იონათამიშვილი: ზურაბიშვილმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, რადგან, თუ ის აქამდე თავს ესხმოდა ქართულ დემოკრატიასა და სახელმწიფოს, ახლა უკვე ქართულ ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქს დაესხა თავს – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის მიერ ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში პატრიარქსა და ეკლესიაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი სხვის დავალებას ასრულებს, თუ საკუთარ პოზიციას გამოხატავს, ფაქტია, ის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის გამტარებელია.
„კატეგორიულად მიუღებელია ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა ამით ის სხვების დავალებას ასრულებს და იმიტომ საუბრობს, თუ საკუთარ პოზიციებს გამოხატავს. ფაქტია, ის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია და მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს გამოხატავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: „ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს, აირჩიოს პროქართული და პროევროპული პატრიარქი და არა - პრორუსი”.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.