მანანა თოქმაჯიშვილი: ტყუილად შფოთავთ, „დროის ნაწნავები“ დიახაც რომ მომწონს, ეს ნამუშევრები საჯარო სივრცეში დროებით არის განთავსებული

თბილისში ზაარბრიუკენის მოედანზე 9 თებერვალს ახალი ქანდაკება, სახელწოდებით „დროის ნაწნავები“ გამოჩნდა. სკულპტურა ამ ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია გაჩნდა.

აღნიშნული ქანდაკების ირგვლივ შექმნილ აზრთა სხვადასხვაობას სოციალურ ქსელით, თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს ნამუშევრები კონკრეტულ საჯარო სივრცეში დროებით არის განთავსებული და შფოთვის საფუძველი არ არსებობს.

თოქმაჯიშვილი გიორგი ხანიაშვილის ქანდაკებას იწონებს და თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს და თანამედროვე ხელოვანებს წარმატებას უსურვებს.

„ძალიან მიხარია პოლიტიკიდან ხელოვნებაზე რომ გადაერთო ქართული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ შეფასებები მეტწილად ზედაპირულია. არც მე ვარ ხელოვნებათმცოდნე (ისე კი მაქვს მეორადი ფაკულტეტი დამთავრებული ამ მიმართულებით) და არც ის მგონია, რომ ქანდაკების ენა მხოლოდ სპეციალისტებს უნდა ესმოდეთ.

ქანდაკების ურთიერთობა არქიტექტურასთან მისი ძირითადი ფუნქციაა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე ქანდაკება მასალების, ტექნიკის და სივრცითი ინსტრუმენტების მრავალფეროვნებით, დიდ თავისუფლებას იძლევა.

კი ბატონო, ვისაუბროთ, ვიკამათოთ ხელოვნებაზე რამდენიც გვინდა. ამაზე კარგს, ვფიქრობ, ვერაფერს გავაკეთებთ ამ სივრცეში.

რაც შეეხება თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტებს, ტყუილად შფოთავთ, ეს ნამუშევრები კონკრეტულ საჯარო სივრცეში დროებით არის განთავსებული. ფონდის მიზანი არის, ხელი შეეწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს საჯარო სივრცეში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები, გაზარდოს თანამედროვე ხელოვნების ხელმისაწვდომობა, აამაღლოსსაზოგადოების ცნობიერება თანამედროვე ხელოვნების შესახებ და მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს პროექტების განხორციელებაში. ასე რომ, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს და თანამედროვე ხელოვანებს ამ დიდ საქმეში!

პ.ს. გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები“ დიახაც რომ მომწონს“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ