მე უარეს გამოსვლას ველოდი. მეშინოდა არ გამეორებულიყო ის, რაც ნოემბერში მოხდა. კიდევ კარგი, კობახიძე მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლა და თან ესეც არაერთხელ მოგვისმენია – უნდათ, რომ მუდმივად იყვნენ ძალაუფლებაში და აშინებენ ხალხს, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ევროპასთან ურთიერთობების გასაჯანსაღებლად, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც რამე ურთიერთობები არსებობს, გააფუჭონ, დაანგრიონ და საქართველო აქციონ სხვა ქვეყნად.
„მე უფრო უარეს გამოსვლას ველოდი. მეშინოდა არ გამეორებულიყო ის, რაც ნოემბერში მოხდა. კიდევ კარგი, მხოლოდ შეფასებებით შემოიფარგლა და თან ესეც არაერთხელ მოგვისმენია. ვაკრიტიკებდით, არამარტო ჩვენ, მთელი მსოფლიო აკრიტიკებს სხვადასხვა ფორმით. ზოგჯერ ძალიან მწვავედ, ზოგჯერ ირონიით, ზოგჯერ ნაკლებად მწვავედ. მგონი, ამ პოზიციას არავინ იზიარებს, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“. ეს არის ქართული ექსკლუზივი. ასეთი ტერმინებით არსად ლაპარაკობენ, უცნაურობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როცა ეს უცნაურობა გახდება პოლიტიკა, ქვეყნისთვის ზედამაზიანებელია, ზედამანგრეველია. ეს პროცესი ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. ამიტომაც ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ, ხალხი ქუჩაშია, არ ჩერდება, ითხოვს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს. ეს პოლიტიკა თუ გაგრძელდება, ბოლოს მივალთ იქამდე, რომ აღმოვჩნდებით იმ მდგომარეობაში, რაშიც ვერასდროს წარმოვიდგენდით თავს, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენ დიდი ბრძოლით, წვალებით, დავუახლოვდით ცივილიზაციას, გაჩნდა შანსი, გავხდეთ ევროპის ნაწილი. ამ დროს პოლიტიკაა, რომ გარშემო ყველა მტერია და რაღაც ბნელი ძალა მოქმედებს, რომელიც აბურთავებს ევროპას, რუსეთს, ამერიკას, პრეზიდენტი ტრამპი არაფერს წარმოადგენს, ვიღაც ხუთი კაცია, რომელიც ამას აკეთებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასერიოზულია, მაგრამ ჩვენთვის დამანგრეველია“,- განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, ადვილი გამოსაცნობია, რა იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი ევროკომისიის წერილზე.
„გვახსოვს, ადრე იყო სხვა რეკომენდაციები, მაშინაც იგივე რიტორიკა იყო. გეუბნებიან: – „გაატარე სასამართლო რეფორმა“, შენ ეუბნები, რომ „ამათ უნდათ ომი საქართველოში“. გეუბნებიან: -„განახორციელე დემოკრატიული რეფორმა“, შენ ეუბნები, რომ „ამათ ომი უნდათ საქართველოში“. გეუბნებიან, პრობლემები არის დაპატიმრებებთან დაკავშირებით – ეუბნებიან, რომ „ომი უნდათ საქართველოში“. გეუბნებიან: – „დაანებე თავი, ნუ დაჩაგრავ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას, ახლგაზრდებს“, – ეუბნებიან „ომი უნდათ“. რაც არ უნდა გვითხრან კრიტიკული და ეს კრიტიკა, როგორც წესი, არის არგუმენტირებული და საფუძვლიანი, ყველაფერზე იძახიან, „იმიტომ მაკრიტიკებენ, რომ ომი უნდათ დაიწყონ და ჩაგვითრიონ ომშიო“. ვიღაც არის ძალაუფლებაში, უნდა, რომ მუდმივად იყოს ძალაუფლებაში, ეშინია დემოკრატიული პროცესების და აშინებს ხალხს. არ შეუძლია გაატაროს არაფერი, არ უნდა შეცვალოს არაფერი, ურჩევნია 19 წლის ბიჭები და გოგონები დაიჭიროს, გაავსოს ციხეები, ვიდრე რაიმე პოზიტიური გააკეთოს ქვეყნისთვის. როცა ეუბნებიან გააკეთე თუ გინდა ევროკავშირის წევრობაო, იძახის, რომ „ვიღაცა ძალა მითრევს ომში“.
რაც შეეხება „ქარული ოცნების“ ლიდერების შეფასებას, რომ ევროკავშირი გახდა საბჭოთა კავშირი, მე არ ვეთანხმები. როცა ასეთ წინადადებებს ვისმენ და ვისმენ პარლამენტის თავმჯდომარისგან, პირიქით მიჩნდება აზრი, რომ ილია ჭავჭავაძე, ეს რომ იყოს შესაძლებელი, მართლა გადაბრუნდებოდა საფლავში, ასეთი ხელისუფალი რომ გვყავს, რომ ევროკავშირს ადარებს საბჭოთა კავშირს. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი და გაუგებრობა. ეს განცხადებები გვეუბნება, რომ ანგრევენ ყველაფერს. ყველა ხიდი, რომელიც მოახერხეს, დაანგრიეს. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოტრიალდნენ, მეტიც, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც რამე ურთიერთობები არსებობს, ყველაფერი გააფუჭონ, დაანგრიონ და საქართველო აქციონ სხვა ქვეყნად. რა გვშველის იცით? გვშველის საზოგადოების პროტესტი. აქ რომ არ იყოს ასეთი აქტიური პროტესტი. არ არსებობდეს ამ ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა, რომელიც სხვა პოზიციას იზიარებენ, ჩვენ ვიქნებოდით ჯურღმულში, მთელი ქვეყანა. ეს ინარჩუნებს გარკვეულ ოპტიმიზმს დასავლეთის ქვეყნებიდან. ეს რომ არ იყოს და ასეთი ხელისუფლება გვყავდეს მარტო, გამარჯვება რომ ჰქონდეთ საკუთარ ხალხზე და იმედი მაქვს, ვერ გაიმარჯვებენ საკუთარ ხალხზე, მაშინ აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიქნებოდით“,- განაცხადა ტუღუშმა.
რაც შეეხება უშუალოდ უვიზო მიმოსვლას, ლაშა ტუღუშის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ქართველი ხალხისთვის დიდი დარტყმა იქნება.
„ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა საქართველოზე, თუ გააუქმებენ უვიზო რეჟიმს. ვიზების გაუქმება ეს არ არის მარტო თავისუფალი გადაადგილების საკითხი, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული. დრო სწრაფად გარბის, აგვისტო ძალიან მალე დადგება, სექტემბერი ძალიან მალე დადგება და ჩვენ აღმოვჩნდებით ამ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც, დიდი ალბათობით, ევროკავშირი შეგვიჩერებს ჯერ თვეებით, მერე მუდმივ რეჟიმში იქნება თუ არაფერი შეიცვალა. მე მეშინია, რომ კიდევ უარესი ნაბიჯები არ გადაიდგას. ეს შეიძლება იყოს: თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ასოცირების ხელშეკრულება, ეს შეეხება განათლების საკითხს, დაარტყამს განათლებას, მეცნიერებას. ეს არის რეალობა. ეს მართლა შეიძლება მოხდეს და არ არის რეალობა გლობალური ომის პარტიები და ა.შ. ეს არის ზღაპრები, მოგონილი ისტორიები, რეალობა სხვა რამაა“,- განაცხადა ტუღუშმა.
