მედია: „პოლიტიკური იდიოტი“ – სვანეთის კინოფესტივალზე სტუმრობის გამო ოსტლუნდს შვედეთში აკრიტიკებენ
შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის სტუმრობა სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე შვედური მედიის კრიტიკის საგანი გახდა. გამოცემებმა Dagens Nyheter და Göteborgs-Posten-მა ვრცელი კრიტიკული წერილებიც გამოაქვეყნეს. საკითხი არაერთხელ გააშუქა შვედეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც.
ცნობისთვის, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კინორეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა დააფუძნა. წელს ის მეოთხედ ჩატარდა. ფესტივალს ასევე მხარს უჭერს ეროვნული კინოცენტრი, რომელსაც 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი თითქმის ერთი წელია, ბოიკოტს უცხადებს.
როგორც გამოცემა Göteborgs-Posten წერს, ფესტივალი „რეჟიმთან არის დაკავშირებული“ და ქართველი კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ შვედი რეჟისორი ანტიევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენეს.
ოსტლუნდმა გამოცემას უპასუხა, რომ გაკვირვებულია ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში მიღებული შეტყობინებებით.
„ამავდროულად, საინტერესო იყო ამის შიგნიდან გამოცდა. უცებ აღმოვჩნდი პოლიტიზებულ და ზოგიერთის მტკიცებით, სადავო ფესტივალზე“, – განაცხადა ოსტლუნდმა.
გამოცემა Dagens Nyheter-ის კინოკრიტიკოსმა იაკობ ლუნდსტრომმა კანის პრიზიორ რეჟისორს „პოლიტიკური იდიოტი“ უწოდა და შეახსენა, რომ საქართველოში ასობით ათასი ადამიანი „პრორუსული მთავრობის“ გადაწყვეტილებებს აპროტესტებდა. როგორც კრიტიკოსი წერს, იყო მოლოდინი, რომ შვედეთის ყველაზე ცნობილ კინორეჟისორს სოლიდარული პოზიცია ექნებოდა.
ლუნდსტრომს მაგალითად მოჰყავს პროსამთავრობო POSTV-ის წამყვანთან, კინოცენტრის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულ ბაჩო ოდიშარიასთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით – „რუბენ ოსტლუნდის მოკითხვა ლიბერალებს“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.