თეონა ცირამუა წერს, რომ საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს. ნინო წიკლაური კი, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია, აცხადებს, რომ აფიშები უკვე დამზადებულია

გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა და გორის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ნინო წიკლაური სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებენ.
👉 თეონა ცირამუა წერს, რომ საგუნდო მუსიკის ფესტივალზე ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს. ნინო წიკლაური კი, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია, აცხადებს, რომ აფიშები უკვე დამზადებულია.
📌 თეონა ცირამუა დეტალურად აღწერს ფესტივალთან დაკავშირებულ წინარე ამბებსაც, სადაც პრობლემები შეუქმნეს. შემდეგ კი წლევანდელ ფესტივალთან დაკავშირებით განმარტავს:
✔️ თეონა ცირამუა: ,,მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი წესი აქვს. გამომდინარე აქედან, ეს წესი ეხება ფესტივალის პროგრამის დალაგებასაც, რათა გუნდების მიერ შესრულებული ნაწარმოებები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სხვა თუ არაფერი, მოსაბეზრებელი არ გახდეს მაყურებლისთვის ერთი და იგივე ნაწარმოებების ყოველ დღე მოსმენა.
✔️ “ორგანიზატორმა”, რომელიც ჩასაფრებულია ჩვენს პროგრამაზე, როგორც ჩანს, ჩვენი რეპერტუარი თუ არ შეასრულა, თავის პროგრამას ვერ წარუდგენს მაყურებელს, შემოიღო ახალი “წესი” და ყოველ დღე იყო ერთი და იგივე რეპერტუარის ტრიალი, ოღონდაც ემღერათ ” ლხინი სოფლად” (რომელიც 3 – ჯერ შესრულდა ) ,,ეგზერსისი”, “მიძღვნა” და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ…
✔️ ,,რაც შეეხება ახლანდელ ფესტივალს, (რომელიც იწყება ამა წლის 23 სექტემბერს), უკვე დაინაწილეს ჩვენი რეპერტუარიდან ნაწარმოებები და თან გვეუბნებიან , რაც დარჩა, იქნებ ეგ მაინც იმღეროთო…
გამომდინარე , ამდენი არალოგიკურობიდან, ტყუილებიდან, კოლექტივის მიმართ უპატივცემლობიდან, რომელიც მოქმედებს ფესტივალის ხარისხზე და უკიდურესად დაბლა სწევს მის დონეს, ჩვენ, უარს ვაცხადებთ მონაწილეობის მიღებაზე… !
ყველაზე დასანანი ის არის , რომ ეს ყველაფერი ხდება გორში.
და ბოლოს – რომ არსებობდეს ლოგიკა და გორის ქალთა გუნდის ისტორიის პატივისცემა, ყოველ ფესტივალზე ცალკე დღეს უნდა გვითმობდნენ და კონცერტს უნდა გვატარებინებდნენ, რაც ჩვენ არასდროს არ გვეზარება, მაგრამ აქ , ჩვენ ქალაქში ეტყობა წაგლეჯვაზე და დასწრებაზეა ყველაფერი. ჰოდა, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ” – ციტატის დასასრული.
📌 თეონა ცირამუას წერილს ნინო წიკლაური მალევე გამოეხმაურა. მან მოკლედ მიმოიხილა წინა წლების მოვლენები, გაიხსენა ის ამბავიც, თუ რატომ გაათავისუფლა იგი ქალთა გუნდიდან თეონა ცირამუამ, ფესტივალთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ორგანიზების პროცესში გაუჭირდა თეონა ცირამუასთან კომუნიკაცია:
✔️ ნინო წიკლაური: ,,პირადად მე, 15 წლის განმავლობაში ვიყავი ამ გუნდის ნაწილი, იმ დღემდე, სანამ თეონა ცირამუამ გუნდის ხელმძღვანელად დანიშვნიდან მალევე სახე იცვალა და ჩემს გუნდში მანამდე უკვე არაერთი წლის განმავლობაში არსებული რეპერტუარის არსებობით გაღიზიანებულმა, 2017 წელს “სასამართლო” მომიწყო, სადაც იოსებ კეჭაყმაძის, ჯემალ ბეგლარიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის(და არამარტო მათი) შემოქმედების გოგონებთან გაზიარების გამო, ბოლშევიკური(სამარცხვინო) ხელწერით შედგენილი ოქმით საყვედური გამომიცხადა, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, დავტოვე ის ადგილი, სადაც ამდენი წლის განმავლობაში სულს და გულს ვდებდი.
✔️ ,, გორის დრამატული თეატრის მიერ ფესტივალის ორგანიზების პროცესში ჩემი ჩართვის პირველივე დღიდან, არაერთი გზით ვეცადეთ როგორც თითოეულ სხვა კოლექტივს, ასევე გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელსაც დავკავშირებოდით, რომელიც, როგორც ჩანს, განზრახ არიდებდა ჩვენთან საქმიან თანამშრომლობას თავს და თვეების განმავლობაში პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდა (რისი დამადასტურებელი ფაქტებიც, რა თქმა უნდა არსებობს).
✔️ ვფიქრობ ყველასათვის ნათელია, რომ ფესტივალში მონაწილე გუნდებისათვის, მათთვის გამოყოფილი ქრონომეტრაჟისა და რეპერტუარის განსაზღვრა, საკონცერტო დღემდე გონივრული ვადით ადრეა მნიშვნელოვანი. თეონა ცირამუასთან ელემენტარული კომუნიკაცია თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან იმდენად მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა, რომ გარდა პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებისა, ორგანიზატორებმა მას ოფიციალური წერილიც კი გაუგზავნეს, რაც ასევე უპასუხოდ დარჩა.
✔️ მრავალი უპასუხო წერილის თუ ზარის, ასევე პირადად შეხვედრის მცდელობების შემდეგ, საბოლოოდ 7 სექტემბერს გახდა შესაძლებელი ქალბატონ თეონა ცირამუასთან დაკავშირება, ეს უკვე ის დროა როდესაც რეპერტუარი და ქრონომეტრაჟი(რომელიც თურმე მას შეუზღუდავად ეკუთვნის) ყველა სხვა გუნდის ხელმძღვანელთან(რომლებმაც პატივი დაგვდეს და პირველივე ზარზე გვიპასუხეს) უკვე დიდი ხნის შეთანხმებულია და გორის ქალთა გუნდის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა საკონცერტო რეპერტუართან ადაპტირება, რაც გუნდის ხელმძღვანელმა, ერთი შეხედვით, ადეკვატურად მიიღო, გაეცნო სხვადასხვა დღის მონაწილეთა სიას, მათ მიერ შესასრულებელ ნაწარმოებებს და ფესტივალის 4 საკონცერტო დღიდან მისთვის ხელსაყრელი აარჩია.
✔️ სხვა მრავალ დათმობასთან ერთად, ფესტივალის საკეთილდღეოდ, პასუხის უკიდურესი დაგვიანების ფონზეც კი, ორგანიზატორები მზად ვიყავით, სხვა კოლექტივებისათვის(ზოგიერთებისგან განსხვავებით, მათ ნამდვილად არ ეშლებათ კოლეგიალობა) ასევე გვეთხოვა დათმობებზე წასვლა, თუკი ქალთა გუნდის მონაწილეობის საკითხი ამ მიზეზით ეჭვქვეშ დადგებოდა. გორის ქალთა გუნდი აფიშებზე უკვე დაბეჭდილია, ორგანიზატორები მათგან რეპერტუარის დეტალების მოწოდებას ელოდებიან და ამ დროს გუნდის ხელმძღვანელის პრეტენზია ფართო საზოგადოებამ(და მათ შორის ჩვენც) უკიდურესად ცილისმწამებლური ფეისბუქ პოსტით შეიტყო.” – წერს ნინო წიკლაური.