტიის შემთხვევაში, ისე ინდივიდების შემთხვევაში. ფრთხილად უნდა იყო ამ თვალსაზრისით” – ამბობს ნიკა გვარამია და ასახელებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და ადამიანებს, ვისთან ერთიანობაც მისთვის და “ახალისთვის” საინტერესოდ გამოიყურება.
“ჩემთვის მთავარი ამბავია რომ სანდო ძალასთან მქონდეს საქმე, პროდასავლურ და ბრძოლისუნარიან ძალასთან. მე “ლელოს” ვსიმპატიზირებ, “გირჩი-დროას” ვსიმპატიზირებ, ცალკეულ ადამიანებს, მაგალითად ნინო ლომჯარიას ვსიმპატიზირებ, გიორგი ქადაგიძეს ვსიმპატიზირებ. მინდა ბოლო-ბოლო გადაწყვიტოს ზოგიერთმა მსხვილმა ფიგურამ პოლიტიკაში შემოსვლა – ვიცი, სურვილი არის, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის. ასე არასოდეს არაფერი გამოვა. რაღაც თვალსაზრისით თვალები უნდა დახუჭო და წინ ნაბიჯი გადადგა. ბოლომდე ურისკო ეგეთი გადაწყვეტილებები ვერ იქნება. სიახლეები მხოლოდ ასე იწყება” – უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა გვარამიამ 13 მარტს ჩაწერილ ინტერვიუში. ის თვლის, რომ იმ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამომრჩეველი, რომელიც 11 მარტს წარადგინა, იქნებიან როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ამომრჩევლები, ასევე ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერებიც. მეტიც, გვარამია ამბობს, რომ მოსალოდნელია მის პოლიტიკურ ძალაშიც იხილოს საზოგადოებამ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები.
“გედიზე [გედევან ფოფხაძე – რ.თ.] რომ ამბავი ატყდა, ყოფილი ქოცი…ყოფილი ქოცები კიდევ იქნებიან. გედი საკმაოდ ადრე წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, იმის მერე წამოსულებიც იქნებიან. ყველა, ვისაც აქვს რესურსები, უნდა იქნას გამოყენებული. ყველა უნდა იქნას გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და თუ ყოფილი “ქოცი” ბედავს, სურვილი აქვს და შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი თავადვე შეცვალოს, გამოასწოროს თავისი შეცდომა, რატომაც არა. მე მინდა მათ ამის შესაძლებლობა მივცე. მე მინდა ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რომ ერთად უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა” – ამბობს ნიკა გვარამია.
პარტია ახალი ნიკა გვარამიამ და მ 11 მარტს წარუდგინეს საზოგადოებას – პარტია ოფიციალურად ჯერ რეგისტრირებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება და ამ პოსტს საწყის ეტაპზე მელია და გვარამია დაიკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ