მედია: ჩრდილოეთ ოსეთი ზემო ლარსზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის დაგროვების გამო, რეგიონული ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება რეგიონის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა გააკეთა.

ტომაევის განცხადებით, ვლადიკავკაზსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო დერეფანში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ამ დროისთვის ელექტრონულ რიგში დაახლოებით 2 500 სატრანზიტო ავტომობილია დარეგისტრირებული.

მათ შორის, დაახლოებით 900 ერთეული უშუალოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ელოდება გადაკვეთის შესაძლებლობას, ხოლო 530 სატვირთო მანქანა სპეციალურად მოწყობილ ავტოსადგომებზეა.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია საგანგებო კომისიის რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რომელზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ დაგროვილი სატვირთო ავტომობილების ეფექტიანი კონტროლისა და მათი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით. საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება სიტუაციის ნორმალიზებამდე,“ – განაცხადა ტომაევმა.

მედია წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 27 500 მანქანამ და თითქმის 74 000-მა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.

წყარო