ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური შეფასება გავაკეთოთ, მაგრამ მეორეა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად მძიმე წარსულის ადამიანები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას და სახელისუფლებო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, რომ კიდევ უარესი გააკეთონ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომისიამ 2012 წლამდე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაარქვას.
„თქვენ ნახეთ, რომ საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, თანამშრომლებთან გადაწყვიტეს გასაუბრება პირველ რიგში, რომ გარკვეული მიმართულებები აეღოთ და მათ მონათხრობშიც კი, უდიდესი მავნებლობა გამოიკვეთა წინა რეჟიმებისა. ომთან დაკავშირებით იყო საუბარი, ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით იყო საუბრები. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ემოციის გარეშე უწყებების თანამშრომლებსაც კი ვერ უსმენს ადამიანი მაშინ, როდესაც ჩვენ რამდენიმე ათეული მოკლული ადამიანი შეიძლება ჩამოვთვალოთ ზეპირად და გაგვიჭირდეს, მაგრამ ასეთები იყვნენ ასობით და ამ რეჟიმის წარმომადგენლები დღეს ვიღაცას რაღაცაში ამუნათებენ. რამდენად მძიმეა მათი წარსული, აწმყოც და მომავალიც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკური შეფასება გავაკეთოთ, მაგრამ მეორეა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად მძიმე წარსულის ადამიანები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაში დაბრუნებას და სახელისუფლებო ბერკეტის ხელში ჩაგდებას, რომ კიდევ უარესი გააკეთონ იმიტომ, რომ, დამერწმუნეთ, ძალიან ნანობენ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვებას.
აქედან გამომდინარე, უდიდესი პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კომისიამ, გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცით, საერთო ჯამში, გამოკვეთოს, რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2012 წლამდე, თავისი სახელი დაარქვას და ხშირად ვახსენებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – როგორც ნიურნბერგის პროცესზე გამოიკვეთა და სახელი დაერქვა, ფაშისტები რასაც აკეთებდნენ. ცალკე აღებული ბევრმა ყველაფერი იცოდა. როდესაც თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, ამ ყველაფერს მიეცა სამართლებრივი შეფასება, დღეს ალბათ, რბილად რომ ვთქვა, გაუჭირდება ვიღაცას პარტიის შექმნა, რომლის ფაშისტურ მიზნებზე ილაპარაკებდა ვინმე.
ასეთივე სწორი, სამართლებრივი, ფაქტობრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, რომლის წარმომადგენლებიც ყელყელაობენ დღეს და მორალზე მიუთითებენ სხვებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე ასევე შეეხო წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებსაც და აღნიშნა, რომ „გადაწერილი არჩევნების“ ავტორები „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას უწუნებენ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებენ, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
„სხვათა შორის, რამდენიმე დეტალი ამოვარდა ისეთი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების 99%-ს არც კი ახსოვდა, მეც არ მახსოვდა, მათ შორის. თუმცა, ეს არ არის ყველაზე უარესი დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა და ადამიანები უბრალოდ ოლქებს აუქმებდნენ, იმ ოლქებში საერთოდ აღარ ატარებდნენ არჩევნებს. ეს ადამიანები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ვიღაცას უმტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. უბრალოდ ასე ამბობენ ათას სისულელეს ისე, რომ მტკიცებულებები კი არა, არგუმენტებიც არ აქვთ. ამ არასერიოზულობაში ვართ ჩვენც შესული, რომ ამ ხალხს ვთხოვთ მტკიცებულებებს, რომლებიც ოლქებს აუქმებდნენ.
გახსოვთ ალბათ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გადაწერეს. ლევან გაჩეჩილაძე იყო პრეზიდენტი და მაინც მიხეილ სააკაშვილი გახდა. ამის ავტორები, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რაღაცებს ლაპარაკობენ და ლეგიტიმაციას გვიწუნებენ ჩვენ და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არაფერს წარმოადგენენ, მათი პატრონები ავალებენ ამ ყველაფერს. უფრო დიდი ფიგურები და ძალები არიან ამაში ჩართული და ამ ძალებს უნდა ვუთხრათ ჩვენ, რომ ამ ქვეყანაში თავისი სახელი ერქმევა ყველაფერს. მტკიცებულებები გაინტერესებთ? აგერ ნახეთ, როგორ უნდა შეიქმნას მტკიცებულებები იმიტომ, რომ მტკიცებულება ვერ შეიქმნება იმაზე, რაც არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.
