კარგად ვიცით, რომ კაპიტანი გიგაური არის მიკერძოებული მხარე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი, რომლის ობიექტურობაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ პრემიერის მოწოდებას მივესალმებით! – ასეთი ტიპის “ენჯეო” ორგანიზაციები საზოგადოებისთვის ისედაც ლუსტრირებული არიან, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და მის ხელმძღვანელს “განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი” სტატუსი გაუუქმა.
აქვე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არჩევნების გაშავებით არის დაკავებული და ბოლო თვეების განმავლობაში შესაბამისს კამპანიას აწარმოებს.
“პრემიერმა ანტიკორუფციულ ბიუროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვისა და დისკრეციული უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა, რადგან ვიხილეთ, თუ როგორი ნეგატივი წამოვიდა და ხალხის შეცდომაში შეყვანას როგორ ცდილობდნენ როგორც გარე აქტორები, ასევე რადიკალური ოპოზიცია რადიკალური “ენჯეოები”.
ასეთი ტიპის “ენჯეო” ორგანიზაციები ისედაც ლუსტრირებული არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათი ნეგატიური დასკვნა, რასაც წინასწარ ვიცით, რომ დახატავენ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის აზრზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის” სტატუსი “საერთაშორისო გამჭვირვალობას, მის ხელმძღვანელს ეკა გიგაურს, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას”, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.