მომიტინგეები აცხადებენ, რომ ღამეს ჭავჭავაძის გამზირზე გაათენებენ

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან ღამეს გაათენებენ.
დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძეს და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს.
„საიდანაც დაიწყო პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს მათე დევიძისთვის, სინდისის პატიმრებისთვის“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებენ მოქალაქეებს, შემოუერთდნენ პროტესტს.
ისინი სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი”, “ძირს უსამართლო სასამართლო”.
თავდაპირველად, მას შემდეგ, რაც სასამართლოში მათე დევიძის განაჩენი გამოცხადდა, მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მათ სიმბოლურად, სწორედ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს, ადგილი, სადაც გასული წლის 19 ნოემბერს მათე დევიძე დააკავეს. მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის, თსუ-ს პირველი კორპუსთან აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ორი კარავი.
ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.