ვინ აყოვნებს რეალურად უკრაინის დახმარებას? – ზურაბ გურული

2023 წლის ნოემბერში მექსიკა--ს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა 250 ათასმა ადამიანმა. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა 2022 წლის მაისს, 224 ათასი მიგრანტით. ამ რიცხვების ზედაპირული ანალიზიც კი საკმარისია იმის გასააზრებლად, რა ხდება ამერიკის სამხრეთ საზღვრებზე. რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც უყოყმანოდ თანხმდებიან ერთ საკითხზე: – ამერიკის საზღვრებზე სრულიად უკონტროლო, კატასტროფული სიტუაციაა.
კონგრესის რესპუბლიკურმა ფრაქციამ მეორე ცდით მოახერხა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მდივანის, ალეხანდრო მაიორკას იმპიჩმენტი. მართალია, დემოკრატების კონტროლის ქვეშ მყოფი სენატი ამ იმპიჩმენტს არ დაამტკიცებს, მაგრამ ისტორიული პრეცედენტი მაინც შედგა; მაიორკასი პირველი მოქმედი ოფიციალური პირია სახელმწიფო კაბინეტიდან, რომელსაც კონგრესმა იმპიჩმენტი გაუკეთა. ყოფილი კუბელი ემიგრანტი, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში დაწინაურებული მაიორკასი აშკარად ვერ ახერხებს საზღვრის გაკონტროლებას. სიტუაცია პრაქტიკულად უმართავია. ქვეყანაში მილიონობით აღურიცხავი მიგრანტია შემოსული და არსებობს სრულიად ლეგიტიმური ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მასშტაბის დემოგრაფიული „ინექცია“ არსებითად შეცვლის არჩევნების შედეგებსაც.
ერთგვარად პარადოქსულია ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელებს ამუნათებენ უკრაინის და ს ფინანსური მხარდაჭერის შეყოვნებისათვის და აკრიტიკებენ მათ სიჯიუტეს საზღვართან დაკავშირებული საკითხის შესახებ; მაგრამ იმავდროულად, თვალს ხუჭავენ დემოკრატების ანალოგიურ სიჯიუტეზე, რომლებიც უარს ამბობენ საემიგრაციო პოლიტიკის რევიზიაზე. კონსენსუსი ვერ შედგება, თუ ორივე მხარემ არ დათმო; შესაბამისად, მხოლოდ ერთი მხარის კრიტიკა აბსურდულია.
სენატის დემოკრატები ადვილად მოურიგდნენ სენატის რესპუბლიკელებს და დაამტკიცეს უკრაინისათვის გათვალისწინებული ფინანსური ტრანში; მაგრამ მათი პათეტიკური ზარზეიმი სწრაფად გააქარწყლა კონგრესმა, სადაც კიდევ ერთ საინტერესო პარადოქსს ჰქონდა ადგილი. სენატის გადაწყვეტილებას არა მხოლოდ რესპუბლიკელთა რადიკალური ფრაქცია დაუპირისპირდა, არამედ დემოკრატთა რადიკალური ფრაქციებიც, კერძოდ „ლათინო-ამერიკელთა“ და ე.წ. „პროგრესულთა“ ფრაქციები. რადიკალი დემოკრატები თავიანთ სენატორ კოლეგებს რესპუბლიკელებთან გარიგებაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ სენატის დემოკრატები ჩუმად ცდილობენ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
რადიკალები არ ცდებიან. ცენტრისტი დემოკრატები კარგად ხვდებიან, რომ საზღვრებზე ობიექტურად არის კატასტროფული სიტუაცია, რაც ეგზისტენციალურ რისკს უქმნის ამერიკის სახელმწიფოს და მართლაც ცდილობენ რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას. შესაბამისად, თუ ზემოთქმულს კარგად გავიაზრებთ, უკრაინის დახმარების დაყოვნება არა რესპუბლიკელი რადიკალების, არამედ დემოკრატი რადიკალების ბრალია. რადგან მათ საზღვართან დაკავშირებით არავითარ კონსენსუსზე წასვლა არ სურთ და ერთგვარ მძევლად ჰყავთ თავიანთი ცენტრისტი კოლეგები. რესპუბლიკელი რადიკალებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ რესპუბლიკელები ობიექტურად არსებული პრობლემის გამო არ თმობენ პოზიციას, დემოკრატები კი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლების დაკარგვა არ სურთ და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფრონტზე მათთვის მეორეხარისხოვანია.
ასეთია რეალური სიტუაცია, რისი კამუფლირებაც მარტივად ხდება რადიკალი რესპუბლიკელებისა და მათი ლიდერის დემონიზებით. მაგრამ, ამერიკელ ამომრჩეველთა როგორც კონსერვატიული სპექტრი, ასევე ცენტრისტი დემოკრატები სწორედ ამ ჭრილში ხედავენ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს, რაც დიდი ალბათობით შესაბამისად დაფიქსირდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …