თეატრალურიდან სტუდენტების გარიცხვის შემდეგ, უნივერსიტეტის თანამშრომელმა აკადემიური საბჭო დატოვა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა თამარ ცაგარელმა უნივერისტეტის აკადემიური საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მან აღნიშა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნიერსიტეტმა პროევროპული აქციების მონაწილეა ათამდე სტუდენტს აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
როგორც თამარ ცაგარელმა აღნიშნა, ვერ იქნება ისეთი აკადემიური საბჭოს წევრი, სადაც “ახალგაზრდების მოძულე პერსონალია”.
“მას შემდეგ რაც, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ს ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების “მოძულე” აკადემიური პერსონალია. რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა (ეს ყველას არ ეხება, საბედნიეროდ), არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი. ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ”, – წერს თამარ ცაგარელი.
ცნობისთვის, 10 მარტს, დილით თეატრალური უნივერსიტეტის ათამდე გაფიცულმა სტუდენტმა მეილზე მიიღო შეტყობინება, რომ უნივერსიტეტმა მათ აქტიური სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
შემდგომ უნივერსიტეტმა უპასუხა პროტესტში ჩართული რამდენიმე სტუდენტისთვის აქტიური სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ რექტორის ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ იყო გამოცემული. უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება სამი სამუშაო დღის განმავლობაში შეეძლოთ.
გუშინ, 12 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მიიწვიეს. პარალელურად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციას მართავდნენ და ეთერს მოითხოვდნენ. მათ შორის იყვნენ გარიცხული სტუდენტებიც.
თეატრალური უნივერსიტეტის ორი სტუდენტი შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მას შემდეგ, რაც რექტორ გიორგი შალუტაშვილს ტელეფონით გაესაუბრნენ და ის დებატების თარიღზე კონსულტაციებს დასთანხმდა.
„პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა პირდაპირი ეთერი“, – განაცხადა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა თემო ვაჭრიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებსა და რექტორ გიორგი შალუტაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ. ვაჭრიძის თქმით, რექტორი სტუდენტებთან ერთად პირდაპირ ეთერს დასთანხმდა.