საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად გაფორმდა, რომ საქართველოს ოროსანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჰყავს და მისი ამ პოსტზე საქმიანობა საზიანოა ჩვენი საფინანსო სისტემისათვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მთავრობის დავალებას ასრულებს, რომ ეროვნული ვალუტა წინასაარჩევნოდ არ გაუფასურდეს.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ უპრეცედენტოდ ბევრ ფულს ხარჯავს მოსყიდვის და სხვა საარჩევნო მიზნებისათვის, რაც ლარის კურსისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს და მიაჩნია, რომ ნათია თურნავა სწორედ ამ სტრესის გადაფარვას ცდილობს.
„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, პირდაპირი აუქციონის და ბიმატჩ პლატფორმის საშუალებით ლარის კურსის დასაჭერად 250 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, მათ შორის ბოლო 70 მილიონიანი ინტერვენცია უპრეცედენტო იყო, აქამდე გამოტანილი თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 60 მილიონს.
შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი რეკორდულია კოვიდ კრიზისის ყველაზე ცუდ პერიოდთან მიმართებაშიც კი. გლობალ ფინანსის მიერ ოროსნად გამოცხადებული ნათია თურნავა ამას ამართლებს ერთჯერადი დიდი ტრანზაქციებით დოლარში და არა მაკროეკონომიკური ვითარების გაუარესებით, რაც სრული აბსურდია.
სინამდვილეში, თურნავა ასრულებს მთავრობის დავალებას რომ ყველაფრის ფასად დაიჭიროს ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე, რათა წინა საარჩევნოდ არ გაუფასურდეს ვალუტა. რეალურად კი, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ხარჯავს უპრეცედენტოდ ბევრ ფულს ეროვნულ ვალუტაში, მოსყიდვის და სხვა საარჩევნო მიზნებისათვის, რაც დიდ სტრესს წარმოადგენს ლარის კურსისთვის – სწორედ ამ ეფექტის გადაფარვაა ოროსანი თურნავას მიზანი.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ დრომდე, კურსის ასეთი მცირედი ცვალებადობის დროს, არასდროს არ ახდენდა სავალუტო ინტერვენციას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურნავა და მის მიერ მიტაცებული ეროვნული ბანკი ემსახურება რუსეთის, რუსული მთავრობის და სანქცირებულების ინტერესებს და არა საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი საბანკო სისტემის ინტერესებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
