ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ – ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს – მელია-გვარამიას, ამ არარაობების გაერთიანება, „ლელოს“, “ნაცების“ აქტივობა, ეს ერთი პარტიის, დიდი, ბოროტი, მტრული ძალების განშტოებებია

ახლა რაც ხდება, მელია-გვარამიას, იგივე ამ არარაობების გაერთიანება, იგივე „ლელოს“, “ნაცების“ აქტივობა, ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ერთი პარტიის, დიდი, ბოროტი მტრული ძალების განშტოებები და მათი ნაწილები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარტიამ 2024 წლის არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს და არცერთი მიზეზი არ უნდა დაუტოვოს „დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას“.
„დღეს მქონდა შეხვედრა იმერეთის პარტიის აქტივთან. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი განწყობაა. ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, რომელიც აქტუალურია და ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არჩევნებზე ძალიან ძლიერად უნდა მოვიგოთ, დამაჯერებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი.
რაც მთავარია, ერთი მიზეზი არ უნდა დავუტოვოთ ჩვენს დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ ოპოზიციას, ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს.
ჩვენი მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ იყო ის, რომ ძლიერი საკონსტიტუციო უმრავლესობა ავიღოთ, ამის ყველანაირი პირობა არსებობს უკვე. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მაგარი საბრძოლო განწყობაა მთელს იმერეთში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ჩვენს აქტივს მობილიზება გავუკეთოთ. 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან ძლიერი ისტორიული გამარჯვება უნდა იზეიმოს.
დღეს ქვეყანაში გარკვეულია ყველაფერი, არაფერი ბუნდოვანი აღარ არის. ქართველ ამომრჩეველს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეს ისინი არიან თუ არა ჩვენი პარტიის მხარდამჭერები, ძალიან ნათელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ერთი არჩევანი არის „ქართული ოცნება“ და , მეორე არჩევანი არის ანტიეროვნული, მტრული ძალები, რომლებიც არიან დაქსაქსული, გაშლილი თუ გაერთიანებული, მნიშვნელობა არ აქვს. ამას ერთი სახელი ჰქვია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს. ახლა რაც ხდება, მელია-გვარამიას, იგივე ამ არარაობების გაერთიანება, იგივე „ლელოს“, “ნაცების“ აქტივობა, ხალხმა ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ერთი პარტიის, დიდი, ბოროტი მტრული ძალების განშტოებები და მათი ნაწილები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ