ზახაროვა ОДКБ-ს შესახებ ფაშინიანის კომენტარზე: შეშფოთებულები ვართ შეურაცხმყოფელი რიტორიკით

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ს თქმით, რუსეთი “შეშფოთებულია” კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) თაობაზე სომხეთის მთავრობის “შეურაცხმყოფელი” რიტორიკით. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს.
“ჩვენ არასდროს არ დაგვიყენებია, არ ვაყენებთ და არ დავაყენებთ ეჭვ ქვეშ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვროს. […] ამავდროულად, არ შეგვიძლია, არ შევშფოთდეთ კონტრპროდუქტიული და ულტიმატუმის ხასიათის მქონე, ხანდახან შეურაცხმყოფელი რიტორიკით, რომელიც დღეს სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზაციის თემატიკაზე (რედ. – ОДКБ) გაკეთებულ განცხადებებში ჭარბობს”. – თქვა ზახაროვამ ბრიფინგის დროს.
ზახაროვამ ასევე თქვა, რომ დაუშვებელია, მსგავსი “დამამცირებელი დამოკიდებულება კოლოსალური რაოდენობის ადამიანთა შრომისადმი”, რომელსაც ОДКБ-ში ასრულებენ. მისივე თქმით, ამ შრომის შედეგები “დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველასთვის ცხადია”.
მანამდე, 12 მარტს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობაზე.
ფაშინიანმა თქვა, რომ აინტერესებთ, რა მოვალეობები ვრცელდება ОДКБ-ს მხრიდან სომხეთში. როგორც მან აღნიშნა, ამ კითხვის გაჩენის შემდეგ ორგანიზაციასთან პრობლემები გაჩნდა.
ფაშინიანის თქმით, თუ ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი უძღვება, ამ შეკითხვას უპასუხებს, პრობლემა მოგვარდება, თუ არა – სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს.
“თუ ОДКБ პასუხს გასცემს ამ შეკითხვას და ეს პასუხი შესაბამისობაში იქნება ჩვენს შეხედულებებთან, მაშინ სომხეთის რესპუბლიკასა და ОДКБ-ს შორის პრობლემა მოგვარებულია… თუ არა, სომხეთის რესპუბლიკა ОДКБ-ს დატოვებს. არ შემიძლია ვთქვა როდის.” – თქვა ფაშინიანმა.
გასულ თვეში ფაშინიანმა ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სომხეთმა ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა.
ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეუერთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.