ვიაგრა ერექციის დარღვევის სამკურნალო მედიკამენტია, რომელიც აქტიურ ნივთიერება სილდენაფილს შეიცავს. მისი დახმარებით პრეპარატი მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლმომარაგებას აუმჯობესებს, რითაც სქესობრივი აქტის დროს ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ვიაგრა ქალებისთვის გამოსაყენებლად ოფიციალურად არ არის დამტკიცებული. თუმცა, საინტერესოა, როგორ მოქმედებს იგი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე და არსებობს თუ არა ქალებში ვიაგრას ალტერნატიული სამკურნალო საშუალება.
როგორ მოქმედებს ვიაგრა?
ვიდრე გავიგებთ, თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ქალებში ვიაგრას გამოყენებისას, პირველ რიგში, პრეპარატისა და მასში შემავალი აქტიური ნივთიერება სილდენაფილის მექანიზმს გავეცნოთ.
როგორც ცნობილია, სექსუალური აღგზნებისას მამაკაცის სასქესო ორგანოს ერექტილურ ქსოვილში ნერვული სიგნალები აზოტის ოქსიდის (NO) გამოყოფას იწვევს, რაც ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP) გამომუშავებას ასტიმულირებს. ეს არის მოლეკულა, რომელიც სისხლძარღვების კედლებში გლუვკუნთოვან უჯრედებს ადუნებს და სისხლის ნაკადის ერექტილური ქსოვილებისკენ მიმართვას განაპირობებს. სწორედ ამის დახმარებით მიიღწევა ერექცია.
თუმცა, ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის მოქმედებას ხელი შესაძლოა, ფერმენტმა ფოსფოდიესტერაზა 5-მა (PDE5), რომელიც მოლეკულას არღვევს, შედეგად კი სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადი მცირდება. ასეთ დროს არის საჭირო ვიაგრას დახმარება.
ვიაგრაში შემავალი სილდენაფილი ფოსფოდიესტერაზა ტიპი 5-ის ინჰიბიტორია. მისი დაბლოკვით პრეპარატი ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის დონის ზრდას უწყობს ხელს და პენისის ქსოვილის სისხლით მომარაგებას, შესაბამისად, ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
როგორია ვიაგრას ეფექტი ქალებზე?
მიუხედავად იმისა, რომ ვიაგრა ქალებისთვის არ არის განკუთვნილი, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე წამლის ეფექტიანობისა და მოქმედების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩატარებულა. განსაკუთრებით იმის დასადგენად, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ვიაგრას ქალის სექსუალური აღგზნების აშლილობის დროს.
აღსანიშნავია, რომ ფოსფოდიესტერაზა 5 როგორც მამაკაცის, ასევე ქალების სასქესო ორგანოს გლუვ კუნთებშიც გვხვდება. შესაბამისად, სილდენაფილის მსგავსი PDE5-ის ინჰიბიტორები სისხლის მიწოდებას ქალების სასქესო ორგანოს ქსოვილებშიც აუმჯობესებს და კლიტორულ ერექციას იწვევს.
თუმცა სილდენაფილის ზემოქმედება ქალებზე არც ისე კარგად არის დადასტურებული, რადგან აქამდე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა შერეული შედეგები აჩვენა.
ალტერნატივა — “ქალების ვიაგრა”
ქალებში სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ ვიაგრას გამოყენება სულაც არ არის საჭირო, რადგან ამისთვის ალტერნატიული საშუალება არსებობს – Addyi, რომელიც აქტიურ ნივთიერება ფლიბანსერინს შეიცავს. მას ხშირად „ქალების ვიაგრასაც“ უწოდებენ.
პრეპარატი პრემენოპაუზურ პერიოდში ჰიპოაქტიური სექსუალური ლტოლვის აშლილობის (HSDD) მქონე ქალების სამკურნალოდ გამოიყენება. ვიაგრისგან განსხვავებით, რომელიც აქცენტს სისხლის ნაკადის ზრდაზე აკეთებს, Addyi თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერებზეა ფოკუსირებული, რომლებიც სექსუალურ ლტოლვასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ქალებში შემცირებულმა სექსუალურმა სურვილმა შესაძლოა, დისტრესი და ურთიერთობის სირთულეები გამოიწვიოს, რაც პრეპარატის კიდევ ერთ სარგებელს უსვამს ხაზს.
რაც შეეხება მოქმედების მექანიზმს, ფლიბანსერინი ტვინში ნეიროტრანსმიტერების მოდულირებით მუშაობს. კერძოდ, ის დოფამინისა და ნორეპინეფრინის მომატებას იწვევს, რომლებიც სექსუალურ აგზნებასთან ასოცირდება. პარალელურად კი, ფლიბანსერინი სეროტონინის დაქვეითებას განაპირობებს, რომელსაც სექსუალური სურვილის დათრგუნვა შეუძლია.