თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პარტია გვსჯის ჩვენ – ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მწვავედ და უკომპრომისოდ ვაკრიტიკებთ ამ დარბაზში

ივანიშვილის პარტია გვსჯის ჩვენ – ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მწვავედ და უკომპრომისოდ ვაკრიტიკებთ ამ დარბაზში. ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში, მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ შეიძლება გქონდეთ გავლენა და ფული, და დროებით, ქვეყნის მართვის მიტაცებული სადავეები, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიმართლე და სიტყვა, სიმტკიცე და საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
დღევანდელ გამოსვლაში ის ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ანტიევროპულ ნაბიჯს დგამს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ზიანს აყენებს.
„გუშინაც მქონდა ამის შესაძლებლობა და დღესაც მინდა ეს ტრიბუნა გამოვიყენო უპირველეს ყოვლისა მივულოცო მთელ ქვეყანას ჩვენი ისტორიული გამარჯვება, კიდევ ერთხელ გულითადად მადლობა ვუთხრა ეროვნული ნაკრების ბიჭებს იმისთვის, რომ იბრძოლეს ასე თავგანწირვით, იმისთვის, რომ მოიტანეს ეს ისტორიული გამარჯვება და იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნეს გამარჯვების რწმენა, ეს მართლაც იყო ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია.
სამწუხაროდ, ამ დარბაზის მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, დღევანდელი ნაბიჯით ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ანტიევროპულ ნაბიჯს დგამს და ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მიესალმება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას და რომ ეს ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის სასიკეთოა, როდესაც ევრორეკომენდაციებში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ წარმომადგენლობითი პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი და ითხოვს ქალთა მონაწილეობის გაზრდასაც, ივანიშვილის პარტია იღებს მორიგ ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ შესაბამისად ანტიეროვნულ გადაწყვეტილებას და აუქმებს ქალთა კვოტირებას ქალების პოლიტიკიდან განდევნის მიზნით.
ქვეყანაში ოთხში ერთი ადამიანის თქმით შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. 672 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას და ერთი ამდენი მომლოდინეთა სიაშია. ბოლო ათი წლის მანძილზე 51 პროცენტით არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას ითხოვს და მაინც, ივანიშვილის პარტიის ჩინოვნიკები, რომლებიც ყოველდღიურად მდიდრდებიან ქართველი ხალხის ხარჯზე, გვიმტკიცებენ რომ ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება და მათ შორის უმუშევრობის სტატისტიკაზე აპელირებენ. ამ დროს კი 64 ათასამდე საქართველოს მოქალაქეს 300 ლარამდე ხელფასი აქვს თვეში. ასი ათასამდე საქართველოს მოქალაქეს 300 დან 600 ლარამდე ხელფასი აქვს თვეში. თითქმის 140 000 ადამიანს 600 დან 900 ლარამდე შემოსავალი აქვს თვეში. მაგალითად ნათიას, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, აქვს 550 ლარიანი ხელფასი. მისი მეუღლეც მუშაობს, მაგრამ საერთო ხელფასი მათ ოჯახს მხოლოდ და მხოლოდ საკვებზე და გადასახადებზე ჰყოფნით. ნათია მიყვება, რომ ძალიან უხარია მის სახლთან ახლოს არის ძალიან კარგი საჯარო ბაღი და ამიტომ ის არ ღელავს თავის შვილებზე, როდესაც ისინი დღის განმავლობაში არიან ბაღში, მაგრამ როდესაც სახლში ბრუნდებიან ის ამბობს, რომ ბავშვები ძალიან ხშირად ითხოვენ რძის პროდუქტს, რომლის ყიდვაც მას ძალიან უჭირს, რადგან ძალიან ძვირია რძის პროდუქტი. ეს არის ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ, ის მძიმე ისტორიები, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა, რის გამოც საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე მიდის და მათ შორის ძალიან ბევრი ქალია. რადგან სხვაგვარად მათ აქვთ არჩევანი შვილები საქართველოში უკიდურეს სიღარიბეში გაზარდონ, მაშინ როდესაც ივანიშვილის ჩინოვნიკები მხოლოდ და მხოლოდ მდიდრდებიან.
ნეტა ამხანაგი მდინარაძე ჩემს მიერ ამ დარბაზში გაჟღერებული იძულებით ემიგრაციაში მყოფი ქალების ისტორიების მსგავსად, ნათიასაც გამოგონილს უწოდებს? თუ დაგვარწმუნებს, რომ 550 ლარიანი ხელფასი სავსებით საკმარისია ოჯახის სარჩენად? ან იქნებ თავად ივანიშვილის სიტყვებიც კი მოიშველიოს და ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად პირადი ბანკირების აყვანა ურჩიოს ჩვენს თანამოქალაქეებს? სინამდვილეში კი სწორედ სიღარიბეს, კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, უმუშევრობას და უპერსპექტივობას გაურბის იძულებით ემიგრაციაში ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და მათგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმრავლესობა ქალია.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% ქალია. მათ შორის ბევრია დედა, რომლებიც უმძიმესი არჩევანის წინაშე დგებიან სიღარიბეში გაზარდონ შვილები თუ შვილების სარჩენად იძულებით ემიგრაციაში საზღვარგარეთ წავიდნენ?
როგორც ქალი, როგორც დედა, მე არ მინდა, რომ ამ მძიმე არჩევანის წინაშე დგებოდნენ ქალები საქართველოში, რომ დედები სამუშაოდ საზღვარგარეთ იყვნენ გადახვეწილები იმ უმუშევრობის, გაზრდილი ფასების, სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა.
ყოველწლიურად საერთაშორისო გზავნილები, რომელსაც იძულებით ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები აგზავნიან 4-5 მილიარდს შეადგენს და ყოველწლიურად იზრდება. თუ რაიმე ასულდგმულებს ქართულ ეკონომიკას, ეს სწორედ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ქალების გზავნილებია. თუ რაიმე ინარჩუნებს ეროვნულ ვალუტას, ეს სწორედ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ქალების გზავნილებია. ამ დროს ივანიშვილი, მათ ართმევს ხმის მიცემის უფლებას, გამოგონილს უწოდებს მათ მძიმე ისტორიებს, თუმცა მათ გზავნილებს ისევ სათავისოდ ეკონომიკის შესანარჩუნებლად იყენებს.
იცლება სოფლები და ქალაქები, ცარიელდება სახლები, მაგრამ ივსება ივანიშვილის ჩინოვნიკების ჯიბეები, რომელთა ერთადერთი ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ივანიშვილს 12 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ებრძოლა ფასების ზრდასთან, ინფლაციასთან, უმუშევრობასთან, სიღარიბესთან, მაგრამ მან ნაცვლად ამისა, პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა აირჩია.
ახლაც ივანიშვილის პარტია თვლის, რომ ამ პოლიტიკური გარიგებით, რითაც აუქმებს ქალთა კვოტირებას გვებრძვის და გვსჯის ჩვენ – ოპოზიციონერ ქალებს, რომლებიც ხშირად ყველაზე მწვავედ და უკომპრომისოდ ვაკრიტიკებთ ამ დარბაზში.
მაგრამ აქაც ცდებით, აქაც მოწყვეტილი ხართ რეალობას, რადგან ამ ნაბიჯით თქვენ ებრძვით ქალებს, ებრძვით – ყველა ქალს, ვინც იძულებით ემიგრაციაშია და სურს პარლამენტში ვიღაცამ მაინც გააჟღეროს მათი ხმა; ებრძვით მარტოხელა დედებს, რომლებსაც თავი 500-600 ლარიანი ხელფასით გააქვთ; ებრძვით დედებს, რომლებიც ყოველ დილას იმაზე ფიქრით იწყებენ, ეყოფათ თუ არა ბავშვებს საკვები; ებრძვით ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე ფიქრობენ; ებრძვით მათ შორის თქვენს რიგებში მყოფ ქალებს, მათ უკიდურესად აკნინებთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებთ რომ მათ სიტყვას ჩალის ფასი აქვს, რომ მათ არ აქვთ არანაირი გავლენა ან პოლიტიკური ღირსება, რომ მათივე ძალისხმევით მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ მათივე ხელით აუქმებთ.
ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში. ქალებს ეუბნება, რომ მათი ხმა არაა მნიშვნელოვანი, რომ ქალების ხმა პარლამენტში არ უნდა ისმოდეს, რომ ივანიშვილის კორუმპირებული კლანი გააგრძელებს ქვეყნის მიტაცებას მათ ხარჯზე, რომ კორუმპირებული, მილიონერი კაცები, მიიღებენ აქ გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად, სიღარიბესთან მებრძოლი ქალები კი იძულებით ემიგრაციაში გაიქცევიან ქვეყნიდან. მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ შეიძლება გქონდეთ გავლენა და ფული, და დროებით, ქვეყნის მართვის მიტაცებული სადავეები, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიმართლე და სიტყვა, სიმტკიცე და საქმე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ