თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
აღნიშნული შუამდგომლობა მან სასამართლოში ამ წუთებში დააყენა.
სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.
პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, მარშანია აცხადებდა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის, დასაკითხია ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, მათზე კი დაკავებულებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ.
ასევე, პროკურორის თქმით, დაკავებულებს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვთ გადაკვეთილი, მოსალოდნელი სასჯელის შიშით კი, ვინაიდან ქმედება უალტერნატივოდ 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ისინი შესაძლოა, მიიმალონ.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ვასილ მხეიძის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული საფუძვლები კი აბსტრაქტულია.
მჭედლიშვილმა ღუდუშაურის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება, რის შედეგადაც, ბრალდებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ