კრამონი: ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ “აგენტების კანონზე” ამბობს, რომ მისი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აღარ ექნება. ამით იგი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, ს 11 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება დადებითი შეფასება.
“ან უკეთ რომ ვთქვათ: შეუძლებელი იქნება დადებითი შეფასების გაკეთება. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება. წერტილი”, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე გამოთქვა გულწრფელი იმედი, რომ “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზაციის, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭირო გზა და აღნიშნა, რომ მას ესმის, “რომ ეს მხოლოდ წინადადებაა, რომელზე დისკუსიამაც რამდენიმე კვირას, შესაძლოა რამდენიმე თვეც გასტანოს” .
“ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ. ეს ლეგიტიმური შეშფოთებაა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული სივრცის შეზღუდვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის გასამართლებლად. სიტყვისა და მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყოველი დემოკრატიისთვის, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ ეს კანონი არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული, როგორც ეს ხმამაღლა და მკაფიოდ მოისმინეთ -ის ელჩისგან გუშინ”, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
გუშინ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიასთან საუბარში “აგენტების კანონთან” დაკავშირებით თქვა, რომ მისი ხელახლა ინიციირება შემაშფოთებელია და რომ ის არ არის ამერიკის კანონის მსგავსი, როგორც ამას ირწმუნება მმართველი პოლიტიკური გუნდი.
მმართველი გუნდი შარშან გაზაფხულზეც და ახლაც იმეორებს ხოლმე, რომ “აგენტების შესახებ კანონიც” და მისი სახელშეცვლილი ვარიანტიც, რომელიც ტერმინ „უცხოური გავლენის აგენტს“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ცვლის, არის ამერიკული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) ანალოგი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ, ეფუძნება ს და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება “საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა…”
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე – „თავისუფლების მარში” გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა