ირანში რეჟიმის მიმართ კრიტიკულ რეპერს სიკვდილი მიუსაჯეს

ირანის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რეპერს, თუმაჯ სალეჰს, ადვოკატის ცნობით, 2022 წლის აქციების ტალღაში მონაწილეობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს.
“თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის ბრძანება იქნა გაცემული”. – დაწერა სალეჰის ადვოკატმა X-ზე.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) განცხადებაში წერია, რომ სალეჰი თავდაპირველად 2022 წელს დააკავეს და 6 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ირანის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი არასწორად იყო გამოტანილი და რეპერი გაათავისუფლეს.
სალეჰი ხელახლა დააკავეს ვიდეოში გამოჩენის შემდგომ, რომელშიც ამბობდა, რომ 2022 წლის ოქტომბერსი დაკავების შემდეგ 252 დღის განმავლობაში აწამებდნენ და იზოლატორში ჰყავდათ მოთავსებული.
ისპაანის სასამართლომ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სალეჰი “სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში” დაადანაშაულა. რეპერს სასჯელად სიკვდილი განუსაზღვრეს.
2022 წლის საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა, პატიმრობისას კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და “თავისუფლების ცეკვას” ასრულებდნენ.
ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 8 დემონსტრანტი, რომლებიც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. 22 წლის მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციის ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას ფიზიკურად თავსაფრის არასწორად ტარების გამო გაუსწორდნენ. დემონსტრაციები მთელ ირანს მოედო და მათ 300 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, მათ შორის, გაეროს ცნობით, 40-ზე მეტი ბავშვი.