ვარ ევროპელი, მინდა ევროპაში – ამის მიღწევა მხოლოდ ლოზუნგებით შეუძლებელია. ამას სჭირდება საქმე – გიორგი კალანდია

ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, მ გადაცემაში „იმედი LIVE“, პოლონეთიდან ჩართვისას, 17 აპრილს კრაკოვში დაგეგმილი გამოფენის – „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ შესახებ ისაუბრა.
კალანდიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ქართული კულტურის შესახებ „თემების გადაფარვა ხდება“, როგორიც არის თუნდაც, აღნიშნული გამოფენა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახლად დაფუძნებული „საზოგადოება ქართული“, რომლის საინიციატივო ჯგუფის წევრი თავადაც არის, ხელს შეუწყობს ქართული კულტურის საკითხების წინ წამოწევას.
„დაახლოებით, 10 ქართულ მუზეუმთან ერთად გამოფენაში მონაწილეობს ევროპის ყველაზე დიდი მუზეუმები, ეს არის ლუვრი და ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი. ამ გამოფენის ლაიტმოტივია, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის აკვანი.
აი, როდესაც ასეთი თემების გადაფარვა ხდება და ამის სათანადოდ მიტანა ვერ ხდება საზოგადოებასთან, სწორედ ამიტომ მგონია, რომ შეიქმნა „საზოგადოება ქართული“ და მიზანიც ეს არის. ვარ ევროპელი, მინდა ევროპაში – ამის მიღწევა მხოლოდ ლოზუნგებით შეუძლებელია. ამას სჭირდება საქმე და ამ საქმეს აკეთებენ ის ინტელექტუალები, რომლებიც ხშირად ეკრანს მიღმა არიან დარჩენილი. თუმცა, თავისი დაუზოგავი, დაუღალავი შრომით სამშობლოს საკეთილდღეოდ იღვწიან“, – განაცხადა კალანდიამ.
მისი თქმით, მიუხედავად ანგაჟირებული სიტუაციისა, ადამიანებმა უნდა იპოვონ ადგილი დიალოგისთვის.
„დღეს პრეზენტაციაზე დავინახე ის სახეები, რომლებიც ჩემი მასწავლებლები იყვნენ და რომლებმაც ქართული ისტორიოგრაფია შექმნეს, ან ქართულ ლიტერატურაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ ადამიანების წინა პლანზე გამოყვანა აუცილებელია. მართალი გითხრათ, ცოტა დაგვიანებული მგონია. თითქოს, ეს ადამიანები დავიწყებას მიეცნენ „დაბუსტული“ გმირებისა და ფსევდოავტორიტეტების გამო და მგონია, დავაგვიანეთ. ამიტომ აუცილებელია, მათი ავტორიტეტული სიტყვის წარმოჩენა. მათი ავტორიტეტული სიტყვა ეფუძნება არა ზედაპირულ რეკლამას, არამედ მათ მიერ წლების განმავლობაში გაწეულ დიდ შრომას. ვფიქრობ, ამ ადამიანების სიტყვა დიდ შედეგს გამოიღებს“, – აღნიშნა კალანდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ