მინისტრებს არ აქვთ პასუხი, რატომ სჭირდება გამჭვირვალობას იარლიყის მიკვრა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს არ აქვს პასუხი კითხვაზე, გრანტის მიმღებ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავტომატურად რატომ უნდა დაერქვას უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და არა — მთავრობას, რომელიც მხოლოდ წელს 266 მილიონი ლარის ოდენობის გრანტს იღებს (მათ შორის დაახლოებით 130 მლნ ლარს უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან).
„საქართველოს ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე ბიუჯეტი მსოფლიოში. ყველა გრანტი, რომელიც აქვს სახელმწიფო ორგანიზაციას, ამის რეგისტრაცია ხდება, ეს გრანტები არის საჯარო, დეკლარირდება, მათ შორის, ბიუჯეტში“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და უნდა გამოქვეყნდეს ის ფინანსური ანგარიშგებები, რომელიც „დღეს პრაქტიკულად არ ქვეყნდება“. თუმცა მინისტრმა ვერ უპასუხა არაერთგზის გამეორებულ კითხვას, გრანტის მიღებისთვის რატომ უნდა დაერქვას მედიას და არასამთავრობოებს მესამე ძალის ინტერესების გამტარი და მთავრობას — არა.
„ბიუჯეტი არის სრულიად გამჭვირვალე. გამჭვირვალობასთან მიმართებაში ვერანაირი კითხვა ვერ დაისმება“, — განაცხადა ხუციშვილმა.
გამჭვირვალობაზე საჭიროებაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც და ამბობს, რომ კანონპროექტის შინაარსზე ყველა თანხმდება, თუ რამე „დასამალი არა აქვს“.
„იარლიყზე არ ვთანხმდებით… რაც შეეხება სათაურს, სათაურზე შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. თუ მნიშვნელოვანი შემოსავლები კონკრეტული ქვეყნიდან არის, ეს თავის თავში მოიაზრებს, რომ გარკვეულწილად ეს ორგანიზაცია ატარებს ამ ქვეყნის ინტერესს“, — განაცხადა დავითაშვილმა.
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. ამასთან, კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრში რეგისტრირდება ევალება არასამთავრობოებს და მედიას, და არა — კომერციულ ორგანიზაციებს, ან მთავრობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა