ისლანდიაში ვულკანი განმეორებით ამოიფრქვა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში ვულკანი მეოთხედ ამოიფრქვა.
ვულკანმა ხელახალი ამოფრქვევა შაბათს ადგილობრივი დროით 20:23 საათზე დაიწყო, რამაც დედამიწის ზედაპირზე 2.9 კილომეტრის სიგრძის ნაპრალი გააჩინა. მეტეოროლოგიური სამსახურის თქმით, ეს ზომით თებერვალში მომხდარი ამოფრქვევის მსგავსია.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სკანდინავიის ვულკანოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამოფრქვევა მოსალოდნელი იყო და ისლანდიის ხელისუფლებამ შესაძლო ამოფრქვევის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ამოფრქვევა მეთევზეების ქალაქ გრინდავიკის მიმდებარედ დაიწყო, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მიმდინარეობდა. იანვრის თვეში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ამავე ქალაქში რამდენიმე სახლის დაიწვა.
მანამდე, თებერვლის ვულკანურმა ამოფრქვევამ 20 000-მდე ადამიანს გათბობაზე წვდომა შეუზღუდა, რადგან ლავის დინებებმა გზები და მილსადენები გაანადგურა.