“მთელი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ მართლა ალექსანდრეაო” – ალექსანდრე ზაზარაშვილის გავლილი გზა – Marao

ოთხი წლის შემდეგ მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. დედასთან მისი შეხვედრის ემოციური კადრები, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა. ალექსანდრე საკუთარი ემოციების შესახებ თავად მოგვიყვება.
ალექსანდრე ზაზარაშვილი: ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა.
თვითმფრინავში ჯდომისას რომ ვფიქრობდი, მალე ჩემი ოჯახის წევრებს ვნახავდი, ღამე კი ჩემს ლოგინში დავიძინებდი, გული ისე მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ამიტომ ამაზე ფიქრსაც კი ვარიდებდი თავს. თურქეთის გავლით ჩამოვედი და გადაჯდომის შემდეგ, როდესაც უკვე თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და თბილისამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ფანჯარაში მთები დავინახე. ისეთი ლამაზი იყო, ფილმის კადრი გეგონებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ უკვე საქართველოში ვიყავი. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს მართლა ხდებოდა.
ესკალატორზე რომ ჩამოვდიოდი, კარი გაიღო და ჩემი დის და მისი მეგობრის სახე დავინახე. მათაც დამინახეს და საოცარი ემოციები ჰქონდათ. ამის შემდეგ კარი დაიკეტა და ბარგის აღებას 15 წუთი დასჭირდა. იმხელა მოლოდინი იყო, მეგონა, 15 საათი გავიდა. ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და ყველას ჩავხუტებოდი.
დედა ძალიან ემოციური ადამიანია. მისთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება. აქედან სულ სხვანაირი ალექსანდრე გაუშვეს და უცებ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი წელი სულ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით, ამდენი წლის შემდეგ რეალურად პირველად მნახეს ასეთი შეცვლილი და დედაჩემიც და მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა. დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ მართლა ალექსანდრეაო. ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა.
– როგორია ახლა აქ ყოფნა?
– მანქანაში რომ ჩავსხედით და თბილისში გავიარეთ, მეგონა, სიზმარში ვიყავით და ველოდი, როდის გამეღვიძებოდა. კიდევ არ მჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. გარშემო ქუჩებს რომ ვათვალიერებდი, თან მახსოვდა, თან არა. თითქოს ნაცნობი იყო, იმავდროულად, ძალიან უცხო და მისტიკური. სოფელში რომ შემოვედი, უამრავი რამ გამახსენდა.
მეგონა, უცხოდ ვიქნებოდი. ოთხი წელი არ ვყოფილვარ სახლში. ეს დიდი დროა, თან ისეთ ასაკში წავედი, რომ ეს ოთხი წელი 40-ს ნიშნავდა. 13 წლის წავედი და 17-ის ჩამოვედი. იქ გავიზარდე, იქ ჩამომიყალიბდა აზროვნება და ეს ოთხი წელი რეალურად ბევრად მეტია. თუმცა გაუცხოება არ მიგრძნია. უფრო სწორად, თან ყველაფერი მეუცხოებოდა და თან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გუშინ წავედი. თითქოს გაორებული ვარ.
– რას ამბობენ ოჯახში, ვიზუალის გარდა, ისედაც შეცვლილი ხარ?
– რაც ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, ისაა, რომ როგორც მეუბნებიან, ჩემი ხასიათი არ დამიკარგავს. მეუბნებიან, ისევ ისეთი მხიარული და თბილი ხარო. ამ მხრივ, დიდი განსხვავება არ არის. თუმცა, იმასაც ამბობენ, ძალიან შეცვლილი ხარ, მაგრამ რაც მთავარი და კარგია, ის არ დაგიკარგავსო (იცინის).
იმდენად მინდოდა, ეს დღე დამდგარიყო, ერთი პერიოდი საქართველოში ჩამოსვლის მომენტს სიზმარში ვნახულობდი ხოლმე. თურმე, რეალურად ასჯერ მაგარი შეგრძნება ყოფილა.
– რამდენი ხნით და რა გეგმებით ჩამოხვედი?
– არანაირი გეგმა არ მაქვს, მხოლოდ ის მინდა, რომ დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო. ერთი თვით ჩამოვედი და მინდა, დაკარგული დრო ავინაზღაურო. ახლა უკვე შემიძლია მისვლა-მოსვლა საქართველოსა და ამერიკას შორის. მოგზაურობის უფლება შეზღუდული აღარ მაქვს. ამიტომ მომავალში შემიძლია, ჩამოვიდე და კონცერტები დავგეგმო. ამ შემთხვევაში ჩემს ამერიკაში გამართულ ტურს ჩამოვიტან.
– სოციალურ ქსელში, ალბათ, ბევრმა გაიზიარა თქვენი სიხარული…
– ამერიკაში ყოფნისას მეც რომ ვუყურებდი მონატრებული ადამიანების შეხვედრის ამსახველ ვიდეოებს, ერთი სული მქონდა, ეს მეც მალე განმეცადა. მეც მინდოდა, მალე დამდგარიყო დღე, როცა სოციალურ ქსელში ასეთი თბილი ჩახუტებების ვიდეოების დადებას შევძლებდი. მინდოდა, ადამიანებისთვის ამით მეთქვა, რომ შეუძლებელი არაფერია. დიახ, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, ხალხს კიდევ ვახსოვარ და ვუყვარვარ. სითბოს გამოხატავენ ჩემ მიმართ და ეს დიდი ბედნიერებაა.
წაიკითხეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ