თამარ კორძაია უმრავლესობას – ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები – შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს

ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები – შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს, – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს.
„მე არ მაქვს კითხვა მომხსენებელთან, მე მაქვს კითხვა უმრავლესობასთან, რომელიც უფრო მეტად იცავს ამ კანონს, ვიდრე თავად მომხსენებელი. უმრავლესობის ხმებით გავა კანონი, რომლითაც პარლამენტიდან კი არ დევნიან ქალებს, საერთოდ. მეორე ნაბიჯია ის, რომ ვით გააუქმოთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, თქვათ, რომ ქალები არ არიან ძალადობის მსხვერპლნი. რად გიღირთ ამის გაკეთება?! რა არის ამის რეალური მიზანი?! შემთხვევით, ის ხომ არა, რომ ქალები ვართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურ, სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე. ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამომრჩევლების ნახევარია. მე „ქართული ოცნებისგან“ ველოდები პასუხს, არ მაინტერესებს მომხსენებლის პასუხი. მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს, ამას ადამიანის უფლებებით ფუთავენ. ამ პარლამენტმა სიტყვას შინაარსი დააკარგვინა. ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა უფლებების დაცვის სახელით ამ ტრიბუნიდან და საუბრობდნენ, რომ კვოტირება პროგრესია, ქალების უფლებების დაცვა, „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლის შესრულება. რას ეუბნებით ამ ქალებს? კაცებმა მიიღეთ გადაწყვეტილება, შეატყობინეთ როგორც გუნდის გადაწყვეტილება და შემდეგ საუბრობთ, რომ კვოტირება არ გჭირდებათ? შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს. რა გაქვთ პასუხი? რა გაგიჭირდათ ისეთი, რომ კანონი შეასრულოთ და არ გააუქმოთ ეს ვალდებულება, სახელმწიფოებრივად იფიქროთ. მე პასუხს ალექსანდრე რაქვიაშვილისგან არ ვითხოვ“, – აღნიშნა კორძაიამ.
ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!