კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
“ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს”, – აცხადებენ მთავრობაში.
UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა.
ესპანური გამოცემა „მარკას“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრმა პილარ ალეგრიამ დაადასტურა.
წარმოშობით ქართველი ილია თოფურია 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს.
UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 27 თებერვალს, თოფურია ესპანეთის პრემიერმა პედრო სანჩესმა მიიღო. თოფურიამ თქვა, რომ მისი ოცნება ესპანეთის მოქალაქეობის მიღება იყო და პრემიერთან სწორედ ეს თხოვნა ჰქონდა.
იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის მოქალაქეობის მოპოვებამდე ილია თოფურიას საქართველოს სახელმწიფოსგან არ აქვს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს ქართულ მხარეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. თოფურიამ მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …