ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, კონკრეტული თანამშრომლის მიერ შურისძიების მოტივით შედგენილ საჩივარს მოყვა ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება, რომელიც „წარმოებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადის დარღვევით“.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გასაგებია სახალხო დამცველის პიარული მიზანი და განცხადების კონტექსტი ქალი თანამშრომლის შესაძლო რეპუტაციის შელახვაზე მითითებით, ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე.
ლევან პაპავამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან მიღებული ინფორმაცია თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმის შესაძლო დარღვევის თაობაზე მიაწოდა უშუალოდ სახალხო დამცველის აპარატის თანამდებობის პირს კანონმდებლობის დაცვით, რომელმაც შემდგომ დაარღვია კანონი და არ დაიცვა ჩემი მარწმუნებლის ვინაობის კონფიდენციალურობა.
ლევან პაპავას მიერ ადგილი არ ჰქონია ინფორმაციის დამახინჯებას, ინტერპრეტაციას და ტირაჟირებას, რომ ამას თანამშრომლის რეპუტაციის შელახვა გამოეწვია. კონკრეტულად შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით არსებობს მიმოწერების ამსახველი ფოტო ასლები, რომელიც აუცილებლად გახდება სასამართლო გამოკვლევის საგანი. ჩემი მარწმუნებლის მოთხოვნით, სახალხო დამცველის აპარატის თანამდებობის პირის მიმართ დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება და ასევე, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო დისციპლინური საქმისწარმოება მის მიერვე ნახსენები ქალი თანამშრომლის მიმართ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში.
სწორედ ამ თანამშრომლის მიერ შურისძიების მოტივით შედგენილ საჩივარს მოყვა ლევან პაპავას წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება, რომელიც სხვათაშორის წარმოებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადის დარღვევით.
პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების წესის ამოქმედებიდან, კერძოდ, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ლევან პაპავა შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფასდებოდა როგორც „კარგი“ ან „საუკეთესო“, 2023 წლის პირველ ნახევარში ჩემი მარწმუნებლის საქმიანობა შუალედურად ასევე შეფასდა როგორც ,,კარგი“, იმავე წლის ბოლოს კი შეფასებად ლევან პაპავას განესაზღვრა „დამაკმაყოფილებელი“ მტრულ დამოკიდებულებაში მყოფი რეგიონული სამმართველოს უფროსის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით.
სახალხო დამცველს მოვუწოდებთ გაასაჯაროოს წინა წლებში „არაერთი კომისიის“ „არაერთი დასკვნა“, სადაც სახელობით ლევან პაპავას არაეთიკურ ქცევებზეა საუბარი და ისმის კითხვა, რატომ ფასდებოდა იგი როგორც საუკეთესო ან კარგი თანამშრომელი? კანონმდებლობით დადგენილია საჯარო მოხელეებისთვის ქულების განსაზღვრა, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს მაღალი სტანდარტით დასაბუთებული, რასაც თავი ვერ გაართვეს სახალხო დამცველის აპარატში”, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ომბიდსმენის აპარატის ცნობით, ამავე მოხსენებით ბარათში თანამშრომელი პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ უთითებს.

ასევე დაგაინტერესებთ