ირაკლი ქადაგიშვილი – რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, ეს მათთვის მომაკვდინებელია, ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციასა და საბოტაჟში ჩართული

9 ვალდებულება წლის ბოლომდე შესრულდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ არსებული ვალდებულებების შესრულების გარდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გახსნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაც მთლიანად მათზე დამოკიდებული არ არის.
“ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ვალდებულებები წლის ბოლომდე შესრულდება. მოლაპარაკებების გახსნასთან სამი საკითხია დაკავშირებული. ერთი ეს არის ვალდებულებების შესრულება და ისინი შესრულდება, ეჭვი არავის შეეპაროს, მეორე ეს არის არჩევნები, მისი ნორმალურად და კარგად ჩატარება იქნება ერთ- ერთი ინდიკატორი და მესამე არის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტი, რამაც მოლაპარაკების გახსნას ხელი უნდა შეუწყოს. ეს მესამე ხელშემწყობი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მთლიანად საქართველოზე დამოკიდებული არ არის, პირველ ორ ფაქტორს საქართველო შეასრულებს. საუბარია მთელი რიგი საკითხების იმპლემენტაციაზე, ეს არის პროცესი, რომლის ცხოვრებაში გატარებას დრო და შესაძლოა, კორექტივები სჭირდებოდეს, ამიტომ ახლა, შუა გზაზე 1- ელ მარტს ვიტყვით, 15 ივლისს თუ 12 სექტემბერს, ასეთი არც დათქმა და არც მოთხოვნა ევროკომისიასთან ერთად შედგენილ სამოქმედო გეგმაში არ წერია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა ოპოზიცია სპეკულაციასა და საბოტაჟში დაადანაშაულა.
“რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არ შედის ქვეყნის წარმატება არც ქვეყნის შიგნით და მით უმეტეს არც ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის მომაკვდინებელლი რამ არის. ამიტომ მუდმივად იქნებიან სპეკულაციაში, საბოტაჟში ჩართული და ეცდებიან პროცესი ან დააზიანონ ან ჩრდილი მიაყენონ. ლელოს დემონსტრაციული ობსტრუქციაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ- ერთი გამოხატულებაა. ეს არის სრული ობსტრუქცია, პოპულიზმი და გათვლილი იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმე სურათი დახატონ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს