ლაზარე გრიგორიადისის დედა – ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა

ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა,- ასე განმარტა მარტის აქციების დროს დაკავებული ს დედამ, თამთა კალანდაძემ ის მიზეზი, რის გამოც მისი ბრალდებული შვილი დღეს პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.
როგორც თამთა კალანდაძემ სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა, ოჯახი 8 აპრილს დაელოდება, რა დროსაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
„ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება და ამიტომ გადაწყვიტა და მე მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. ახლა, დაველოდებით 8 აპრილს. საქმის გაჭიანურება ემსახურება იმას, რომ გვანახონ, „ჩვენ, თქვენზე მაღლა ვდგავართ, ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება”. განაცხადა თამთა კალანდაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს, ბრალდებულის დედა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მიმართავს.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ასევე დაგაინტერესებთ