ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვია

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში ის „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
სინირლიოღლუმ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის პოსტზე და ის ერთგულად ემსახურება ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ინტერესებს.
„ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის მრავალგანზომილებიანი საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. უწყვეტად ვცდილობთ, ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი ხალხისთვის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში ვმუშაობთ და მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, — განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.
მაკა ბოჭორიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ და ცხინვალის რეგიონი კვლავ ს ოკუპაციის ქვეშაა და კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს საკითხზე მსჯელობა, მისი თქმით, ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
„ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ეუთოს ვიწრო-პოლიტიკური ინტერესებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოყენების მცდელობები.
„საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი“, — თქვა ბოჭორიშვილმა.
· ამ ვიზიტამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდა, არ ჩამოსულიყო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. მისი თქმით, ვიზიტი აღიქმება როგორც „ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა“.
· ფერიდუნ სინირლიოღლუ თბილისს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ ვიზიტის ფარგლებში ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან“.
· ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.