“კვარაცხელია “ნაპოლიში” ბედნიერი არაა” – ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელე ამეტრანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან და თამაშის სურვილი არ აქვთ:
„ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოში, როგორიც კონფერენს ლიგაა, ვინაიდან თუ გინდათ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გყავდეთ, სერია A-სთან ერთად საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობაა საჭირო. კონფერენს ლიგა ის არაა, სადაც ყველა ფეხბურთელს თამაში სურს და არც გულშემატკივრებს ხიბლავს, თუმცა ასე სჯობია.
როგორც ჩანს, გუნდის წევრები უკმაყოფილოები არიან, თამაშის, ერთად ყოფნის და ურთიერთობის სურვილი დაკარგეს. მე ვხედავ ფეხბურთელებს,
რომლებიც ბედნიერები არ არიან, მაგალითად, კვარაცხელია. თვით ოსიმენმა ცოტა აგრესიულობა დაკარგა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სეზონის დასრულებას მოუთმენლად ელიან. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ენთუზიაზმი დაკარგეს და მოტივირებულები არ არიან. მწვრთნელმა, ალბათ, კარგად იცის, ამ მომენტში ჯერ კიდევ ვის უნდა „ნაპოლისთვის“ იბრძოლოს“.