ვინ არის მკვლელი, ვისი გაცვლაც პუტინს ამერიკელ ჟურნალისტში სურს?

ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ მზად არის განიხილოს, რუსეთში დაკავებული ამერიკელის, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლება, გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელსაც ბრალად მკვლელობა ედება.
“ფოქს ნიუსის” ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა, სავარაუდოდ, ვადიმ კრასიკოვის გერშკოვიჩში გაცვლაზე მიანიშნა.
ყაზახი წარმოშობის კრასიკოვი, 2021 წელს, გერმანიაში, ამბოხებულ ჩეჩენთა ყოფილი ლიდერის, ზემლიხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს. ხანგოშვილი, წარსულში, ჩეჩნეთში რუსეთი წინააღმდეგ იბრძოდა.
წარსულში, ვლადიმირ პუტინს რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქები ვაჭრობის საგნად არაერთხელ გამოუყენებია. ხშირად, ამერიკელების გათავისუფლების სანაცვლოდ ის უცხოეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის დაპატიმრებული რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლებას ცდილობდა. 2022 წელს, რუსეთმა იარაღის ცნობილი დილერი, ვიქტორ ბუტის სანაცვლოდ, რუსეთში დაკავებული ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი ბრიტნი გრეინერი გაათავისუფლა.
2023 წელს დაკავებული გერშკოვიჩი რუსული ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით იმყოფება, რაც ვლადიმირ პუტინმა, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გაიმეორა. როგორც თავად დაკავებული, ასევე „უოლ სტრიტ ჯორნალი“ კატეგორიულად უარყოფს მის ჯაშუშურ საქმიანობას. -ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გერშკოვიჩი „არასწორად არის დაპატიმრებული“.
ვადიმ კრასიკოვი
მამაკაცი, რომლის გათავისუფლებასაც პუტინი ცდილობს, გერმანიაში, 2019 წელს, დღისით საჯაროდ განხორციელებული სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გერმანიის ხელისუფლების ცნობით, 2019 წლის 23 აგვისტოს, კრასიკოვი ბერლინის ერთ-ერთ საჯარო პარკში ველოსიპედით შევიდა. ის ხანგოშვილს მიუახლოვდა, ჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და მსხვერპლს ზურგში ესროლა. ხანგოშვილი დაეცა და ვერ მოძრაობდა. კრასიკოვი ველოსიპედიდან ჩამოხტა და მოწმეების, მათ შორის, ბავშვების თვალწინ, მას თავში კიდევ ორჯერ ესროლა.
გერმანელი პროკურორების განცხადებით, ამის შემდეგ, კრასიკოვი ველოსიპედზე დაჯდა და დანაშაულის ადგილთან ახლოს მდინარის ნაპირთან გაჩერდა. მან ტანსაცმელი გამოიცვალა, პარიკი მოიხსნა და წვერის ნაწილის გასაპარსად ელექტროსაპარსი გამოიყენა. ამის შემდეგ ველოსიპედი, ტანისამოსი, პარიკი და იარაღი მდინარეში გადააგდო და ადგილიდან მიმალვა სცადა. მოწმეებმა, რომლებიც მის მოქმედებას აკვირდებოდნენ, მომხდარი პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ის მალევე დააკავეს.
იდენტიფიკაცია და სასამართლო პროცესი
დაკავებისას კრასიკოვი რუსული ოფიციალური პასპორტით მოგზაურობდა, რომლის მიხედვითაც ის „ვადიმ სოკოლოვი“ იყო. მაგრამ, „სოკოლოვის“ შესახებ საჯარო ინფორმაციის ნაკლებობამ, გერმანელი სამართალდამცავები, ვინაობის ნამდვილობაში დააეჭვა.
დროთა განმავლობაში და ღია წყაროს საგამოძიებო ორგანიზაციების დახმარებით, გერმანიის ხელისუფლებამ საბოლოოდ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი, ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვი იყო. წარსულში, კრასიკოვი იძებნებოდა მოსკოვში, 2013 წელს, რუსი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც მკვლელი ველოსიპედით მიუახლოვდა თავის მსხვერპლს და ესროლა.
მაშინ, რუსეთის პოლიციამ კრასიკოვი ეჭვმიტანილად დაასახელა და ინტერპოლის მიერ მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, მომდევნო წელს ორდერი გაუქმდა.
გერმანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბერლინში ხანგოშვილზე თავდასხმისას, კრასიკოვი რუსეთის მთავრობის ბრძანებით მოქმედებდა. გარდა იმისა, რომ გერმანიამ კრასიკოვს ოფიციალურად წაუყენა ბრალი, ბერლინმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატიც გააძევა.
სასამართლომ, კრასიკოვი, ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
პუტინმა მკვლელობა აღწერა
ტაკერ კარლსონთან საუბარში, პუტინს არ უარუყვია კრასიკოვის როლი მკვლელობაში, რაზეც მას ბრალი წაუყენეს.
„ნება მომეცით მოგიყვეთ ამბავი პირზე, რომელიც სასჯელს აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაში იხდის. იმ ადამიანმა, პატრიოტული განწყობებით, ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტი გაანადგურა“, – უთხრა პუტინმა კარლსონს.
ამავე საუბარში, ვლადიმირ პუტინმა ხანგოშვილი ჩეჩნეთში ანტირუსული ამბოხების წევრად და რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ სისასტიკის ჩადენაში დაადანაშაულა, კრასიკოვს კი კიდევ ერთხელ უწოდა „პატრიოტი“.
ეჭვი სერიოზულობაში
ს ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ეჭვობს, ვლადიმირ პუტინს სერიოზული მოლოდინი ჰქონდეს იმის, რომ გერშკოვიჩი კრასიკოვში გაიცვლება.
მისი თქმით, „როგორც ჩანს, [პუტინი] დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის აგენტებს, ვინც ბრძანებებს ასრულებს, – კარგად აკეთებენ ისინი ამას თუ ცუდად, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ბრძანებებს ასრულებენ“, – თქვა კრამერმა.
„მას საკითხის მიმართ სერიოზული მიდგომა რომ ჰქონდეს, ამას ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს არ გაავრცელებდა. ის, ამის განხორციელებას თავის ოფიციალურ პირებს დიპლომატიური არხების გამოყენებით სთხოვდა. გერმანელებმა ნათლად განაცხადეს, რომ ამ ადამიანის გათავისუფლებას არ აპირებენ“, – დასძინა კრამერმა.
მისივე თქმით, უფრო მეტად სავარაუდოა, პუტინი ცდილობდეს, ბაიდენის ადმინისტრაციას გერმანიასთან დამატებითი „თავის ტკივილი და უთანხმოება“ შეუქმნას.

ასევე დაგაინტერესებთ